სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების გაშუქება და არმენოფობიური განწყობები
29.05.2020
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადება, რომელიც პარალელებს ავლებდა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სომხეთისა და საქართველოს მიდგომებს შორის, ფართოდ გაშუქდა ორივე ქვეყნის მედიასაშულებების მიერ. ამ გაშუქებას მოჰყვა მძლავრი არმენოფობიური ტალღა აუდიტორიის მხრიდან.

სომხეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს ეპიდემიასთან ბრძოლის განსხვავებული სისტემა აქვთ. მისივე შეფასებით, სომხეთის სისტემა უკეთესია და ამის საილუსტრაციო რამდენიმე საკითხი წამოსწია:

  • იყენებს თუ არა საქართველო, სომხეთის მსგავსად, ყველა საეჭვო შემთხვევის შესამოწმებლად PCR ტესტს, თუ გამოიყენება სწრაფი ტესტები, რომლებიც ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა?
  • უკეთდება თუ არა ტესტი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მწვავე რესპირატორული ინფექციური ვირუსის მსუბუქი სიმპტომები?
  • შეჰყავთ თუ არა საერთო სტატისტიკურ მონაცემებში ის პაციენტები, რომლებიც პნევმონიის შედეგად გარდაიცვალნენ და ამავდროულად აღმოაჩნდათ COVID-19?
  • შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოში დღეში მართლაც 1-2 შემთხვევა ვლინდება კორონავირუსის, თუ სინამდვილეში ყველა შემთხვევა არ ვლინდება და, შესაბამისად, არ შედის სტატისტიკაში, რადგან არსენ ტოროსიანის თქმით, მძღოლებს, რომლებიც საქართველოდან შედიან სომხეთში უმრავლეს შემთხვევაში უფიქსირდებათ კორონავირუსი.

ქართული მედია შემოიფარგლა სომხური მედიის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის თარგმნით. სათაურებში აქცენტირებული იყო ის, რომ არსენ ტოროსიანის თქმით, სომხეთის ანტიეპიდოემიოლოგიური სისტემა უკეთესია, ვიდრე - საქართველოსი.

იმ კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოში არმენოფობიური განწყობების ერთ-ერთი მთავარი მკვებავი სწორედ ეს შეჯიბრებითობაა, მედიამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო არმენოფობიური განწყობების წინ წამოწევას.

იმის ნაცვლად, რომ მედიას უფრო სიღრმისეულად გაეშუქებინა თითოეული ის საკითხი, რაც საეჭვოდ გახადა მეზობელი ქვეყნის მინისტრმა და ამით ეჩვენებინა, თუ რამდენად საფუძვლიანი ან უსაფუძვლო იყო კონკრეტული ჩინოვნიკის განცხადებები, გაშუქება შემდეგშიც ზედაპირულად გაგრძელდა და შემოიფარგლა “გაბრაზებული კოლეგების” კომენტარების ტირაჟირებით, რომლებითაც არსენ ტოროსიანისგან ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას და გადადგომასაც კი.

მედიაორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ასობით კომენტარი აქვს დართული მომხმარებლებისგან, რომელთა უდიდესი ნაწილი არმენოფობიურია.

ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკ გვერდზე გაზიარებულ მასალას - “სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება - შეფასებები” - 500-ზე მეტი კომენტარი ახლავს, აქედან უმრავლესობა არმენოფობიურია:

  • “ეს ვირუსიც სომხურია, ალბათ, მაგათ რომ კითხო და უკვირთ, თუ როგორ განიკურნა ჩვენთან ხალხი, ყველაფერს ხომ ეგენი იჩემებენ, ქართული ღვინის და შოთა რუსთაველის არ იყოს”;
  • “ესენი მოძმე ერი კი არა, მუდამ ქართველების დაუძინებელი მტრები იყვნენ ყოველთვის შურდათ ქართველების და ქართველების ცუდი უხარიათ...”

იგივე პათოსით გაჟღენთილი არმენოფობიური კომენტარებია თავმოყრილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ფეისბუკის გვერდზე, სადაც გაზიარებულია ნიუსი, სათაურით: “სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი”. ნიუსს 400-ზე მეტი კომენტარი ახლავს და ამ შემთხვევაში მომხმარებლები კიდევ უფრო შორს მიდიან და არა მხოლოდ არმენოფობიურ, არამედ ზოგადად, ქსენოფობიურ კომენტარებს აკეთებენ.

“ეგრე კი ამბობდნენ, სომეხია, "კარენა" ჰქვიაო, მაგრამ ჩვენთან მამედამ კი შემოიტანა”, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი არხის ფეისბუკ გვერდზე.

არმენოფობიური კომენტარების სიუხვეა იმ მედიასაშუალებების გვერდებზეც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ნებისმიერი ფორმის დისკრმინაციის საფრთხის გააზრებას და შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკაც აქვთ შემუშავებული.

მაგალითად, რადიო “თავისუფლების” ფეისბუკის გვერდზე, სადაც გაზიარებულია ნიუსი იმაზე, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს აეჭვებს საქართველოში Covid 19-ის სტატისტიკის სიზუსტე, 500-მდე კომენტარია თავმოყრილი, მათ შორის ბევრია არმენოფობიური.

ნინო ჯაფიაშვილი, რადიო “თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველი რედაქტორი გვიხსნის, რომ მათი რედაქციისთვის უწყვეტი პროცესია კომენტარების პოსტმოდერირების პროცესი.

“რთული, კომპლექსური და მოცულობითი”, - ასე აფასებს ნინო ჯაფიაშვილი მომხმარებლების კომენტარებზე მუშაობის პროცესს, რომელშიც რადიო “თავისუფლების” ყველა თანამშრომელია ჩართული. მისივე თქმით, სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ კომენტარების რაოდენობა ბევრია, ამავე დროს მნიშვნელოვანია კრიტიკული და სტანდარტებთან შეუსაბამო კომენტარების გამიჯვნა.

Publika.ge-ს რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ კომენტარების ნაწილში პოსტმოდერირებას მიმართავენ იმ შემთხვევებში, როდესაც კომენტარი შეიცავს სიძულვილის ენას. ამის მიუხედავად, არაერთი არმენოფობიური კომენტარია თავმოყრილი “პუბლიკის” ფეისბუკის გვერდზე, სადაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების თაობაზე ნიუსია გაზიარებული.

“სიძულვილის შემცველ კომენტარებს ვშლით, ანუ ყოველდღე ვცდილობთ, რომ კომენტარებს გადავხედოთ და ასეთი შინაარსის კომენტარები წავშალოთ. ამის მართვა დელეგირებულია სხვადასხვა დღეს სხვადასხვა თანამშრომელზე და როგორც ჩანს, გამორჩა”, - გვითხრა ლიკა ზაკაშვილმა.

სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, სომხეთთან დაკავშირებულ ამბებს ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს Netgazeti.ge. აღნიშნული განყოფილების რედაქტორი, ნინო კახიშვილი გვეუბნება, რომ არმენოფობიური განწყობები აუდიტორიაში ისეთი მძაფრი აღარ არის, როგორც იყო 5 წლის წინ, თუმცა მაინც არსებობს ამ კუთხით დიდი გამოწვევები.

“გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბევრი ფიქრი გვიწევს თუნდაც, მასალის სათაურზე, რომელიც არ გამოიწვევს დამატებით მძაფრ რეაქციებს კომენტარებში. დილემური იყო რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ქართულ ჯანდაცვაზე კომენტარის გამოქვეყნების საკითხიც, რადგან არსებობდა მხოლოდ ერთი გადაუმოწმებელი წყარო და ზუსტად ვიცოდით ისიც, რომ ის დამატებით შუღლს გააღვივებდა. ჩვენი მიზანი კი, არ არის ეს და შესაბამისად, მეტ ძალისხმევას ვხარჯავთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ამბები მივაწოდოთ მკითხველს და ამავე დროს, შუღლი არ გავაღვივოთ”, - გვითხა ნინო კახიშვილმა.

საბოლოოდ, “ნეტგაზეთის” სარედაქციო გადაწყვეტილება იყო, რომ არ გამოექვეყნებინათ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე ნიუსი ცალკე და ის ქართული მხარის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან ერთად განათავსეს ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ გვერდზე არმენოფობიური კომენტარები არ გვხვდება, თუმცა, ზოგადად გამოცემის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, არმენოფობიური და ზოგადად, კომენტარები, რომლებიც შუღლს აღვივებს, იშლება.

“თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გამოგვრჩენია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაწერეს, ან ჩვენ ვნახეთ გვიან”, - გვითხრა ნინო კახიშვილმა.

ზოგადად, ფეისბუკში და სხვა სოციალურ ქსელებში მედიაორგანიზაციების გვერდებზე გაკეთებული კომენტარების მოდერირება რთული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა მედიაორგანიზაციებისთვის.

“სოციალურ ქსელში მედიასაშუალების ოფიციალურ გვერდით გავრცელებული ინფორმაცია აღიქმება როგორც მედიასაშუალების პროდუქტი და მასზე ვრცელდება ყველა ჟურნალისტური სტანდარტი, რაც ჩვეულებრივ, მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ პროდუქტზე ვრცელდება. ამგვარი პრაქტიკა აქვს საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას და ევროპის ბევრი ქვეყნის პრესის საბჭოებსაც”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ “სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესებში”. თუმცა ეს გაიდლაინი ცალკე რეკომენდაციებს არ იძლევა კომენტარების ნაწილზე, რომელიც თან ახლავს მედიაორგანიზაციების გვერდებზე განთავსებულ მასალებს სოციალურ ქსელებში. თუმცა ევროპის ქვეყნებში ბევრ პრესის საბჭოს აქვს კონკრეტული გაიდლაინები ამ საკითხთან მიმართებაში, რომელთა არსი მდგომარეობს იმაში, რომ მედია პასუხისმგებელია მის მიერ გავრცელებულ კონტენტზე, მათ შორის, კომენტარებზე, რომლებსაც მედიაორგანიზაციების გვერდებზე მომხმარებლები ტოვებენ.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ