ფოტო : „ბათუმელები"
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 31 მარტს „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის
სამართლის
საქმის არსებითი განხილვა განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მოწმეები უნდა წარმოადგინოს. ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ნინო სახელაშვილი ესტონეთმა 3 მარტს, სწორედ ამაღლობელის საქმის გამო, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევისთვის დაასანქცირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „ბათუმელების" ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე 18 მარტს სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიცია მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ აღნიშნა, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.