ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო
06.09.2024
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო. კომისია 55-მდე ტელემაუწყებელს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება. 

როგორც ComCom-ი განმარტავს, რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“ 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. 

"მონიტორინგის პროცესში 25 სპეციალურად გადამზადებული მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება". 

მონიტორინგის პერიოდში კომუნიკაციების კომისია 2 შუალედურ და ერთ შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 

"მედია მონიტორინგის გარდა, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აღასრულებს საარჩევნო კოდექსით გაწერილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით".

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევიც გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით. 

საარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც".  მონიტორინგისთვის შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, ალტ ინფო და კავკასია  და 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge შეირჩა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ