28.06.2018
მთელი სიუჟეტის განმავლობაში ისმის ურთიერთბრალდებები როგორც ქმრის, ისე ცოლის წარმომადგენლების მხრიდან. ჟურნალისტის მიერ საქმის დეტალების გამოკვლევის მცდელობა კი არ ჩანს. შესაბამისად, გაუგებარი რჩება, რატომ არსებობდა ამ კონკრეტული დანაშაულის მიმართ საჯარო ინტერესი. სიუჟეტი უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას.
ჟურნალისტის თქმით, მსჯავრდებულს სასჯელი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუმსუბუქდაა, რადგან გაირკვა, რომ ქალი აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ფაქტს ეჭვის ქვეშ აყენებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. ისინი ირწმუნებიან, რომ ქალს ქმრის მოკვლა განზრახული ჰქონდა და საძინებელში ნაჯახი ამიტომ შეიტანა. ჟურნალისტს არ მოუპოვებია არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც ექსპერტიზის დასკვნა, რასაც დაეყრდნო მოსამართლე. გაუგებარი რჩება ისიც, თუ როგორ შეუმსუბუქდა სასჯელი, რადგან სიუჟეტიდან ჩანს, რომ სხვა სასჯელი არც მიუსჯიათ მისთვის.
“გოგო ყოველთვის აღიარებდა, რომ მან მოკლა ქმარი. ერთწლიანი სასჯელის შემდეგ მამამისმა ფული გადაიხადა, 170 000 დოლარი და ამის სანაცვლოდ გაათავისუფლა თავისი შვილი”, - ამბობს მასალაში მოკლული რუსლან ქერიმოვის დედა. ამ ნაწილში სახელდება მარნეულის საკრებულოს ყოფილი თავმჯომარე ისპან ქერიმოვი. მიუხედავად ამ მძიმე და მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მქონე ბრალდებისა, სიუჟეტში მთავარი ყურადღება ამ საკითხზე არ გამახვილებულა. მასალაში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, გადაემოწმებინა, ნამდვილად მოხდა მსგავსი რამ თუ არა. ის მხოლოდ ისპან ქერიმოვისგან კომენტარით შემოიფარგლა, რომელმაც ცხადია უარყო რაიმე მონაწილეობა ამ საქმეში. აუდიტორიისთვის გაუგებარი დარჩა ვინ არის მართალი და რეალურად იყო თუ არა სახეზე კორუფციის ფაქტი.
სიუჟეტში მსჯავრდებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ თავად ქმარი სისტემატიურად ძალადობდა და დამორჩილებლობის შემთხვევაში აპირებდა მის მოკვლას, სწორედ ამ დროს დადგა აფექტის მდგომარეობა და თავად ქალმა გამოიყენა ქმრის მიერ საძინებელში მიტანილი ნაჯახი, თუმცა, ამ ეს ვერსიას არ ავრცობს ჟურნალისტი და მთელი სიუჟეტის განმავლობაში ძირითადად მოკლულის ახლობლების ნარატივი მეორდება. გაუგებარი რჩება თუკი მართლა აფექტის მდგომარეობა იყო, მაშინ ერთწლიანი სასჯელი რატომ გახდა სიუჟეტის თემა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი სულიერი აღელვებისას ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. თუკი გამოძიებაზე ანდა მოსამართლის გადაწყვეტულებასზე გავლენა იქონიესს მსჯავრდებულის ახლობლებმა, თანხის სანაცვლოდ შეაცვლევინეს სასჯელი, მაშინ რატომ არ აკეთებს ჟურნალისტი მთავარ აქცენტს და არ იკვლევს საქმის ამ დეტალს? - ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ციხიდან გამოსული ქალი დედობის უფლების დაბრუნებას აპირებს. კადრში აჩვენებენ ეზოში მოთამაშე ბავშვებსაც. გაუგებარია რატომ იყო აუცილებელი ასეთი მძიმე ფაქტის გაშუქებისას მათი იდენტიფიცირება მაშინ, როდესაც ეთიკური სტანდარტები ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს.