„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - რატომ გვჭირდება სათემო რადიო
04.09.2024
კატეგორია - საქართველო


დაახლოებით 20 წლის წინ, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია „ბი-ბი-სი უორლდ სერვის ტრასტმა“ (BBCWST) ევროკავშირის მხარდაჭერით, „სტუდია რე“-სთან ერთად, სათემო რადიოების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მარნეულისა და ნინოწმინდის რადიოები გაჩნდა. 

სათემო რადიო ეროვნულისგან იმით განსხვავდება, რომ კონკრეტული თემის ინტერესებს ემსახურება და მისი წევრების მოსაზრებების გაშუქებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სათემო რადიოს მაუწყებლობის პროცესში სწორედ იმ საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლისთვისაც ის შეიქმნა და მიზნად მოგების მიღება არ აქვს.

სათემო რადიოს მაუწყებლობისთვის ლიცენზიას მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია გასცემს.

საქართველოში სათემო რადიოებს ძირითადად მცირერიცხოვანი რედაქცია მართავს, გადაცემების დიდ ნაწილს კი სწორედ ადგილობრივები ამზადებენ. ჩვენთან სათემო რადიოები ფინანსურად ძირითადად დონორ ორგანიზაციებზე არიან დამოკიდებულები და, შესაბამისად, რუსული კანონიც ეხებათ. რადიო „მარნეულსა“ და „ნორს“ „უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ნებაყოფლობითი რეგისტრაცია არ გაუვლიათ. 

რადიო „მარნეული“ 2006 წელს დაარსდა, თუმცა, სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია 2016 წელს მიიღო. „მარნეული“ მულტილინგვისტური რადიოა, მას საინფორმაციო გადაცემები ქართულის გარდა, აზერბაიჯანულ ენაზეც აქვს, ვებგვერდზე კი ახალი ამბები სომხურ ენაზეც ქვეყნდება. რადიოში სულ 12 ადამიანი მუშაობს. 

რადიო „მარნეულის“ დირექტორის, ჟურნალისტ კამილა მემედოვას თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესში სათემო რადიოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. 

„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ყოველთვის იყო არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციისა და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის პრობლემა. მარნეულსა და ქვემო ქართლში არასდროს ყოფილა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია, რომელიც ადგილობრივების ენაზე ისაუბრებდა. თემის ინტეგრაციის პრობლემები განპირობებული იყო იმით, რომ მათ არასდროს, არავინ თვლიდა სრულფასოვან მოქალაქეებად, ყოველთვის გარიყულები იყვნენ.

რადიო „მარნეულის“ შექმნის იდეა სწორედაც რომ თემის გაძლიერება, ინფორმირებულობა და მათი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა იყო, რათა ისინი მეტად ინტეგრირებულები ყოფილიყვნენ“.

როგორც კამილა მამედოვამ განაცხადა, მარნეულის მცხოვრებლებს აღარ უწევთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის რუსული, აზერბაიჯანული და სომხური მედიებიდან მიღება და „პროპაგანდის მსხვერპლად“ ქცევა, ვინაიდან მარნეულის სათემო რადიო მათ ინფორმაციას „საქართველოს პრიზმიდან“ მათთვის გასაგებ ენაზე აწვდის.

„ის, რომ საკრებულოს კარი ღიაა და ყველა მოქალაქეს შეუძლია მივიდეს, თავისი პრობლემა გააჟღეროს და ა.შ. ეს ყველაფერი რადიო „მარნეულის“ აქტიური მუშაობის შემდეგ დაიწყო. ის რომ საკრებულო ჩასატარებელ სხდომას, კანონის გათვალისწინებით, 5 დღით ადრე აანონსებს და მათი სოციალური მედია არამხოლოდ ქართულ ენაზე მუშაობს, ჩვენი რადიოს დამსახურებაა. 

მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყეთ, ქალთა ჩართულობაც გაიზარდა. მარნეულის მერია შეხვედრების დროს სპეციალურად ჩვენთვის იღებს ფოტოებს, სადაც ქალები ჩანან. იციან, რომ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ“.

როგორც „მარნეულის“ დირექტორმა აღნიშნა, ორგანიზაციას რუსული კანონი პირდაპირ ეხება, ვინაიდან ის დონორების დაფინანსებით ფუნქციონირებს. 

„ცხადია, რუსული კანონი ჩვენ გვეხება. ის გვავალდებულებს, რომ ჩვენი ხელითვე დავრეგისტრირდეთ და დაგვიძახონ აგენტები. ამ კანონის მთავარი მიზანი ესაა, თუმცა, არ ვაპირებთ დარეგისტრირებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. საშიშროება არის, რომ ჩვენ ვეღარ ვიარსებებთ, შეიძლება ლიცენზია წაგვერთვას და ა.შ. მაგრამ პრინციპული საკითხია, ჩვენი ხელით ჩვენ არ დავრეგისტრირდებით. არ ვეთანხმებით ამ კანონს, მისი ფუნქცია არ არის გამჭვირვალობა. 

ჩვენ ყოველთვის ვიყავით გამჭვირვალეები. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია გვყავს, როგორც ზედამხედველი. ვინაიდან ლიცენზიის მფლობელები ვართ, ყოველ თეთრზე გვაქვს ანგარიში გაკეთებული. ყოველ კვარტალში ვაკეთებთ აუდიტს, მაგრამ რეალურად ეს მათ არაინტერესებთ. მათ კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია უნდათ. მედიის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს და ნეპოტიზმსა და კორუფციას ებრძვის“.


მამედოვას თქმით, თუ რუსული კანონი არ შეჩერდა, თემი სიტყვის თავისუფლებასა და იმ კრიტიკული აზრის მოსმენის შესაძლებლობას დაკარგავს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მათ რადიო სთავაზობდა.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდა რადიო „ნორიც“.

„ნორიც“ 2006 წელს დაარსდა, თუმცა, მას სამაუწყებლო ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ 2015 წელს მისცა. 

მულტილინგვისტურია ნინოწმინდის ეს სათემო რადიოც, რომლის მაუწყებლობისთვისაც 10 ადამიანი მუშაობს. რადიოში საინფორმაციო გადაცემები ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე გადის. ახალი ამბები ამ სამ ენაზეა ხელმისაწვდომი რადიოს ვებგვერდზეც. საავტორო გადაცემებთან ერთად, რადიო მსმენელს მუსიკალურ და იუმორისტულ პროგრამებსაც სთავაზობს. 

„ნორის“ დირექტორის, არარატ თთთიანის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში რადიო მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, „ნორი“ თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი პრობლემის შესახებ გააჟღეროს და გამოთქვას აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

თთთიანის თქმით, რადიოში ხშირად მოვისმენთ ახალგაზრდების, დიასახლისების, პედაგოგების, სტუდენტების, რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, დუხობორებისა და აჭარელი ეკომიგრანტების შეფასებებს. როგორც ის აღნიშნავს, როცა მოსახლეობას რაიმე პრობლემა აქვს (მაგ: წყლის, გზების, სოციალური და ა.შ), „ნორს“ მიმართავენ და ჟურნალისტები მათ ამ საკითხების მოგვარებაში ეხმარებიან. 

რადიო „ნორის“ დირექტორის განცხადებით, ორგანიზაციას რუსული კანონი პირდაპირ ეხება, ვინაიდან ისიც დონორების დაფინანსებით ფუნქციონირებს. თთთიანის შეფასებით, თუ რუსული კანონი არ გაუქმდა, „თემი დაკარგავს თავისუფალ, მიუკერძოებელ მედიას, რომელიც მის პრობლემებს აშუქებდა და  დაკარგავს პლატფორმას, საიდანაც ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა შეეძლო“.

მარნეულისა და ნინოწმინდის სათემო რადიოების დაარსებაში მონაწილეობა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლია ჩახუნაშვილმაც მიიღო. მისი განცხადებით, რომ არა დასავლური გამოცდილება და დონორების ფინანსური ხელშეწყობა, საქართველოში სათემო რადიოები არ იარსებებდა. 

„ეს იყო დასავლური გამოცდილებითა და ფინანსებით განხორციელებული პროექტი. იდეა დონორებისგან მოდიოდა, მაგრამ ის ადგილობრივმა თემმა აიტაცა. 

ის, რომ ორივე რადიომ ბევრს მიაღწია, ადგილობრივი გუნდის დამსახურებაა. ისინი მათ წლების მანძილზე ძალიან დიდი სიყვარულით, თავდადებით, შრომითა და ძალისხმევით ქმნიდნენ.

მიმაჩნია, რომ ამ ორმა რადიომ საქართველოში უნიკალური გამოცდილება და რესურსი შექმნა, რომლის ადაპტირება სხვა ქვეყნებსა და გარემოშიც შეიძლება“.

ჩახუნაშვილის შეფასებით, სათემო რადიო თემის განვითარების ხელშესაწყობად გამორჩეულად კარგი საშუალებაა. ეს რადიოები საქართველოში მცხოვრები ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობის განვითარებას და ქვეყნის სოციალურ ქსოვილში უფრო მჭიდროდ ინტეგრაციას უწყობენ ხელს.

„ეს პროექტები ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი ამოცანებითა და მიზნებით დაიწყო. მათ შექმნეს უნიკალური, ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რომლის გაქრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება.

სათემო რადიოები ხელს უწყობენ ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას. ისინი წარმოადგენენ თემის ხმას და აადვილებენ კომუნიკაციას თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სათემო რადიოებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს.



------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს. შესაბამის ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოეწურათ და რუსული კანონით გათვალისწინებული იძულებითი რეგისტრაციის, მონიტორინგისა და დაჯარიმების მექანიზმები ძალაში შევიდა. 

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ