პარონიმები
04.04.2017
მცნება და ცნება, აღთქმა და აღქმა, აფექტი და ეფექტი, კომპანია და კამპანია, სწავლა და სწავლება, თარგმნა და თარგმანი, დიპლომატი და დიპლომანტი - ეს და სხვა მსგავსი სიტყვები ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი უცხო ენიდანაა შემოსული და ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პარონიმული წყვილების აღრევის მიზეზი ამ სიტყვათა ლექსიკური მნიშვნელობის არცოდნაა.

ცნობისთვის: ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, შინაარსობრივად კი აბსოლუტურად განსხვავდება - პარონიმები ეწოდება.

იმისთვის, რომ შეცდომები ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია გავმიჯნოთ პარონიმული წყვილების შემადგენელი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობები.

დღევანდელ ბლოგს სწორედ ამ თემას დავუთმობთ. გთავაზობთ იმ პარონიმული წყვილების განმარტებებს, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად იყენებენ შეცდომით:

მცნება და ცნება

მცნება - დიდაქტიკური შინაარსის, აზრის, მითითებისა ან აკრძალვის შინაარსის შემცველი წინადადება ან გამოთქმაა. ეს ტერმინი გულისხმობს არა ერთი სიტყვის, არამედ მთელი წინადადების შინაარსს. აზრს, რომელსაც გამოხატავს წინადადება, ფრაზა. ასეთი წინადადებებით ხშირად გამოიხატება შეგონებები, ზნეობრივი ხასიათის გამონათქვამები. მაგალითად, ათი მცნება - „არა კაც კლა“, „არა იმრუშო“ და ა.შ. ასევე - „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“, „ ისმინე, სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა“...

ცნება კი ერთი სიტყვის მნიშვნელობაა. ცნება გამოხატავს აღმნიშვნელის შინაარსს, რაც უნდა აღინიშნოს სიტყვით. მაგალითად, სამშობლოს ცნება, ერთგულების ცნება, სიყვარულის ცნება...

აღქმა და აღთქმა

აღქმა ნიშნავს ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება-გააზრებას, ინტერპრეტაციას. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად - ცნობიერებაში ობიექტური სინამდვილის ფაქტების ასახვის პროცესს, გაგება-გაცნობიერების უნარს. მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტი ფაქტის ობიექტურ აღქმას უშლის ხელს.

აღთქმა ნაწარმოებია სიტყვისგან აღთქმული და ნიშნავს დაპირებას, დანაპირებს, პირობის დადებას. აღთქმის დადება იგივეა, რაც ფიცის, სიტყვის, პირობის მიცემა. მაგალითად, მოკავშირეებმა დადეს აღთქმა, რომ საქვეყნო საქმეს არ უღალატებდნენ.

აფექტი და ეფექტი

აფექტი ძლიერ განცდასა და ამ განცდის გამოვლენას ეწოდება. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ეს არის ხანმოკლე და ძლიერი ემოცია, რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება ჩაადენინოს მისთვის უჩვეულო საქციელი. აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმედების ხელმძღვანელობის უნარი. მაგალითად, პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა.

ეფექტი არის ძლიერი შთაბეჭდილება, რასაც ახდენს რამე ან ვინმე. ასევე, განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, რისამე მოქმედება, გავლენა, შედეგი ამ მოქმედებისა, გავლენისა. ასევე - ხერხი, საშუალება, რომლის მიზანია შთაბეჭდილების მოხდენა, რაიმე ილუზიის შექმნა.

კომპანია და კამპანია

კომპანია ეწოდება სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სახის გაერთიანებას, ამხანაგობას, კომპანია ასევე აღნიშნავს მეგობარ-ამხანაგთა საზოგადოებას, ამხანაგობას რაიმე საქმეში, თანამესუფრეებს. მაგალითად, მხიარული კომპანია ლხინის დასრულების შემდეგ დაიშალა.

კამპანია კი ერთობლივი, კოლექტიური ღონისძიებების მიმდინარეობაა. ასევე - ერთ საბრძოლო ასპარეზზე გაჩაღებული ომი, ლაშქრობა, რომელიც სათანადო გეოგრაფიულ სახელს უკავშირდება ( მაგალითად, ყირიმის კამპანია...).

დიპლომანტი და დიპლომატი

დიპლომანტი - სტუდენტი, რომელიც სადიპლომო შრომას ამზადებს ან რაიმე კონკურსში გამარჯვებული, საპატიო დიპლომით, სიგელით დაჯილდოებული.

დიპლომატი კი თანამდებობის პირია, რომელიც დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა, უცხო სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აკისრია. გადატანითი მნიშვნელობით ასევე აღნიშნავს მოხერხებულ ადამიანს, რომელსაც ეხერხება სხვადასხვა რთულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა, მოლაპარაკების წარმოება.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ