მანიპულაცია, თითქოს ახალი კანონით თურქეთში გაუპატიურება ლეგალური გახდება
29.01.2020
24-27 იანვრის პერიოდში რამდენიმე ონლაინგამოცემამ და სხვადასხვა საიტებმა გაავრცელეს მანიპულაციური ინფორმაცია, თითქოს, თურქეთში გაუპატიურება ლეგალური გახდება. გამოცემები წერდნენ, რომ ახალი კანონი კაცებს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების უფლებას მისცემს.

altინფორმაცია თავდაპირველად, 24 იანვარს, “ნიუპოსტმა” გაავრცელა შემდეგი სათაურით “ახალი კანონი თურქეთში მამაკაცებს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების უფლებას მისცემს”. გამოცემა წერდა, რომ თურქეთში იანვრის ბოლოს წარადგენენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც მამაკაცს ახალგაზრდა გოგოს გაუპატიურება ლეგალურად შეეძლება, თუ შემდგომ მასზე იქორწინებს.

“თურქეთის ხალხთა დემოკრატიული პარტია აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობა ბავშვთა ქორწინებას ლეგალურს გახდის და გაუპატიურებას, როგორც კანონმდებლობით დაშვებულს. არსებობს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეც”, - წერდა “ნიუპოსტი” და ინფორმაციის წყაროდ უცხოური გამოცემების“dailymail”, “dailystar” და “independent” სტატიების ბმულებს უთითებდა.

“ნიუპოსტზე” დაყრდნობით იდენტური მასალა სიტყვა-სიტყვით გამოაქვეყნეს შემდეგმა გამოცემებმა: “ალია”, tia.ge, emigrantebi.org და allmedia.news.  მოგვიანებით “ნიუპოსტმა” სტატია წაშალა, თუმცა ზემოთჩამოთვლილ გვერდებზე კვლავ იძებნება და მათ წყაროდ კვლავ "ნიუპოსტი" აქვთ მითითებული.

მსგავსი მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი მასალა გამოაქვეყნა "hotnews-მა" შემდეგი სათაურით “მამაკაცებს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების უფლებას მისცემენ”. საიტი ყოველგვარი არგუმენტების და წყაროების გარეშე, მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ “თურქეთის ახალი დემოკრატიული პარტია, იანვრის ბოლოს, წარადგენს კანონს, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს ახალგაზრდა გოგოების გაუპატიურება ლეგალურად შეეძლებათ. ეს კანონმდებლობა ბავშვთა ქორწინებას ლეგალურს გახდის”. 

აქცენტი იმაზე, რომ თურქეთის პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი ბავშვების გაუპატიურებას ლეგალურს გახდის, არასწორია. სინამდვილეში, აღნიშნული კანონპროექტით, თურქეთში კაცებს არასრულწლოვანთან სექსისთვის გათვალისწინებული სასჯელის აცილება შეეძლებათ, თუკი მსხვერპლს ცოლად მოიყვანენ.

ოპოზიციური პარტიები და ქალთა უფლებადამცველები კანონპროექტს აპროტესტებენ. იგივე კანონპროექტი 2016 წელსაც იყო თურქეთის პარლამენტში ინიცირებული, თუმცა ეროვნული და მსოფლიო მასშტაბით გამოწვეული დიდი აღშფოთებისა და პროტესტის გამო, კანონპროექტი ჩავარდა.  აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია არცერთ გამოცემას არ მოუძიებია და არ შეუთავაზებია მკითხველისთვის.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ