უფასო მშობიარობა პენსიონერებს, ელჩის გადადგომა - ივნისის ყალბი ამბები
09.07.2019
სიცხისგან დამდნარი ავტომობილები, ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული მშობიარობა პენსიონერებისთვის და პოლონეთში საქართველოს ელჩის გადადგომა - ივნისის თვეში გავრცელებულ ამ სამ ყალბ ამბავს არაფერი ჰქონდა საერთო და მათგან მხოლოდ ერთი უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე შემთხვევაში მარტივად დასადგენი იყო სიმართლე, სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარებიდან და რეაქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი ამბები მარტივად დაიჯერა.

სიცხისგან დამდნარი ავტომობილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ექსკლუზივი TV“-ის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. გვერდი იუწყებოდა, რომ 14 ივნისს არაბულ ქვეყნებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 63°C დაფიქსირდა, რის გამოც ავტომობილები დადნა.

„ქუვეითში შუადღის საათებში ტემპერატურამ 50°C მიაღწია(იხ.ფოტოზე), რის შემდეგაც, ტემპერატურა ისევ გაიზარდა და 63°C გახდა, რამაც ქუჩებში მანქანების დნობა გამოიწვია. ადგილობრივებმა კი მოძრაობა შეწყვიტეს და ქუჩები ორ წუთში დაცარიელდა,“ - წერდა „ექსკლუზივი TV“.  მოგვიანებით, 14-18 ივნისის პერიოდში კი იდენტური ინფორმაცია გავრცელდა რადიო ოდიშისა და „The Tbilisi Times“ ფეისბუკის გვერდებზე და საიტებზე: sarkenews.ge, progressnews.ge, cnobisfurceli.ge, gmtv.ge.

სინამდვილეში, ფოტოზე ასახული მანქანები არიზონაშია გადაღებული და მათი დადნობა არა სიცხემ, არამედ ხანძარმა გამოიწვია. აღნიშნულ ყალბ ამბავს სხვადასხვა დროს უცხოური გვერდებიც ხშირად ავრცელებენ.

ყალბი ამბავი, თითქოს ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებს მშობიარობა დაუფინანსდებოდათ, 10 ივნისს გავრცელდა. გამოცემა გურიის მოამბე და საიტები qronika.ge, newpost.com.ge, geoshock.blogspot.com წერდნენ, რომ „ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებს მშობიარობა/საკეისრო კვეთა დაუფინანსდებათ:

"პროგრამით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა საპენსიო ასაკის პირებისა. მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება". - წერდნენ გვერდები.

იდენტური შინაარსის ყალბი ინფორმაცია 2017 წელსაც გავრცელდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ზემოთ მოყვანილი ამონარიდი არასწორად არის გაგებული.

გვერდების ნაწილმა (მაგალითად, digest.pia.ge, bfm.ge) ინფორმაცია წაშალა და ახლა მხოლოდ საძიებო სისტემაში ჩანს, რომ ეს ამბავი გამოცემებს გამოქვეყნებული ჰქონდათ.

ბოლო ყალბი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა. 20 ივნისს, მაშინ, როდესაც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ, გამოცემა presa.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს ელჩის გადადგომის შესახებ. „პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა“ -წერდა presa.ge, სტატიის კომენტარებში კი მოქალაქეები, ვისაც ინფორმაცია ნამდვილი ეგონა, აღნიშნავდნენ, რომ ელჩის საქციელი გმირობის ტოლფასი იყო.

მოგვიანებით, presa.ge-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს წარმომადგენელმა ელჩის მიერ თანამდებობის დატოვება არ დაადასტურა . presa.ge-მ კი გამოქვეყნებული ტექსტი ვებგვერდიდან და სოციალური ქსეიდან ისე წაშალა, რომ მკითხველისთვის შეცდომის შესახებ არ უცნობებია.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ