სუშის თემაზე მომზადებული გადაცემა რუსთავი 2-მა თვითრეგულირებაში განიხილა და დარღვევა დაადგინა
23.03.2019

დილის გადაცემა, რომელშიც სუშის ჭამის იაპონური ტრადიციის აღსაწერად ქალი, როგორც დეკორაცია ისე იყო გამოყენებული, „რუსთავი 2-მა“ თვითრეგულირების ორგანოში განიხილა და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაცემა "რუსთავი 2-ის" ვებგვერდიდან აიღეს, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სარედაქციო გუნდმა კი მაყურებელს დილის ეთერში გასული კადრების გამო ბოდიში მოუხადა.

საქართველოში სუშის ფედერაციის გახსნისა და სუშის ჭამის იაპონური ტრადიციის შესახებ გადაცემა 21 მარტს გავიდა, უფრო ზუსტად, ამ თემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთი ნაწილი დაეთმო. გადაცემაში იაპონურ კულტურასა და სამზარეულოზე საუბრობდნენ. სუშის მირთმევის ერთ-ერთი ტრადიციის (ნიატაიმორი) აღსაწერად კი აჩვენეს შიშველი ქალი, რომელსაც სხეულის ნაწილები დაფარული ჰქონდა მცენარეებითა და სუშით. რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი და გადაცემის სტუმარი სუშს მოდელის სხეულიდან მიირთმევდნენ.

გადაცემის ამ ნაწილს საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა. იურისტი, ქალთა უფლებების დამცველი გვანცა ხონელიძე ბლოგში, რომელიც „მედიაჩეკერისთვის“ დაწერა, ამბობს, რომ ამ სცენაში ქალი გამოყენებული იყო როგორც დეკორაცია, ნივთი და ეს აღრმავებდა საზოგადოებაში ისედაც არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს.

ეს ფაქტი, მოგვიანებით, თავად „რუსთავი 2-ის“ თვითრეგულირების ორგანომაც დაადგინა. კომისიამ გადაცემის ამ ნაწილზე თვითინიცირებით იმსჯელა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, კომისიამ რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.  გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ გადაცემის ნაწილი იაპონური სამზარეულოს კულტურის შესახებ ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ქალის სხეული წარმოადგენს საჭმლის ლანგარს, რაც არის დამამცირებელი, სექსისტური და ლახავს ადამიანის უფლებებს. ასევე, გადაცემის ეს ნაწილი იყო სექსისზმის გამოვლინება, მოხდა ქალის ობიექტივიზაცია, მისი ნივთად წარმოჩენა, გადაცემა იყო შეურაცხმყოფელი და აკნინებდა ქალს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქალთა მიმართ ისედაც არსებული სტერეოტიპული განწყობების გაძლიერებას.

ამავე, სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ ნიატაიმორი (ქალის სხეულიდან სუშის მირთმევა) ნამდვილად არის იაპონური კულტურის ნაწილი, თუმცა, ეს არ გამორციხვას მაუწყებლის პასუხისმგებლობას აიცილოს ქალთა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა.

ამ გარემოებების გამო, კომისიამ გადაცემას „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 31-ე („მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპი) და 33-ე (სახელმწიფო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ) პრინციპების დარღვევა დაუდგინა.

„მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ს" გადაცემის მაუწყებლის ინტერნეტ წყაროებიდან ამოღება, დილის გადაცემის სარედაქციო გუნდს კი მომხდარზე საჯარო რეაგირება დაევალა.

გადაწყვეტილების შემდეგ, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სარედაქციო გუნდმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

„გუნდის მიზანს იაპონური კულტურის შესახებ ინფორმაციის გადმოცემა წარმოადგენდა, თუმცა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გადაცემაში გამოყენებული მეთოდი იყო შეცდომა, რომელსაც ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებებისთვის. გვსურს, აღვნიშნოთ, რომ გადაცემის სარედაქციო გუნდი სრულად იაზრებს ამ პასუხისმგებლობას, ბოდიშს იხდის ეთერში გასული კადრების გამო და შეეცდება, მომავალში აღარასდროს დაუშვას მსგავსი მედიაკონტენტის განთავსება“, - ნათქვამია სარედაქციო გუნდის განცხადებაში.

 


თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ