უსაფრთხოების რა წესები უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა კორონავირუსის შემთხვევების გაშუქებისას - NDCD-ის რეკომენდაციები
05.03.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის თემას აშუქებენ, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.  რეკომენდაციები ეხება ინტერვიუს აღების პროცესსა და მუშაობას შესაძლო ინფირცირებულ ადამიანთან. ამ რეკომენდაციებს შორის არის  ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით, მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე, უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ა.შ. 

გთავაზობთ რეკომენდაციებს სრულად:

ა) შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.

ბ) შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.

გ) ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

დ) უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება - არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა.

ე) სამუშაო პროცისის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღაბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში.

ვ) სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვისური სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით - რამდენიმე საათს).

ზ) ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები:

  • ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დაიმუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.
  • დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 მარტს, საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა კორონავირუსის მესამე შემთხვევა.  

აქვე, გაეცანით რეკომენდაციებს მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტებისთვის, რომელიც მომზადებულია  SAFE ინიციატივა, IREX-ის მიერ


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ