27.01.2020
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქვიშხეთთან 26 იანვარს მოხდა. ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრიდან 4 ემსხვერპლა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანი იყო.
ამ შემთხვეის შესახებ ვიდეომასალა ფეისბუკის გვერდზე “რუსთავი 2-მა” შემთხვევიდან მალევე გამოაქვეყნა.ვიდეოში ჩანს როგორ ამოჰყავთ გამვლელებს გარდაცვლილი ბავშვები მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან, როგორ უტარებენ ხელოვნურ სუნთქვას და უშედეგოდ ცდილობენ მათ გადარჩენას. კადრებში გარკვევით ჩანს გარდაცვლილი ბავშვების სახეები და ისმის შეშფოთებული თვითმხილველების ხმები. ეს შეძახილები ვიდეოს სუბტიტრებადაც ადევს.
“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა,” - ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოშიც ხაზგასმულია, რომ მსგავსი შემთხვევების გაშქებისას მედიამ ვიზუალური მასალა ფრთხილად უნდა შეარჩიოს.
მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.
რატომ იყო აუცილებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მძიმე კადრების ჩვენება, გაუგებარია. თავად ფაქტი - 4 ადამიანის გარდაცვალება ავტოსაგზაო შემთხვევისას, ისედაც ძალიან მძიმეა. ამ სიმძაფრის აღსაქმელად ჩვენება - როგორ ამოჰყავთ წყლიდან გარდაცვლილი ბავშვები და როგორ ცდილობენ მათ გადარჩენას, საჭირო აღარ იყო, მითუმეტეს, რომ ეს კადრები არანაირ დამატებით ინფორმაციულ ღირებულებას არ ატარებს და მხოლოდ ემოციური სიმძაფრის დატვირთვა აქვს.
ქარტიის გაიდლაინი ამგვარი კადრების გავრცელებისას გარდაცვლილების ახლობლების ტრამვირების საფრთხეებზეც საუბრობს.
“ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.