24.05.2019
აღაიანში მომხდარი ტრაგედია ორი დღის განმავლობაში მაუწყებლების და ონლაინ მედიის მთავარი თემა იყო. ზოგიერთმა გამოცემამ 22 მაისს დღის განმავლობაში ამბის გაშუქებას 15-ზე მეტი ახალი ამბავი მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ოფიციალური ვერდიქტის გამოცხადებამდე, ბრალდებულს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს, მედიამ ამბის სენსაციურ ჭრილში გაშუქებით, არასრულწლოვნის იდენტიფიცირებით და არასაჭირო, პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებით, სასამართლოს განაჩენის დადგომამდე, ბრალდებული ერთადერთ დამნაშავედ შერაცხა.
მომხდარის გაშუქება
თავდაპირველად, ცნობილი გახდა, რომ ტრაგედია კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მოხდა და ბრალდებული მშობელი 16 წლის იყო. მოგვიანებით კი მედია ალაპარაკდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივებზე.
ჟურნალისტები მომხდარის მიზეზს ეძებდნენ მეზობლებთან, ოჯახის ახლობლებთან და მათზე დაყრდნობით ნელ-ნელა ამჟღავნებდნენ პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს, რასაც არანაირი კავშირში არ ჰქონდა მომხდართან. მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების კომენტარებს, ვარაუდებს, შეფასებებს, დადასტურებულ ფაქტად სთავაზობდნენ მკითხველს.
მედიამ არ შეაფასა ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვევდა. ღვივდებოდა საზოგადოების ინტერესი მომხდარის მიმართ, მედია კი ნაბიჯ-ნაბიჯ, ირიბად ახდენდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. შედეგად, კმაყოფილდებოდა საზოგადოების ცნობისმოყვარეობა და არა საზოგადოებრივი ინტერესი.
ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება
ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები ხაზგასმით მიუთითებენ მედიებს, რომ მსგავსი საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ და დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, ირიბად ხდებოდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, პირველ დღეს ფართო აუდიტორიისთვის მაინც უცნობი იყო ბრალდებულის სახელი და გვარი. მომხდარის გასაჯაროვებიდან დაახლოებით 15 საათის შემდეგ კი, ერთ-ერთმა გამოცემამ ცალკე ახალ ამბად დაწერა და მკითხველს „ექსკლუზიურად“ აცნობა 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი. მოხდა არასრულწლოვნის პირდაპირი იდენტიფიცირება.
ონლაინ გამოცემების ნაწილმა მომხდარიდან მალევე ბრალდებულის ფოტოები გამოაქვეყნა და აჩვენა საზოგადოებას მისი სახე.
საზოგადოებრივი ინტერესი თუ საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობა
გამოცემების ნაწილმა მომხდარის გაშუქებისას, პრობლემის ჩვენების ნაცვლად პირველ რიგში „დამნაშავე დედის“ ძიება დაიწყო. მკითხველის ყურადღების მიქცევას გამოცემები არასრულწლოვნის ფოტოების გასაჯაროებით და სენსაციური სათაურებით ცდილობდნენ. გარდაცვლილის ახლობლების ემოციურ ფონზე გაკეთებულ კომენტარებსა და არასრულწლოვნის მიმართ გაჟღერებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებს სათაურში ციტირებდნენ და თითოეულის კომენტარს ახალ ამბად სთავაზობდნენ მკითხველს.
მედიასაშუალებების ნაწილის მთავარი აქცენტი არ ყოფილა არასრულწლოვნის ქორწინებასა თუ პოსტნატალურ პრობლემაზე მსჯელობა, არ განუხილავთ, რას შეიძლება მიყვანა არასრულწლოვანი ამ ქმედებამდე, არ უმსჯელია ხომ არ არის ბრალდებული თავადაც მსხვერპლი. ამის ნაცვლად ისინი ფოკუსს აკეთებდნენ იმაზე, თუ რას ამბობდა გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა, მამიდა და რა ვერსიები ჰქონდა სამეზობლოს… შედეგად, დაუდასტურებელი ინფორმაცია და ბრალდებულის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, რასაც საზოგადოების აგრესია და სიძულვილის ენის შემცველი, სექსისტური დისკუსია მოჰყვა.
„ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს“ - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მსგავსი შემთხვევები
ეთიკური ჟურნალისტიკის მიხედვით, მსგავსი მძიმე საკითხების გაშუქებისას, მედია უნდა ფოკუსირდეს არა კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ პრობლემაზე ფართო კონტექსტში. ქარტიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები კი მიუთითებს მედიებს, რომ უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.
„როდესაც საქმის გარემოებები რთულია, საჯარო ინტერესი კი მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას.“ - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.
ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, კრიმინალური ფაქტის გაშუქების დროს, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. განსაკუთრებით საფრთხილოა კრიმინალური შემთხვევის ახალ ამბად გაშუქება, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს.
„როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.“
რაც შეეხება პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების საკითხს, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი. ამასთანავე, მედია უნდა დაფიქრდეს, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას და დეტალების გასაჯაროებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა მისთვის მიყენებულ ზიანს. უნდა გაიაზროს, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხომ არ გამოიწვევს პირის სტიგმატიზებას, თემიდან გარიყვას, დისკრიმინაციას.