05.03.2019
თებერვლის თვეში ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სამი ყალბი ამბავი სარგებლობდა: უძველესი თაფლის აღმოჩენა ბორჯომში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შესახვედრად საჭირო ფულის მოსაგროვებლად გაყიდული ეროვნული საგანძური და ქორწილის ღამეს უსაწოლოდ დარჩენილი სიძე-პატარძლის ამბავი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვითვე ტოვებდა ყალბი ამბის შთაბეჭდილებას, ონლაინგამოცემებში მაინც ვირუსულად გავრცელდა.


ინფორმაციაგადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა საიტებზე: ქართული აზრი, ჯორჯიან თაიმსი, არტინფო, ინტერმედია, ასევე იძებნება საიტებზე: itar.ge, cnobisfurceli.ge, geonewss.com.
ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის მოპარვასა და გაყიდვასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის ერთადერთი წყაროც ფეისბუკის მომხმარებელი იყო. დეზინფორმაცია ამჯერად მანჩო მენაბდემ გაავრცელა. 9 თებერვალს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერდა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2011 წელს „მოპარული“ ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის ნაწილი - 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, საფრანგეთში სოსო თოფურიძის ცოლმა გაყიდა. მენაბდე მომხდარს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან აკავშირებდა. ამბობდა, რომ საგანძურის გაყიდვით მიღებული თანხა მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების ლიეჟში დაგეგმილ შეხვედრის ორგანიზებას მოხმარდებოდა და ფეისბუკის მომხმარებლებს ამ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებდა.

აღნიშნული პოსტი დღემდე იძებნება მის პირად გვერდზე და ამ დროისთვის მას 2 886 გაზიარება აქვს.

ვანში აღმოჩენილ, ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებულ სამკაულთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ყალბი ინფორმაცია „ოქროს კუების“ დაკარგვის შესახებ ბოლო რვა წლის განმავლობაში პერიოდულად ქვეყნდება. ინტერნეტ სივრცეში დღემდე იძებნება 2011 წელს ghn.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა, რომლის წყაროც გაზეთ „ალიაში“ დაწერილი სტატიაა.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს, სამკაულს 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა აკლiა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია", რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს".
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ვანის ყელსაბამი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზეა წარმოდგენილი. „ქურდობა მამათში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა“ - ამ სათაურით, მესამე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეზინფორმაცია, 15 თებერვალს „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილის დღეს გაქურდეს.

აღნიშნული ამბავი, „გურიის მოამბის“ სტატიაზე დაყრდნობით, გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს ვებგვერდებმა: resonancedaily.com, alia.ge, imedinews.ge, dianews.ge, droni.ge, newposts.ge, info9.ge, geonewss.com, plus.kvira.ge, 2020news.ge, sputnik-georgia.com, paqtebi.ge, newsmakers.ge, citytv.ge, geoinformer.tk, itar.ge, topnews.ge, mediamall.ge, exclusivenews.ge, zodiaqo.club, cyc.ge, , lasose.com, digest.pia.ge.
გამოცემები ცრუ ინფორმაციას ახალ ამბად, კომიკური სათაურებით აქვეყნებდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ოჯახის გაქურდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.