სცემა, სცივა, სცხელა ზმნების მართლწერის შესახებ
01.06.2016

ჩვენს ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრეთ ირიბი ობიექტის ნიშნების შესახებ. ამჯერად რამდენიმე არასწორად გავრცელებული ზმნა გვინდა მიმოვიხილოთ.

1.რომელია სწორი - სცემა ვარსქენმა შუშანიკს თუ სცემა ვარსქენმა შუშანიკი?
2.ცივა (აქ) თუ სცივა (აქ)?
3.სცხელა ( მას) თუ ცხელა ( მას)?

მივყვეთ თავიდან:

პირველ მაგალითში ზმნა სცემა გარდაუვალი ზმნაა. მას შეეწყობა ირიბი ( ანუ ბრუნვაუცვლელი, მუდამ მიცემითში მდგომი) ობიექტი. ზმნის ფუძე იწყება ხშული თანხმოვნით ( ც). ეს ზმნა ყველა „მოთხოვნას აკმაყოფილებს“ საიმისოდ, რომ დაირთოს ირიბი ობიექტის ნიშანი ს- და „შეიწყოს“ არა სახელობითში მდგარი პირდაპირი ობიექტი, არამედ ირიბი ობიექტი, რომელიც მიცემით ბრუნვაში უნდა ჩავსვათ.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სწორია:

სცემა ვარსქენმა შუშანიკს;
სცემა სპორტსმენმა მოქალაქეს;
სცემა ქმარმა ცოლს.

ცივა-სცივა

ცივა, თბილა, ცხელა - ეს ზმნები აღნიშნავს ამინდს ზოგადად. შესაბამისად, თუ ვინმესთვის „კლიმატური მოცემულობის შემცველი ინფორმაციის“ მიწოდება გვსურს, უნდა ვთქვათ:

გარეთ თბილა (ცივა, ცხელა...)

მაგრამ, თუ გვინდა ვთქვათ, რომ ვინმეს ( მესამე პირს) აქვს სიცივის ან სიცხის შეგრძნება, ზმნას უნდა დავუმატოთ მესამე პირის თავსართი ს- ან ჰ -;

შესაბამისად, სწორი იქნება:
სცივა მას ( და რა ცივა მას);
სცხელა მას ( და არა ცხელა მას);
სთბილა მას ( და არა თბილა მას);
შესცივდა მას ( და არა შეცივდა მას);
დასცხა მას ( და არა დაცხა მას).

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ