7 აგვისტო - მტრული თარიღი პროპაგანდისათვის
08.08.2024
კატეგორია - ბლოგი

 
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიისთვის 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დაწყების თარიღი 8 აგვისტოა, რიცხვი, როცა რუსეთი კი არ ესხმის თავს საქართველოს, არამედ მხოლოდ „რეაგირებს ქართულ პროვოკაციაზე“, 7 აგვისტოს კი რუსეთი უკვე აქაა, „ქართული პროვოკაციის“ გარეშეც, და ეს ცხადია, არ ჯდება ხელისუფლების პროპაგანდისტულ მატრიცაში, სადაც საქართველო წინა ხელისუფლების სიშლეგისა და მაშინ ჯერ კიდევ არა სახელდებული, თუმცა, უთუოდ უკვე არსებული „გლობალური ომის პარტიის“ მითითებით ჩაება ომში. 

8 აგვისტო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისათვის აწმყოში მოქმედი თარიღია - ომით შეშინებულ ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის განკუთვნილი წინასაარჩევნოდ, რადგან შიში - ფულთან ერთად - სწორედ ის სუბსტანციაა, რაზედაც თავისი ძალაუფლების მორყეული ციხის აშენებას ცდილობს ოლიგარქი.  

პროპაგანდისათვის წარსული თითქოს არც არსებობს, წარსული ხელისუფლებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ ძველ მტრის ხატსა და ძველ შიშებს როგორმე აწმყოშიც შეუნარჩუნოს აქტუალობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის კლანს უკვე დიდი ხანია არაფერი აქვს შესათავაზებელი მომავლისთვის (ის კბილებითა და ფრჩხილებით, „ასავალ-დასავლებითა“ და „იმედით“, „ნანა კაკაბაძეებით“ და „სუბარებით“ ეჭიდება ოცნებისთვის“ მუმიფიცირებულ და ნოსტალგიურად სატრაბახო 2012 წელს), რეჟიმი მხოლოდღა აწმყოში არსებობს - ყალბ „ახლაში“, სადაც 2008 წლის 8 აგვისტოს არა პუტინის რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლების პროპაგანდისტულად დამუშავებული ქცევა უნდა იყოს ფოკუსში, რის გამოც ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, როგორც ის უკრაინელებმა „ვერ აიცილეს თავიდან“ 2022 წლის 22 თებერვალს - მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა რომ გვამცნო 25 თებერვლის მემორიალთან... 

„ქართული ოცნების“ „ბობოლობა“ გლოვის ყოველწლიურ და სავალდებულო აქტს ასრულებს აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროთა საფლავებთან, მაგრამ მათ რიტუალურ პოზას ცხადად პროპაგანდისტული მიზანი აქვს: ამ დამწუხრებულმა სახეებმა საგზლად უნდა გაგვატანონ ცოდნა არჩევნებზე, რომ 2008 წლის ომს სწორედ პირბადის უკან სახედამალული ივანიშვილი „გვაცილებს“ ბოლო 12 წელიწადია და რაც მოხდა, მოხდა არა პუტინის დამპყრობლური ამოცანის, არამედ იმ პარტიისა და კაცის გამო თუ მიზეზით, რომლის ხატიც ლამისაა საარჩევნო უბნებში გამოკიდონ ჯორჯ ორუელის „დიდი ძმის“ მითოლოგიური მტერივით: „გთხოვთ, გეშინოდეთ ამ პიროვნების!“ 

8 აგვისტო შეცდომის თარიღია პროპაგანდისათვის - სიფრთხილის ვერგამოჩენის, დათვისთვის დროულად ბაბაიას ვერდაძახების, როცა საარჩევნოდ ვერჩამოყალიბებულ მოჭოჭმანე ორ ათეულ პროცენტს უმალ ბიძინა ივანიშვილის სიბრძნე უნდა წარმოუდგეს თვალწინ - როგორ აშოშმინებს ეს პირბადიანი გენიოსი „წინა ხელისუფლების შეცდომაზე“ რეაქციის მიმცემ და  "მშვიდობისმოყვარე პუტინს" და ამ პოლიტიკურ-მისტიკური ჰიპნოზით, სინამდვილეში კი მავნებლური და სახიფათო ტყუილით, აგვისტოს ომის სიმართლეს, მისი დაწყების თარიღს დევნის ჩვენი ცნობიერებიდან... ისევე, როგორც ჩვენი დაცულობის მთავარი საყრდენის, დასავლეთის, გაძევებას ცდილობს აქედან.

2008 წლის 7 აგვისტო იმ ცოდნის არდავიწყების თარიღიც არის, რომლის გაუქმებასა და ადღაბვნასაც ასე აქტიურად და მზაკვრულად ცდილობს "ქართული ოცნების“ პროპაგანდა - თუ ვინ არის საქართველოს მტერი...  

რეალური მტრის ჩანაცვლების მცდელობა მტრის ხატით ამ ხელისუფლების უდიდესი ისტორიული დანაშაულია და სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ობიექტურადაც ძალიან საშიშია... თუკი ზერელე ცნობიერებას წლების განმავლობაში, პრაგმატული თანმიმდევრულობით ეწვეთება, რომ მტერი პუტინის რუსეთი კი არა, არამედ სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ხატია, მაშინ მეტოქედ მავანს სწორედ ეს ილუზია ესახება, მოჩვენება, რომელიც არც არსებობს სინამდვილეში და წინააღმეგობას, თუნდაც მხოლოდ ცნობიერს, ილუზიასავე უწევს და არა ხორცშესხმულ მტერს - პროპაგანდასა თუ ობიექტურ რეალობაში. 

8 აგვისტო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ლოგიკაში ქართული დანაშაულის დღეა, პუტინის ომის ვერაცილებულობის „ლაფსუსი“, რომელიც ახლა და აქაა და არა წარსულში. 

8 აგვისტო „ოცნებისთვის“ ქართული ხელისუფლების და ჩვენი „დანაშაულის“ დღეა, სადაც არსებითად რუსეთი დიდად არც არაფერ შუაშია, ის უბრალოდ იძულებული გახდა, რომ „გლობალურ ავანტიურაზე“ გაეცა პასუხი...   

08. 08. 08. - საქართველოს „ცოდვის“ თარიღი ყოფილა, რომელსაც იმდენჯერ მოვინანიებთ, რამდენჯერაც ივანიშვილის მარიონეტებს ავირჩევთ - „უკუნითი უკუნისამდე“.

არადა, საქართველოს ისტორიული სიმართლე უკვე 7 აგვისტოს, 7 აგვისტომდე და 7 აგვისტოს მერეც ცნობილი იყო. 

და ასე იქნება ყოველთვის. მართლაც უკუნითი უკუნისამდე.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ