CMIS: ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) ცენტრალური უწყებები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს არ პასუხობენ
18.09.2024
კატეგორია - საქართველო


„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” სამთავრობო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. კვლევა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პროექტის ფარგლებში მედიასაშუალებების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც შეგროვდა.

მონიტორინგის შედეგად კი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების სისტემური პრობლემა გამოიკვეთა. ორგანიზაციამ ერთი წლის განვალობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863  წერილი შეაგროვა და დაამუშავა. 

"წერილების საერთო რაოდენობიდან 1099 წერილზე ჟურნალისტებმა მიიღეს პასუხი, თუმცა თითქმის ერთი მესამედი, 341 (31%) - კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც გარდა იმისა, რომ ნათლად მიანიშნებს მმართველობითი ინსტიტუტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხელშეწყობის დაბალ ხარისხზე, ასევე მედიისთვის დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში კარგავს რელევანტურობას, რაც მათ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია. 

დაბრუნებული პასუხების საერთო რაოდენობიდან კი, მხოლოდ 44% (488) პასუხობდა მოთხოვნას სრულყოფილად, ხოლო 52% (569) ნახევარზე მეტი - მხოლოდ ნაწილობრივ იძლეოდა გამოთხოვილ ინფორმაციას, რაც ასევე მედიისთვის ხარისხიანი მასალის მოსამზადებლად ხელოვნურ ბარიერებს წარმოადგენს. 27 (2%) წერილის პასუხად უარი გამოიგზავნა, 15 (1%) წერილს კი სხვა სტატუსი აქვს".

ერთწლიანი კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებებია:

  • საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%).
  • მთლიანობაში ცენტრალური და ადგილობრივი უწყებები ინსტიტუტებში შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი. 
  • ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე ვადის გადაცილებით პასუხობენ.
  • ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს (19%). 
  • ადგილობრივ უწყებებში უპასუხოდ რჩება მოთხოვნათა 38%, ხოლო ვადაგადაცილებით ბრუნდება - 20%. 
  • ადგილობრივი უწყებები მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი 28%.
  • საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი - 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. მეორე თემა, რომელიც დომინირებდა - მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა,საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.
პროექტის განმავლობაში “მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული. კონსტიტუციის მე-17 მუხლი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას უზრუნველყოფს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და მიღების წესს ადგენს.


იხილეთ ამ თემაზე მედიაჩეკერის სტატია არქივიდან:





 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ