20.07.2017
მაგალითად, გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ქსენოფობიური მსვლელობა შეფასებულია „პატრიოტთა სულის გამოღვიძებად“ და „ეროვნული ღირსების დაცვად“. „ქართველმა ხალხმა ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და, როგორც მართლმადიდებლებს გვეკადრება, ეს ნაცლიბერალისტული გვამი სამუდამო განსასვენებელში ჩავაბრძანოთ“.
ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით გაზეთ „ალიაშიც“. სიტუაციის უფრო მწვავედ წარმოსაჩენად , ტექსტში ვკითხულობთ, რომ ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 10 % იქნება ქართველი, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სრულიად განსხვავებული სურათია გაზეთ „კვირის პალიტრასა“ და „ქრონიკა პლუსში“. აქ საერთოდ ვერ შევხვდებით ამბავს ჩატარებულ მარშზე, მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით ძალიან ზედაპირულად და მშრალად ეხება ჟურნალისტი მომხდარ ამბავს.
რაც შეეხება „რეზონანსს“, მართალია, არ იგრძნობოდა გამოცემის პოზიტიური დამოკიდებულება ქსენოფობიური მარშის მიმართ, მაგრამ გაზეთი იქცა სიძულვილის ენის ტრიბუნად. ძირითადად, გაჟღერებული იყო მარშისტების მოთხოვნები და კომენტარის სახით, გამოქვეყნებული იყო სანდრო ბრეგაძის დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი ფრაზები, რაზეც არ ყოფილა საპირისპირო, ალტერნატიული აზრი დაფიქსირებული არც გამოცემის და არც სხვა რესპონდენტების მხრიდან.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად, მედიამ არა მხოლოდ თავად არ უნდა გამოიყენოს სიძულვილის ენა, არამედ უნდა გაემიჯნოს რესპონდენტების მხრიდან გაჟღერებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.