ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარში
გამოაქვეყნა, სადაც გამოხატულია მისი შეშფოთება და
რეკომენდაციები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო
საზოგადოების დაცვისა და ლგბტი ადამიანების უფლებებთან
დაკავშირებით.
ქვეთავში - „საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევა“ აღნიშნულია, რომ პროევროპულ აქციებზე მომიტინგეები და ჟურნალისტები უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობას შეხვდნენ სამართალდამცავებისა და უცნობი ნიღბიანი პირების მხრიდან, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოქმედებდნენ.
როგორც კომისარი წერს, მან მიიღო ინფორმაცია ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის 91 შემთხვევის შესახებ, საიდანაც ათზე მეტ ჟურნალისტს პოლიციელებმა ან დაუდგენელმა, ნიღბიანი ადამიანების ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო სხვები გახდნენ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, თვითნებურად დაკავებისა და აღჭურვილობის დაზიანების სამიზნეები. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის თანახმად კი, საქართველომ 2024 წელს განიცადა ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და შეზღუდვების შესახებ განგაშის ყველაზე მკვეთრი ზრდა - სამჯერ მეტი წინა წელთან შედარებით - ძირითადად საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 28 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპროტესტო აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და „საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა მათ დასაშლელად და, შესაბამისად, ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის შესახებ“.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზეც, რომელსაც მედიის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს და მის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას გაუმართლებლად მიიჩნევს. კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ამაღლობელისადმი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნისა და „ქართული ოცნების“ მიერ მედიის შემზღუდავი კანონპროექტების ინიციირების გამოც.
მაიკლ ო’ფლაჰერტი რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება - პატივი სცეს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების, მათ შორის ჟურნალისტების უფლება, თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ საპროტესტო აქციები და სხვა საზოგადოებრივი შეკრებები.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით და უზრუნველყონ მისი ყველა უფლება სამართალწარმოებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
- დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა პირი, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო არიან დაკავებულები.
ანგარიში ეფუძნება საქართველოში კომისრის ვიზიტს, რომელიც 2025 წლის 21-23 იანვარს გაიმართა, რაც გამოწვეული იყო 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით, მათ შორის, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომისარი საქართველოში შეხვდა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ისე სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მაიკლ ო’ფლაჰერტი საპატიმროში შეხვდა მზია ამაღლობელსაც.