28.08.2019
- მძიმე კადრები, რომლებშიც დეტალურად ჩანს პეკინზე სამი წლის ბავშვის დაჭრის შემთხვევა
- კადრები, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც გამვლელმა ქალმა 3 წლის ბავშვი სახის არეში დაჭრა, ისმის ბავშვების განწირულ ხმა [გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ემოციურად მძიმე კადრებს]
- შეიძლება უცხოელი იყო, რომელსაც თავის შვილს არ აძლევენ და ბავშვებს რომ ხედავს, ჭკუიდან იშლება - როგორ აღწერს მოქალაქე ქალს, რომელმაც პეკინზე ბავშვი დაჭრა და მიიმალა
- იძებნება! - ქალი, რომელმაც პეკინზე დანით 3 წლის ბავშვი დაჭრა
ამის შემდეგ მედიასაშუალებები, ასევე, ცალკეული მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ სავარაუდო მოძალადე ქალის ფოტოანაბეჭდებს ამ ვიდეომასალებიდან და აცხადებენ ძებნას მასზე. საბოლოოდ, 28 აგვისტოს სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს, თუმცა მოქალაქეები არ წყვეტენ მომხდარის განხილვას: ქალს “შეშლილად” აცხადებენ და ითხოვენ მის “ცოცხლად გატყავებას”, შეურაცხყოფენ ბავშვის მამას და ამ ამბის შემსწრე ყველა ადამიანს, რომლებმაც ვერ შეძლეს ადგილზე მოძალადის დაკავება.
“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცის ცენტრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მედიამ არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთ გაშუქებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მიმართ.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი “ფეისბუკში” გამოეხმაურა ამ საკითხს და აღნიშნა, რომ არარაციონალურია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემაზე პანიკური რეაქცია:
“იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქალს [ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს] არ აღმოაჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ჩვენი პანიკური რეაქციით გავაუარესებთ ქვეყანაში მდგომარეობას... თავი დავანებოთ იმას, რომ სტატისტიკურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები გაცილებით მეტად ხდებიან დანაშაულის მსხვერპლი, ვიდრე ჩამდენი,” - წერს ანა არგანაშვილი.
მაია ცირამუას თქმით, მედია უნდა იყოს მოწოდებული იმისკენ, რომ აქცენტი გადაიტანოს ძალადობაზე, ძალადობრივი ქცევის პრევენციაზე, რომელიც სახელმწიფოს პრეროგატივაა.
“მედიის აქცენტი ეს უფრო უნდა იყოს და კიდევ ვფიქრობ, რომ მედიას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს პირიქით, აი, ამ აღშფოთების, ბრაზის განეიტრალებას, რასაც ვხედავთ და ეს უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც შეესწრნენ შემთხვევას. ჩვენ ვკითხულობთ უამრავ სტატუსს, კომენტარს სოციალურ ქსელებში, სადაც საუბარია იმაზე, რომ აი, მამა როგორ არ დაეხმარა საკუთარ შვილს, რომ ის არის მშიშარა, ასევე, იქ შემსწრე საზოგადოებაზე. მედიას შეუძლია უბრალოდ ამოიღოს მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ასეთ, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ, მოულოდნელად თავს დამტყდარ სიტუაციებში გაშეშება არის ერთ-ერთი ბუნებრივი რეაქცია,“ - ამბობს მაია ცირამუა.
ნათია კუპრაშვილი, “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამბის ტირაჟირებითა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზებით სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაასწრეს მედიასაშუალებებს.

იგი ფიქრობს, რომ დაზარალებულ ოჯახს აქვს დავიწყების უფლება.
“ეს ევროსასამართოს მიერ არარერთგზის აღიარებული უფლებაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ უფლების რეალიზებისთვის დაზარალებულებს სასამართლოს პროცესი არ დაჭირდებათ. მიხარია, რომ რამდენიმე მედიასაშუალება უკვე გამოეხმაურა, მაგალითად, ტვ 25-მა საკუთარი თვითრეგულირების ფარგლებში აიღო შესაბამისი კონტენტი,” - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

“ძალიან ცალსახა იყო ჩვენთვის ის, რომ თავდამხსმელი ქალის იდენტიფიცირებაც არ მოგვეხდინა, მითუმეტეს სოციალურ მედიაში შექმნილი ფონის და კონტექსტის გამო”, - უთხრა ნინო ჯაფიაშვილმა “მედიაჩეკერს”.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი, რადიო თავისუფლებამ გამოქვეყნა 1 წუთიანი ვიდეო, რადგან რედაქციამ მიიჩნია, რომ ვიდეოფორმატით ამ ამბის მოყოლა იყო მნიშვნელოვანი და ეფექტური გზა საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის.
“მთავარი ამოცანა იყო ის, რომ: 1. ბავშვის იდენტიფიცირება არ მოხდარიყო; 2 აუცილებლად წინასწარ გაგვეფრთხილებინა აუდიტორია, რომ ეს მასალა შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს და 3. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მასალა არ გაგვეშვა სარედაქციო დამუშავების გარეშე, ანუ უკონტექსტოდ. ამოცანა იყო აუდიტორიისთვის კონტექსტი სწორად მიგვეწოდებინა. სენსაცია არ შეგვექმნა”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.
მისივე თქმით, სარედაქციო გადაწყვეტილების მიღებას, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ ეს საკითხი, წინ უძღოდა რედაქტორების განხილვა, ასევე, კონსულტაციები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან.
იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით რამდენიმე მედიასაშუალებამ წაშალა საკუთარი გვერდიდან სათვალთავლო ვიდეოკამერით მოპოვებული ვიდეომასალა და თავდამსხმელის ფოტოსქრინებიც, ისინი ვირუსულადაა გავრცელებულ სოციალურ ქსელებში და სხვა სახის ვებგვერდებზე.