08.05.2017
სტატიების მიხედვით, უცხოელები გვართმევენ და ბილწავენ საქართველოს, გვავიწროვებენ, რაც სამომავლოდ გამოიწვევს დემოგრაფიულ პრობლემას, კერძოდ - ქართული სისხლის ნაკლებობას ჩვენს ძარღვებში.
ქსენოფობიური ტალღა „ასავალ- დასავალში“ მოჰყვა კანონპროექტს დიდგორობის დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით და თურქეთის საელჩოს თხოვნას, რომ კანონპროექტი ამ სახით არ მიეღოთ.
„ასავალ-დასავალის“ სტატიებში ვკითხულობთ შემდეგ ქსენოფობიურ ტექსტებს:
● „ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, ფაქტობრივად, არაბულ-თურქულ-აფრიკული რეზერვაციებია შექმნილი, სადაც ქართველები უმცირესობას წარმოადგენენ“.
● „დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რამოდენიმე რაიონში ჩინელების, ინდუსების, არაბების მასობრივი ჩასახლება იგეგმება! შედეგად, ზოგიერთ რაიონში დემოგრაფიული სურათი კატასტროფულად შეიცვლება და ქართველები, შესაძლოა ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ“.
● „საკუთარი მიწა წყლიდან გაედინება ცოცხალი ერი და შემოედინება სხვა რასა, სხვა ენერგეტიკა, სხვა მენტალობა, სხვა კულტურა, ანუ ანტიკულტურა“.
● „მიდით და ნახეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დუბაის თუ ყატარის რეისებს როგორ ჩამოჰყავთ არაბების ათცოლიანი ოჯახები, ერთი ბატალიონი ბავშვებით“.
● „არაბი რომ ჩამოვა აქ და ათ ცოლს ჩამოიყვანს, იმათ ყოველწიურად ათ-ათი შვილი რომ გააჩენინოს, რა დღეში აღმოვჩნდებით?“
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით” - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპში.