23.04.2020
საუბარია გადაცემა "დღის ამბების" 16 აპრილის გადაცემის იმ ნაწილზე, რომელშიც წამყვანს სტუმრად საქართველოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე სტუმრობდა. საუბარი სააღდგომო საეკლესიო რიტუალებში მრევლის მონაწილეობას და საერთო კოვზით ზიარებას ეხებოდა.
როგორც “თანასწორობის მოძრაობა”, ასევე “ქალთა ინიციაციტივების მხარდამჭერი ჯგუფი” აცხადებს, რომ გადაცემის პირდაპირ ეთერში, რესპონდენტმა ფრაზით „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“ მცდარი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაცია გააჟღერა.
მათივე განცხადებით, ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთვის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ნერწყვით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.
განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ გადაცემის ამ ნაწილში, წამყვანმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაციის) პრინციპები დაარღვია. თანასწორობის მოძრაობა "TV პირველს" დამატებით მეხუთე, შესწორების პრინციპის დარღვევასაც ედავება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.