სათაურების მართლწერა
12.12.2015
წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის, ფირმების, გემების, კომპანიების და მისთანათა სახელწოდებები ხშირად იწერება შეცდომით.

შეცდომები მრავალფეროვანია. ზოგჯერ ბრჭყალების „უფლებები ირღვევა“ მათი უგულებელყოფით, ზოგჯერ თანდებულები ან ბრუნვის ნიშნები „იპარებიან საზღვრებს მიღმა“, ზოგჯერ მსაზღვრელი და საზღვრული ვერ „ ათანხმებენ“ ბრუნვას...

რა წესების ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად დავწეროთ სათაურები?

რამდენიმე ძირითადი წესის დამახსოვრება მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას.

დავიწყოთ სულ თავიდან:

  • წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის და მისთანათა სახელწოდებები საკუთარი სახელებია და ბრუნების დროს იმ კანონს ემორჩილება, რომელიც საკუთარ სახელთა ბრუნებას განსაზღვრავს.
  • სათაური და სახელწოდება აუცილებლად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში;
  • ბრჭყალებში ვაქცევთ სათაურებზე დართულ თანდებულებსაც და ბრუნვის ნიშნებსაც;
  • ქართულში სათაურის შემდეგ წერტილი არ იწერება.
ახლა უფრო დავაკონკრეტოთ:

1.თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაშია, ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს. სხვა სიტყვებით - ის ისევე იბრუნვის, როგორც საზღვრული, რომელსაც წინ უძღვის შეთანხმებული მსაზღვრელი;

ნიმუში:

სახ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“

მოთხ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბემ“

მიც. საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“

ნათ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“

მოქმ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბით“

ვით. საინფორმაციო გადაცემა „მოამბედ“

წოდ. საინფორმაციო გადაცემა „ მოამბე(ვ)“


და არა:

საინფორმაციო გადაცემის „ მოამბის“ ან საინფორმაციო გადაცემით „ მოამბით“...

2. თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით უნდა დაიწეროს.



სწორია: გადაცემა „მოამბეში“ და არა: გადაცემა „მოამბე“-ში, ჟურნალ „გეორგიკაზე“ და არა: ჟურნალ „გეორგიკა“-ზე;

წესი ნარჩუნდება მაშინაც, თუ სათაურში რიცხვითი სახელია გამოყენებული: „რუსთავი 2-ში“, „რუსთავი 2-ს“ და ა.შ.


3. თუ სათაურს კითხვა-ძახილის ნიშანი დაერთვის, სასურველია ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთოს წინამავალ სიტყვას.

მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“

4. თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ( „მთანი მაღალნი“ ), გადმოცემულია სხვა ბრუნვის ( არა სახელობითის) ფორმით („სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხოხბის ცრემლები“ ), თანდებულიანია, მოცემულია წინადადების სახით („ შემოიხედე, გენაცვალე“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“), მაშინ იბრუნვის მსაზღვრელი და თანდებულიც მასვე უნდა დაერთოს.

სწორია:

ღვინის „ხოხბის ცრემლები“, რესტორანში „შემოიხედე გენაცვალე“, რომანს „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და ა.შ.

რამდენიმე წინადადებით გადმოცემულ სათაურსაც ამ წესის დაცვით ვაბრუნებთ

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ