„შავპერანგიანთა“ ასისთავები და სპასპეტები „ბრიფინგის დროში“
23.01.2017
17 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადაცემაში „ბრიფინგის დრო“, - არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიმართვა მოისმინა აუდიტორიამ. ორგანიზაციას ჯამში 14 წუთი დაეთმო, მიმართვაში ისმოდა ანტიდასავლური განცხადებები. გადაცემა გამოქვეყნდა მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ორგანიზაციის წევრები საუბრობენ, ქვეყანაში ეთნიკური ქართველების „გადაშენების“ პრობლემაზე, ასევე აღნიშნავენ რომ ქართველების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია გადახვეწილი, „ერი კვდება, ოფიციალურად 30 ათასამდე აბორტი კეთდება ამ ქვეყანაში. ყველაფერი ამ პრობლემის საწყისი და საფუძველი არის ლიბერალური იდეოლოგია და ლიბერალები“ - აღნიშნავს გამომსვლელი. ირკვევა, რომ ორგანიზაციის მიზანი სწორედ ლიბერალიზმთან და ასევე, კომუნიზმთან ბრძოლაა.

ისმოდა ქსენოფობიური განცხადებებიც, მაგალითად, ორგანიზაციის აზრით, ქვეყანაში პრიორიტეტული „მენტალურად ქართული მსოფლმხედველობა“ უნდა იყოს.

აუდიტორიამ მოისმინა მოძრაობა „შავპერანგიანების“ ასისთავების, ინფორმაციათა გავრცელების შენაერთის სპასპეტის პოზიციებიც - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამებრძოლები სწორედ ამ ფორმით წარადგინა.

ორგანიზაციის წევრებმა მათი საგარეო ხედვაც წარმოადგინეს - საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებში.

14 წუთის განმავლობაში მაყურებელი ანტიდასავლურ, პრორუსულ მესიჯებს შეუფერხებლად ისმენდა.

მაუწყებლის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ გადაცემა "ბრიფინგის დროში” პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ბრიფინგები დაუმონტაჟებლად თავსდება.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ