„ქართული ოცნება“ მედიის სისტემურ შეზღუდვას აგრძელებს - „მედიის ადვოკატირების კოალიცია“
28.03.2025


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტისთვის, ნატა ქაჯაიასთვის პარლამენტის აკრედიტაციის 6 თვით შეჩერებასა და ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები არ შეუშვების ფაქტებს ეხმაურება. კოალიცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის უფლებების დარღვევა და დამოუკიდებელი მედიის სისტემური შეზღუდვა გრძელდება. 

„ნატა ქაჯაიას პარლამენტში შესვლის აკრძალვას, „ქართული ოცნების” განმარტებით, საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა გააგრძელა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა ინტერვიუს ჩაწერაზე. ნატა  ქაჯაიას და მის კოლეგებს წარსულში უკანონოდ არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობის უფლება. მოქმედი რეგულაციებით, პარლამენტი საკუთარ თავს აძლევს უფლებას,  დაუსაბუთებლად დააწესოს შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის და ხელი შეუშალოს კრიტიკულ გაშუქებას.

“ქართული ოცნების” სამიზნეა რეგიონული მედიაც. ჟურნალისტებისთვის დაიხურა ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით იყო შექმნილი. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს – „სამხრეთის კარიბჭეს“ და „ტოკ ტვ“-ს – უკანონოდ არ მისცეს სხდომაზე დასწრების ნებართვა“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, მსგავსი ჩარევა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს, არამედ „ქართული ოცნების“ მედიის თავისუფლების შეზღუდვის სტრატეგიის ნაწილია

„რეჟიმი სისტემურად ძალადობას დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებს უკანონოდ ეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ადგილი აქვს პერმანენტული თავდასხმის, დაშინების, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის ფაქტებს. დღემდე არ დამდგარა პასუხისმგებლობა არც ერთი იმ პირისთვის, ვინც აღნიშნული სისტემური დანაშაულის ბრძანება გასცა თუ აღასრულა“.

როგორც კოალიცია აღნიშნავს, მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკა ავტორიტარული რეჟიმების მახასიათებელია, რაც თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და საზოგადოების ინფორმირებას, სრულ სოლიდარობას უცხადებს.

ჟურნალისტების ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეშვების შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ