მელაძე: "ველით ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას"
26.07.2024
კატეგორია - საქართველო



"ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისის მერის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.

2022 წლის ნოემბერში სასამართლომ „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა და კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა. თბილისის მერი წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.

"დღეს ჩვენ დავიწყეთ ამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნა და ისინი ვალდებულები არიან, მოცემული გადაწყვეტილება შეასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას…

ჩვენ ამ თანხას ვითხოვთ და იმედია, იძულებითი აღსრულება არ დაგვჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა არ იქნება გადახდილი, ბუნებრივია, დაიწყება იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საბანკო ანგარიშები დაყადაღება. შემდეგი ნაბიჯი იქნება ქონების დაყადაღება და თუ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო კანონით", - დიმიტრი გაბუნიას ამ კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს. 

"ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან. 

"ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.

აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება - "მამულაშვილის ქეისი".

რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ქონება მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა, დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე, რომელიც "წავაგეთ". დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.

რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად, მიკროფონი, კამერა, სკამი,  კომპიუტერი,  გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს", - წერს მელაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ