ონლაინმედია გეი ქორწინებას ჰომოფობიური სიახლეებით გამოეხმაურა
01.12.2017
მედიასაშუალებების ნაწილი LGBT საქართველოსყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დავით მიხეილ შუბლაძის დაქორწინებას ჰომოფობიური მასალებით გამოეხმაურა. სტატიების ნაწილში თავად გამოცემები იყენებდნენ სიძულვილის ენას, ნაწილში კი ფეისბუკ მომხმარებლების ჰომოფობიური სტატუსები გამოქვეყნდა.

მედიის ნაწილი უფრო შორსაც წავიდა და იმასაც არკვევდა, არის თუ არა შუბლაძე ნამდვილად ქართული წარმომავლობის. მაგალითად, sazogadoeba.ge-მ და info9 -მ ამგვარი ინფორმაცია „ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი გაბედავას ფეისბუკ სტატუსზე დაყრდნობით გაავრცელა. გაბედავა სტატუსში ქართველებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან შუბლაძე არა ქართველი, არამედ სომეხია. სიახლე, ჰომოფობიურთან ერთად, ქსენოფობიურიც არის.

“ევროატლანტიკური ფასეულობები ანუ თეთრი ჩოხა - როგორც „პატარძლის უბიწოების“ სიმბოლო: ქართველი დავით შუბლაძე იტალიელ მეთიუ გენდოლფოზე გათხოვდა!” – „საქინფორმმა“ ჰომოფობიური სიახლე ამ სათაურით გამოაქვეყნა. „საზოგადოება „ლგბტ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით შუბლაძე( პასიური პედერასტი, ქალწულობაში - მიხეილ რაფაელოვი, ფოტოზე - თეთრ ჩოხაში) თავის სექსპარტნიორზე - იტალიელ მეთიუ გენდოლფოზე (აქტიური პედერასტი, ფოტოზე - შავ ჩოხაში) გათხოვდა. ბედნიერმა წყვილმა ქორწინება ნიუ-იორკში დაარეგისტრირა“ - წერს გამოცემა.

მარშალპრესის ინტერესის ობიექტი გახდა მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის ჰომოფობიური ფეისბუკ სტატუსი, რომლითაც ის გეი ქორწინებას გამოეხმაურა. გამოცემამ სტატუსი უცვლელად გამოაქვეყნა. ნიჟარაძის აზრით, არც ერთი კაცის ცხოვრებას არ ექნებოდა აზრი, საპირისპირო სქესის გარეშე: „ამას დაუწერელი კანონი გეუბნებათ, ჩვენ კი არა. ორი კაცის თანაცხოვრება სწორი რომ ყოფილიყო, მაშინ გამრავლების ფუნქციაც ექნებოდა ღმერთის მიერ მინიჭებული“.

exclusivenews.ge -მ ჟურნალისტ ნინო ჯღარკავა ჰომოფობიური ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა: “ფუ თქვენი, ჩოხები მაინც გაიხადეთ. ერთი ბიძია ტრამპი ამოგცხებდეთ პანღურს მადლია! ორგანიზაცია LGBT საქართველოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით შუბლაძე (ქალიშვილობის გვარი რაფაელოვი) ნიუ იორკში დაქორწინდა. ბადრია შუბლაძე თამადაა ქორწილში?”

„ფოსტალიონმა“ კი იმ მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც წერდა, რომ დავით მიხეილ შუბლაძე მისი კლასელი იყო: „რამხელა შეურაცხოფაა ჩვენი კულტურის და ყოფის. ჩვენ ვიჯდეთ ასე და მხოლოდ საკუთარი კუჭის მონობაზე ვიფუქროთ და სხვამ არაფერმა დაგვანტერესოს და შეგვაშფოთოს. მალე სვეტიცხოველში რომ შემოვლენ ჩოხით და მოგთხოვენ ჯვრისწერას მერე გვიანი იქნება!! ცოტა აზრზე მოვიდეთ და საკუთარი ერთი ადგილის მოვლას ნუ გადავყვებით!!!“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში ვკითხულობთ: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ