ფლანგვის დეტექტორი: „იმედმა“ და Postv-მა ივანიშვილის განცხადების რეკლამირებაში, „ოს დებსა და ძმებს“ ბოდიშს რომ უხდის, 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს
18.09.2024
კატეგორია - საქართველო

ფოტო : ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების რეკლამირებაში, რომელშიც იგი „ოს დებსა და ძმებს“ ბოდიშს უხდის, „იმედმა“ და Postv-მა 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და სიის პირველმა ნომერმა გორში გამართულ პარტიის ღონისძიებაზე თქვა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო რომ დავალების შესაბამისად მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. 

„ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო არხები და “ქართული ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა თუ თავიანთი კომენტარების გასავრცელებლად სოციალურ ქსელში პოსტებს არეკლამებენ.

„აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამთავრობო არხებიც იხდიან თანხას სოციალური ქსელის რეკლამებში, რათა ხელი შეუწყონ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებას. 

„ტვ იმედმა“ მამუკა მდინარაძის გამოხმაურებისა და გორში ჩატარებული შეხვედრის ვიდეოს დარეკლამებაში საერთო ჯამში 200 აშშ დოლარი გადაიხადა. 

გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა ტელეკომპანია პოსტვ-მ. ბიძინა ივანიშვილის განცხადების დარეკლამებაში ტელეკომპანიამ 700$ გადაიხადა, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაში დამატებით 300$, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის კომენტარები კი 100-100 აშშ დოლარით დარეკლამდა“. 

„ფლანგვის დეტექტორის“ შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილ სამხედროებსაც. მმართელი პარტიის წევრები და მასთან აფილირებული ტელეკომპანიები კი სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებით ხელს უწყობენ ამ განცხადების გავრცელებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ