05.05.2016
ჩამოთვლილ მაგალითებში პირის ნიშნების მნიშვნელობის შემჩნევა და „დაფასება“ მარტივია. იმავეს ვერ ვიტყვით ირიბი ობიექტური პირის ნიშნების შესახებ. ჰ- და ს- პრეფიქსები ხშირად დაუმსახურებლად „იჩაგრებიან“, ზოგჯერ კი ისეთ ვითარებაში „ამოჰყოფენ თავს“, სადაც მათი ადგილი საერთოდ არაა.
იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:
v
- ჰ- და ს- პრეფიქსები ყოველთვის იწერება ორპირიან გარდაუვალ ზმნებში;
- სამპირიან ზმნებში, რადგან მათ შეეწყობათ ირიბი ობიექტი;
- ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან ზმნებში ჰ იწერება 7 თანხმოვნის წინ, ს კი 9 თანხმოვნის წინ.
თუკი წესების გაცნობისას თქვენ დაგებადათ კითხვები:
- თუ არსებობს გარდაუვალი, უნდა არსებობდეს გარდამავალი ზმნაც. რა სხვაობაა მათ შორის?
- თუ არსებობს ირიბი ობიექტი, უნდა არსებობდეს პირდაპირიც. როგორ განვასხვავო?
- რომელი 7 და რომელი 9 თანხმოვნის წინ უნდა დაისვას ირიბი ობიექტის ნიშანი?
დავიწყოთ თავიდან:
უფრო სწორად კი შუიდან, რადგან თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, როგორ პირს ვუწოდებთ პირდაპირს და როგორს ირიბს ( სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზმნის გარდამავლობა).
პირდაპირია ობიექტი, რომელიც ბრუნვას იცვლის. პირველი სერიის მწკრივებთან ის მიცემით ბრუნვაშია ( გრამატიკული ხუჭუჭების გარეშე, კითხვაზე რას შვრება? მიუგებს მიცემითი ბრუნვის ფორმით(მას), მეორე სერიის მწკრივებთან კი - სახელობითში ( კითხვაზე რა ქნა? მიუგებს სახელობითი ბრუნვის ფორმით. ამ კითხვებს - რას შვრება/რა ქნა - შემდგომში „დამხმარე კითხვებს“ ვუწოდებით, რადგან ისინი მართლაც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ობიექტის პირდაპირობის ან ირიბობის განსასაზღვრად...)
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითის მიხედვით:
ავიღოთ ზმნა ხატავს ( ვხატავ ან ხატავ). შევუწყოთ პირები - ის მას ( მე მას, შენ მას);
დავსვათ „დამხმარე კითხვა - რას შვრება? ამ კითხვაზე ზმნას შეწყობილი ობიექტი მიცემით ბრუნვაშია ( მას - კაცს, ბუნებას, პეიზაჟს);
ახლა დავსვათ მეორე „დამხმარე კითხვა“ - რა ქნა? პასუხია - დახატა - მან, ის.
ამჯერად ობიექტმა იცვალა ბრუნვა და ის სახელობით ბრუნვაში მოგვევლინა. ( დახატა კაცი, ბუნება, პეიზაჟი).
შესაბამისად, ობიექტმა იცვალა ბრუნვა, ანუ ის - პირდაპირია.
ზუსტად იმავე მანიპულაციის ჩატარებისას ირიბი ობიექტი ბრუნვას არ იცვლის და „რა ქნა“ კითხვაზე კვლავ მიცემითში შეეწყობა ზმნას.
მაგალითად, ზმნა ემალება.
დავსვათ პირველი დამხმარე კითხვა - რას შვრება?
შევუწყოთ პირები: ემალება - ის მას.
დავსვათ მეორე დამხმარე კითხვა - რა ქნა?
დაემალა - ის მას.
როგორც ვხედავთ, ობიექტმა ბრუნვა არ იცვალა, ის კვლავ მიცემით ბრუნვაშია, შესაბამისად, ეს ობიექტი ირიბია.
კიდევ უფრო მარტივად - თუ დასრულებულ მოქმედებაში ზმნას შეწყობილი ობიექტური პირი მიცემით ბრუნვაშია, ის ირიბია. თუ დასრულებულ მოქმედებაში ზმნას შეეწყობა პირი სახელობითი ბრუნვის ფორმით, ის - პირდაპირია.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი:
სთხოვა - ზმნა დასრულებულ მოქმედებას გამოხატავს. შეიწყობს სამ პირს: მან მას ის;
აქედან სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია, ობიექტთაგან ერთი - მიცემითში, მეორე კი სახელობითში.
დააკვირდით, ზმნა პასუხს გვცემს კითხვაზე - რა ქნა?
თუ არ გახსოვთ შესაბამისი წესი, გადაავლეთ თვალი ზემოთმოყვანილ წესებს და ამოიცანით - რომელი იქნება ამ ობიექტთაგან პირდაპირი და რომელი ირიბი?
ყურადღება, „სპოილერი“!
ირიბი იქნება ის ობიექტი, რომელიც მიცემით ბრუნვაშია ( მას), პირდაპირი კი ის, რომელიც სახელობითშია ( ის);
ყურადღება, ყველაზე რთული უკვე უკანაა მოტოვებული!
ახლა უკვე მარტივად შეძლებთ გარდაუვალი და გარდამავალი ზმნების ერთმანეთისგან განსხვავებას, რადგან თუ ზმნას პირდაპირი ( ბრუნვაცვალებადი) ობიექტი შეეწყობა, ის გარდამავალია. თუ ზმნა ასეთ პირს არ შეიწყობს, ის გარდაუვალია!
რაც შეეება ბოლო წესს:
ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან ზმნებში მესამე ირიბობიექტური პირის აღსანიშნავად ჰ- იწერება - გ,კ,ქ, ბ, პ,ფ და ყ თანხმოვნების წინ.
ს- იწერება დ, ტ, თ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ.
ხმოვანთა და დანარჩენი თანხმოვნების წინ ჰ და ს პრეფიქსი დაკარგულია.
ყურადღება, ჩამჭრელი კითხვა:
საჭიროა თუ არა ირიბობიექტური პირის ნიშანი ზმნაში შეჰმატა?
სავარაუდო პასუხები:
დიახ, რადგან ზმნა სამპირიანია, აქედან ერთი ირიბია და ირიბი ობიექტის ნიშანი უნდა დაიწეროს;
არა, რადგან მართალია, ზმნა შეიწყობს ირიბ ობიექტს, მაგრამ არ იწყება შესაბამის თანხმოვანზე.
თუ თქვენ არჩევანი პირველ პასუხზე შეაჩერეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წესი იმის შესახებ, თუ რომელი თანხმოვნების წინ უნდა დაისვას ირიბი ობიექტის ნიშანი.
და ბოლოს, გამონაკლისების გარეშე როგორ იქნებოდა?
რამდენიმე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ზმნას ირიბი ობიექტური პირი არ ახლავს, მისი ნიშანი მაინც იწერება.
ეს ზმნებია: გასტანს, გამოსცემს, გასცემს, გასწევს, ასწევს, სჩადის, დასძენს, დაჰყო ( დრო).