18.03.2016
არ ( არა)უარყოფითი ნაწილაკის მონაწილეობით თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში არაერთი სიტყვაა წარმოქმნილი და დამკვიდრებული. რაიმე სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობის, შინაარსის უარყოფის შედეგად, ოდენ „არა“ ნაწილაკის დართვით, ვიღებთ ისეთ აღმნიშვნელებს ( სიტყვებს), რომლებიც შეუცვლელ ლექსიკურ მნიშვნელობას იძენენ.
ნათქვამის საილუსტრაციოდ ავიღოთ სიტყვა არაადამიანური. მართალია, ჩვენს მდიდარ ენაში მსგავსი მნიშვნელობის მრავალი სიტყვა შეიძლება დავძებნოთ და მოვიშველიოთ, მაგრამ სათანადო კონტექსტში სიტყვა „არაადამიანური“ შეუცვლელი იქნება, რადგან ნებისმიერი სხვა აღმნიშვნელი სრულიად განსხვავებულ ელფერსა და მნიშვნელობას შესძენდა ფრაზას.
მსგავსი ლექსიკური ერთეულების წარმოქმნისას ხშირად ჩნდება კითხვა - ერთად უნდა დავწეროთ აღმნიშვნელის შემადგენელი ორი ფორმა თუ ცალ-ცალკე?
იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:
„არა“ ნაწილაკის დართვისას დამოუკიდებელ სახელებთან ან ზმნიზედებთან ნაწილაკის გამოყოფა არ ხდება და ამგვარი რთული სიტყვების უმეტესობა შერწყმულად იწერება.
ჩამონათვალში თავი მოვუყარეთ მედიაში ყველაზე გავრცელებულ ფორმებს. გთავაზობთ სწორ ვარიანტებს:
- არაადამიანური
- არაგონივრული
- არალეგალური
- არაერთგზის
- არაერთხელ
- არათანაბარი
- არაობიექტური
- არამთავარი
- არაიშვიათი
- არაკომპეტენტური
- არაარსებითი
- არაგულწრფელი
- არაერთგვარი
- არაბუნებრივი
ამასთან, თითოეული ეს რთული სიტყვა შესაბამის კონტექსტში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს არა როგორც ერთცნებიანი აღმნიშველი, არამედ როგორც ორი დამოუკიდებელი სიტყვა. ამგვარი შემთხვევა ხშირია მაშინ, როცა წინადადებაში ანტონიმური შინაარსის მქონე სიტყვების დაპირისპირება „არამედ“ კავშირის მეშვეობით ხორციელდება.
შესაბამისად, სწორი იქნება:
არა ადამიანური, არამედ - მხეცური; ( ამასთან, არაადამიანური დამოკიდებულება..)
არა არსებითი, არამედ - მეორეხარისხოვანი ( ამასთან, არაარსებითი საუბარი...)
არა ერთი და ორი წელი ( ამასთან, არაერთი შენიშვნა...)
არც ერთი და არც მეორე ( ამასთან, არცერთი შეცდომა...)
არა წესიერი, არამედ უწესო (ამასთან, არაწესიერი ზმნა...)
დასასრულ, ცალკე გამოვყოფთ ერთ თავისებურ შემთხვევას:
არა მხოლოდ და არა მარტო ცალ-ცალკე იწერება, რადგან მათ ყოველთვის მოსდევს მაქვემდებარებელი კავშირი „არამედ“. მაგალითად:
არა მხოლოდ ონლაინ, არამედ - ბეჭდურ მედიაში...