05.02.2020
თურქული მედიის შეცდომის შესახებ მსხვერპლის შვილმა თაკო სვანიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და ამბავს შესაბამისი ფოტომტკიცბულებებიც დაურთო. როგორც იგი წერს, შეცდომა იმან გამოიწცვია, რომ მისი დედისა და გარდაცვლილი ქალის გვარები მსგავსია, მათ შორის განსხვავებული მხოლოდ ერთი სიმბოლოა.
„ვცდილობ მაქსიმალურად თუმცა ვერაფრით ავაღებინე ფოტოები თურქულ მედიას. სიენენმაც კი უპასუხისმგებლოდ გადააკოპირა ფოტო. ყველანაირ რჩევას მივიღებ ჩემი იურისტი მეგობრებისგან, როგორ შეიძლება ამ კომპანიებს ვუჩივლო“ - დაწერა მან. .
ამბის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად „მედიაჩეკერი“ თაკო სვანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ამბავი იდენტური შინაარსითა და ფოტოთი ახალი ამბების ქართულმა სააგენტომ ambebi.ge-მაც გააშუქა. თემა იგივე ფოტოებით „მთავარი არხის“ ინტერესშიც მოხვდა, ფოტოს სახის გარკვეულ ნაწილზე, თვალებთან, დიდი შავი ფერის ზოლი ჰქონდა, თუმცა ახლობლებისთვის ფოტოზე გამოსახული ადამიანის იდენტიფიცირება მაინც შესაძლებელი იყო.
თაკო სვანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბარში იხსენებს როგორი მძიმე აღმოჩნდა ამბავი ოჯახისა და ახლობლებისთვის. „შოკში ჩავვარდით“, - ამბობს იგი.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მან ambebi.ge-ს რედაქციას მისწერა და შეცდომაზე მიუთითა, სააგენტომ მასალა წაშალა. მისივე თქმით, იგი რამდენიმე თურქულ სააგენტოსთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, არცერთი მათგანისგან პასუხი არ მიუღია.
რაც შეეხება CNN-ის თურქულ წარმომადგენლობას, თაკო სვანიძის თქმით, საიტი მას მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც საქმეში მისი ნაცნობი ჩაერთო, რომელიც ასევე CNN-ის თანამშრომელია და რედაქციამდე ხმა სწორედ მან მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რედაქციისგან ამბის ჩასწორებას ითხოვდა, CNN-მა მასალა საიტიდან ისე წაშალა, რომ მომხდარი გაუგებრობისა და შეცდომის შესახებ მკითხველისთვის არაფერი განუმარტავს.
თაკო სვანიძე ამბობს, რომ ამბავი იმდენად ბევრი გამოცემის ვებგვერდზე მოხვდა, რომ ყველასთან ცალ-ცალკე დაკონტაქტება შეუძლებელია. მისივე თქმით, შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების შემდეგ, აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს და მისთვის და მისი ოჯახისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
„ცოცხალ ადამიანს შეუქმნეს პრობლემები. ამბის შესახებ შეითხზა უამრავი ისტორია, რომლებიც უკვე დედაჩემთან ასოცირდება. დედაჩემი და ჩვენი ოჯახი ვართ დაზარალებული, იმიტომ, რომ ყველამ შოკი გადავიტანეთ. თავიდან ამ ამბის ყურადღების მიღმა დატოვებას ვაპირებდი, თუმცა თავად ვარ ჟურნალისტი და თუ ამას მე არ გავაკეთებ, მაშინ სხვამ რა უნდა მოიმოქმედოს?“, - უთხრა თაკო სვანიძემ „მედიაჩეკერს“ და იქვე დასძინა, რომ მას სამართლებრივი დავის წამოწყებით პრეცედენტის შექმნა სურს, რაც საბოლოო ჯამში მედიას მეტი პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს.