„ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის სასამართლომ „ფორმულა“ და „TV პირველი“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა
16.09.2024
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულა“ და „TV პირველი“ კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. 

ორივე შემთხვევაში სასამართლომ სამართალდარღვევად ტელევიზიების ეთერიდან „ქართული ოცნების“ იმ საარჩევნო კლიპის ამოღება მიიჩნია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან. პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

ტელეკომპანიების ცნობით, გადაწყვეტილება გამოცხადდა პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობასთან დაკავშირებულ ComCom-ის მეორე სარჩელზეც. საქალაქო სასამართლომ ორივე ტელევიზია სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, მათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კომისიაში საჩივრების შემოტანის მომენტში ჰქონდა, დადასტურა ComCom-ის განზრახვაც, რომ კრიტიკულ მედიებზე ზეწოლა მოახდინოს.

„ორივე საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა აბსოლუტური დარღვევები და ასევე სიძლვილის ენა წააქეზა, რომელიც არის მიმართული მესამე სექტორის მიმართ,“ - აღნიშნავს იურისტი „TV პირველის“ განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის შეფასებით კი, წინასაარჩევნოდ ცუდი პრეცედენტები ყალიბდება და ComCom-ი უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს იღებს.

„სამწუხაროდ, ცუდი პრეცედენტები ყალიბდება წინასაარჩევნოდ და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილებებსაც იღებს კომისია და ახალ-ახალ პრაქტიკას ადგენს. ისე განმარტავენ კანონს, რომ „ქართული ოცნების“ საჩივარი მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.

ფაქტია, რომ ძალიან დიდი ზეწოლა წამოვიდა ამ წინასაარჩევნოდ კრიტიკულ მედიებზე და არამარტო მედიებს, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო სუბიექტებსაც ზღუდავს მათთვის კუთვნილ, კანონით დადგენილ საეთერო დროში,“- აღნიშნა ქათამაძემ.

სასამართლომ 13 სექტემბერს ComCom-ის სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 5 000 ლარით დააჯარიმა „მთავარი არხიც“. კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად „ქართული ოცნების“ იგივე რეკლამის განუთავსებლობის გამო ცნო. 

„მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ ამ რეკლამის განთავსება კანონით გათვალისწინებული სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას ეწინააღმდეგება.

ტელეკომპანიები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ComCom-ის ძველი გადაწყვეტილებების შსახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ