გერმანელი ენათმეცნიერის სახელით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
06.03.2019
2-3 მარტს სოციალურ ქსელსა და ვებგვერდებზე presa.ge, geotimes.ge, progressnews.ge, for.ge გერმანელი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, იოსტ გიპერტის სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ვებსაიტები წერდნენ, თითქოს გიპერტი ამბობდა, რომ ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია და უფრო დიდი ერების მონობისკენ აქვთ მოთხოვნილება.

„ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერს, რომელსაც საკუთარი ენა და სამი უნიკალური ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები, როგორიც ინოეთი და აფრიკის ქვეყნებია“, - ეს ციტატა გამოცემებმა იოსტ გიპერტის ნათქვამად გამოაქვეყნეს, წყაროდ კი სოციალური ქსელის მომხმარებელი მიუთითეს.

Presa.ge და Progressnews.ge-ის წყარო გოგა ჩანადირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. თავად გოგა ჩანადირი ეყრდნობოდა პაატა ვარდანაშვილს, რომლის კედელზეც ეს ინფორმაცია აღარ იძებნება.  For.ge-მ იდენტური მასალა progressnews.ge-ის სტატიაზე დაყრდნობით დაწერა. Geotimes.ge-მ კი, წყაროს მითითების გარეშე, მხოლოდ ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც, თითქოს, პროფესორ იოსტ გიპერტს ეკუთვნოდა. არცერთ მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მიერ ამბის გადამოწმების მცდელობა, რათა ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის.

აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები იოსტ გიპერტს საერთოდ არ უთქვამს. მედიაჩეკერთან საუბრისას, პროფესორმა იოსტ გიპერტმა მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: „ეს გამონათქვამი, რომელიც გამოქვეყნდა ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის და არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ამბავთან. ეს არის ინფორმაციის გაყალბება, ამგვარი ქმედება მიუღებელია და იძულებული ვარ მივმართო სათანადო ორგანოებს რეაგირებისათვის“, - აღნიშნა იოსტ გიპერტმა

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ