20 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის
ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მედიის ნაწილმა მომხდარი
ეთიკური სტანდარტების დარღვევით, სენსაციურ ჭრილში გააშუქა:
გაასაჯაროვა არასაჭირო დეტალები, მომხდარი დაიყვანა ერთ მიზეზამდე,
ისაუბრა თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზზე, გააჟღერა მძიმე ბრალდებები
მოზარდის თანატოლების მისამართით, დეტალურად აღწერა სუიციდის ადგილი
და მეთოდი.
14 წლის ბიჭის გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივის
შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და
ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ტელევიზიამ მოზარდის
თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ჯერ ე.წ. საშიში ინტერნეტთამაში
“ლურჯი ვეშაპი”, შემდგომ კი თანატოლების მხრიდან ბულინგი
დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოფიციალურად უარყოფს საქართველოში მსგავსი ტიპის თამაშების არსებობას,
წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სუიციდის
მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ საშიში ინტერნეტთამაში გახდა. “მთავარის”
დღის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჩანდა, რომ ჟურნალისტი
აღნიშნული ვერსიის გასამყარებლად ინფორმაციის მოპოვებას პირდაპირ
საგამოძიებო ოთახში ცდილობდა, იქ, სადაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის
დაკითხვა მიმდინარეობდა. სამართალდამცავების მხრიდან მრავალჯერ
გაფრთხილებისა და თხოვნის მიუხედავად, დაეტოვებინა ოთახი და ხელი არ
შეეშალა საგამოძიებო მოქმედებებისვის, ჟურნალისტი მაინც ჯიუტად
ცდილობდა რაიმე ეთქმევინებინა დაკითხვაზე მყოფი არასრულწლოვნისვის,
მისი მშობლისთვის ანდა სამართალდამცველებისთვის.
მოგვიანებით ტელევიზია ახალ ვერსიაზე ალაპარაკდა. “ჩაგვრის მსხვერპლი
ბავშვი” - ამ სათაურით გავიდა იმავე დღეს სიუჟეტი არხის დღის მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში. წამყვანმა მაყურებელს აუწყა, რომ 14 წლის
ბიჭის “თვითმკვლელობის რეალური მიზეზი ექსკლუზიურად “მთავარმა”
გაარკვია. სიუჟეტში ტელეკომპანიამ გაასაჯაროვა გარდაცვლილი მოზარდისა
და მისი მეგობრების უკანასკნელი მიმოწერა, სუიციდის მიზეზად კი
თანატოლების მხრიდან ბულინგი დაასახელა.
მოზარდების დახურული ჩატის მიმოწერის სქრინებში გამოკვეთილი იყო
ფრაზები, სადაც ჩანდა, თითქოს თანატოლები ბიჭს თვითმკვლელობისკენ
უბიძგებდნენ. შედეგად, მედიამ გარდაცვლილის თანატოლები, ფაქტობრივად,
მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა,
რომ ამ დრომდე გამოძიების შედეგები არ არის ცნობილი და არცერთი უწყება
ოფიციალურ ვერსიაზე არ საუბრობს.
განსაკუთრებით სახიფათოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიმოწერის
გასაჯაროებით, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება ხდება შესაძლებელი.
სქრინები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, თანატოლების
მიმოწერიდან ამოგლეჯილი ფრაზები სათაურში გაიტანეს ონლაინ მედიებმა.
გავრცელებულ მასალებს, დადანაშაულებული მოზარდების მისამართით,
სიძულვილის ენის შემცველი და სახიფათო შინაარსის კომენტარები
მოჰყვა.
სუიციდის პრობლემურ გაშუქებაზე და საჭირო რეკომენდაციებზე
“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული. ფსიქოლოგი მაია
ცირამუა, "მედიაჩეკერთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ
საქართველოში, სადაც რეალურად მოზარდებს არაფერს სთავაზობენ იმისთვის,
რომ მან ბედნიერად იცხოვროს, მედიის მიერ სუიციდის პრობლემური
გაშუქება ძლიან ზრდის რისკებს:
"თინეიჯერები პირდაპირ ახდენენ კოპირებას თავიანთ ცხოვრებაში
იმ სულისკვეთების, იმ მეთოდის, იმ მიზნის, რაც იკვეთება სუიციდის
არსებულ სიტუაციებში. ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ პრევენციაზე,
ჩვენ ვავრცელებთ და ვატრიალებთ სარისკო და სახიფათო ინფორმაციას", -
ამბობს იგი
იხილეთ მასალები სუიციდის პრობლემურ გაშუქებაზე
და ასევე, რეკომენდაციები ამ ბმულზე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას კი შემუშავებული აქვს სუიციდის გაშუქების
სახელმძღვანელო წესები, რომელშიც
დეტალურად არის გაწერილი, თუ რა წესების გათვალისწინებით და როგორ
უნდა გააშუქონ მედიასაშუალებებმა სუიციდის ცალკეული შემთხვევები. ამ
წესების მიხედვით, დაუშვებელია მედიამ მომხდარი ერთ მიზეზამდე
დაიყვანოს
ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, სუიციდის ფაქტის გაშუქებამდე, სასურველია მედია დაფიქრდეს, რატომ აშუქებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა არის მისი მიზანი.