„ნადირობის სეზონი“
09.09.2024
კატეგორია - ბლოგი


„ეს არის ფაქტები: ბოშა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს თანაცხოვრებას. ის შეუფერებელია ადამიანთა შორის ცხოვრებისთვის. ეს ბოშები ცხოველები არიან და ცხოველებივით იქცევიან. ისინი გახრწნილები და ამორალურები არიან და, შესაბამისად, ცხოველებს გვანან. სექსის დროსაც კი ცხოველებივით იქცევიან! მათ არ შეუძლიათ ადამიანური კომუნიკაცია! ყველაზე ხშირად, მათი თავის ქალებიდან გამოდის გაუგებარი ხმები და არაადამიანური ღმუილი და ერთადერთი, რაც მათ ესმით ამ უბედურ სამყაროში, - ეს ძალადობის ენაა.“ ეს არ არის ამონარიდი ადოლფ ჰიტლერის საჯარო გამოსვლიდან, როგორც ეს შეიძლება ეგონოს მკითხველს. ეს სიტყვები გამოქვეყნდა პრესაში 2013 წელს და ეკუთვნის ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს, ჟოლტ ბაიერს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო მეგობარი, უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და უნგრეთის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მფლობელია. ბაიერის განცხადება დეჰუმანიზაციის კლასიკური მაგალითია, რომელსაც შეუძლია წაახალისოს ძალადობა იმ მარტივი მიზეზით, რომ ეკუთვნის მმართველი გუნდის წევრ პოლიტიკოსს და ამასთან ვრცელდება მასმედიით. ეს ორი ფაქტორი განსაკუთრებით საშიშს ხდის ამ სახიფათო გამონათქვამს, რომელიც ნელი მოქმედების ნაღმს ჰგავს. მართლაც, დეჰუმანიზირებული იდეოლოგია, როგორც ამას მკვლევარი, დევიდ ლივინგსტონ სმითი აღნიშნავს თავის წიგნში „On Inhumanity” (თავი 17 - Dangerous speech, გვ.116), შეიძლება თვლემდეს წლების, ან საუკუნეების განმავლობაშიც კი მხოლოდ იმისთვის, რომ გამოიღვიძოს საჭირო დროს და გახდეს საშიში ანგარიშგასაწევი ძალა მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური კლიმატის პირობებში. 

სოციალური ფსიქოლოგის, სტენლი მილგრემის (და სხვათა) მიერ 60-იან წლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის წარმოდგენები ადამიანების მორჩილების შესახებ, ბევრი საკამათო და კრიტიკული მოსაზრების მიუხედავად, გამოავლინა სამწუხარო კანონზომიერება - ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია ავნოს მეორე ადამიანს, თუ ამას ავტორიტეტული პირი უბრძანებს. მილგრემს სჯეროდა, რომ ადამიანების სისასტიკეს არა მათი გენეტიკური მიდრეკილება, არამედ კონკრეტული ვითარება განაპირობებდა. ამიტომ გარემოს და კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ სიტუაციური ტრანსფორმაციისთვის, რომელსაც სხვა დიდმა მეცნიერმა და მკვლევარმა, ფილიპ ზიმბარდომ „ლუციფერის ეფექტი“ უწოდა. სტენლი მილგრემის მიერ 1961 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ასევე ცხადჰყო, რომ თუკი ცდისპირს, რომელიც ელექტროშოკს ურტყამდა ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანს, მანამდე ესმოდა მსხევრპლის შესახებ უსიამოვნო ეპითეტები - სიტყვა „ცხოველი“ და სხვა (Animalistic dehumanization), მით უფრო მაღალი იყო მასში მზაობა ზიანი მიეყენებინა თავისი სამიზნესთვის. ამის დასტურად მე-20 საუკუნის რამდენიმე გენოციდის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელსაც წინ უძღოდა მიზანმიმართული დეჰუმანიზაცია - მსხვერპლის ადამიანური თვისებებისგან, მორალისგან, ზნეობისგან, ღირსებისგან განძარცვა და მისთვის საზოგადოების ყველა უკუღმართობის და ჭირის დაბრალება.

დღეს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო სტანდარტები, რეგულაციები და ეთიკა უკრძალავს კომუნიკატორს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენით ლაპარაკს, მაგრამ აგრესიული რიტორიკა ადაპტირდა და მიუღებელი მეტაფორები შეცვალეს ახალმა მეტაფორებმა, რომლებსაც შესძინა ძალა და აქტუალობა თანამედროვე კონტექსტმა. „უსამშობლოები“, „ქვეყნის მტრები“, „უცხოეთის აგენტები“, „სოდომისტები“, „ნაცხროვა“ და „ქოცნახირი“ - ყველა ეს შეურაცხმყოფელი იარლიყი გამოჭრილია დეჰუმანიზაციის თარგზე, უბრალოდ ზოგი მათგანი უკიდურესად აგრესიულია, ზოგი კი არ გულისხმობს ადამიანისთვის ცხოველის ნიშან-თვისებების მიკერებას და, შესაბამისად, არ აყენებს ადამიანებს ბოლომდე უუფლებო მდგომარეობაში. ეს კი ქმნის იმის ილუზიას, რომ ასეთი რიტორიკა ნაკლებად სახიფათოა. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანია და ის საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებსაც მასმედიის თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ისმენს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს გაკეთებული ოფიციალური განცხადებები შეიძლება შეფასდეს, როგორც ე.წ. დეჰუმანიზაციის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ამ პროცესში აქტიურად გამოიყენება მედია, როგორც საკომუნიკაციო არხი და, ამასთან, სასურველი განწყობების და სახე-ხატის ჩამოყალიბების აუცილებელი ხელსაწყო. არასასურველი, უარყოფითი იმიჯი ყალიბდება ან უშუალო კონტაქტით, ან გაუშუალოებული ფორმით - მედიის დახმარებით. ამრიგად, მედიაში შესაბამისი სახე-ხატების შექმნით შესაძლებელია ადამიანებისთვის მყარი და მდგრადი წარმოდგენების შექმნა. გასათვალისწინებელია მასკომუნიკაციის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თეორია - დღის წესრიგისა და განაწესის და ე.წ. ჩარჩოს (ფრეიმინგის) თეორია, რომელიც აყალიბებს საზოგადოების დღის წესრიგს, კერძოდ, პირველი მიუთითებს, თუ რაზე უნდა იფიქრონ, ხოლო მეორე (ფრეიმინგი) იძლევა იმის შაბლონებს, თუ რა და როგორ უნდა იფიქრონ პიროვნებასა და მოვლენებზე მოქალაქეებმა. მაგალითად, დღეს არჩევნები ყველაზე აქტუალური თემაა და ასეც იქნება (დღის წესრიგი), მაგრამ მის მნიშვნელოვნებას განსხვავებულად გვაჩვენებენ - მაგალითად, „რესპონდენტთა 70% აცხადებს, რომ წავა არჩევნებზე“ და ამის საპირწონე განცხადება იმის თაობაზე, რომ „რესპონდენტთა 30% აცხადებს, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას“, უკვე ფრეიმინგია. 

ზემოხსენებული ორი თეორიის თვალსაჩინოებისთვის საინტერესო იქნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის სემანტიკური და კონტენტ ანალიზი („ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს). ამ მეტად ხისტ და სახიფათო გამოსვლას (Dangerous Speech) უნდა მივუდგეთ, როგორც დეჰუმანიზაციის პროცესის განუყოფელ ნაწილს. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს თავის საჯარო გამოსვლაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 4-ჯერ ახსენა „მტერი“ და „დანაშაული“, 5-ჯერ - „ღირსება“ და „ომი“, 6-ჯერ - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, 7-ჯერ - „უცხოეთის აგენტები“ და 11-ჯერ - სიტყვა „მშვიდობა“. ცალსახად უარყოფითი და ასევე უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვებით გზავნილის კოდირება ქმნის ხელსაყრელ წინა პირობას კომუნიკატორისთვის, რათა შექმნას ისეთი კონტექსტი, რომელშიც კონტრასტულობის პრინციპით თვითონ იქნება გმირი, ხოლო სხვა - ანტიგმირი (ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვასე, ღირსება და უღირსობა, ჩვენ და ისინი); სიტყვები და გზავნილები მეორდება თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ მართავს რეგიონებში მოსახლეობასთან (დღის წესრიგი და ფრეიმინგი) და დიდი ალბათობით მიზნად ისახავს ოპონენტის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვას ან განადგურებას (Character Assassination). 

ზოგადად, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პირის თუ ჯგუფის უარყოფითი ან დადებითი იმიჯი, აუცილებელია არსებობდეს ორი რამ - მათ შესახებ შესაბამისი რწმენები და წარმოდგენები (beliefs) და მათი მნიშვნელოვნება, ღირებულება (values). თუ ამ ორი ფაქტორიდან ერთ-ერთი ნულის ტოლია, იმიჯი არ იქმნება. მაგალითად, 2008 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ბარაკ ობამას შესახებ გავრცელდა ჭორი, თითქოს იგი მუსლიმია. ეს ინფორმაცია ჩვენამდეც მოაღწევდა, მაგრამ დიდი ალბათობით არ წარმოადგენდა დიდ ღირებულებას ჩვენთვის, მაგრამ უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის მოქალაქეებისთვის. მით უმეტეს, რომ ბევრ მათგანს ჰქონდა მოუშუშებელი იარა (2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები) და ბევრისთვის მუსლიმი ასოცირდებოდა რადიკალიზმთან. რომ დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ ნეგატიურ და პოზიტიურ კონსტრუქციებს, რომელიც იგება ემოციურ და რაციონალურ საინფორმაციო ნაკადებზე (ემოცია: მე კეთილი ვარ და ის ბოროტი. მე ვიცავ ტრადიციებს და ის შეურაცხყოფს მათ; ენა, მამული, სარწმუნოება... და რაციონალური: მაგალითად, კონკრეტული ციფრები და სტატისტიკა - რამდენი პროცენტით შემცირდა უმუშევრობა. რამდენი პროცენტით შემცირდა სიღარიბე, დანაშაულის სტატისტიკა, რამდენით გაიზარდა ეკონომიკა და ა.შ.). თვალი რომ გადავავლოთ საარჩევნო კამპანიებს, დავინახავთ, რომ ზემოხსენებული საჯარო გამოსვლებით და პოპულიზმით ერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს პოზიციონირდეს კონკურენტის ფონზე და ამომრჩეველს შეუქმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა გააკეთა კარგი მან და რა გააკეთა ცუდი მისმა კონკურენტმა.  

როგორც წესი, პროპაგანდა დეჰუმანიზაციის სტრატეგიას ოპონენტის დისკრედიტაციისთვის და განადგურებისთვის იყენებს ორ ეტაპად: საწყის ეტაპზე საჭიროა პირისა თუ ჯგუფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებებისა და განწყობების შექმნა (მანიპულატორი ადამიანს აყენებს დილემის წინაშე - მიაკუთვნოს თავი რომელიმე ჯგუფს და დაყოს საზოგადოება “თავისიანებად” და “უცხოებად”), ხოლო შემდეგ ამავე ჯგუფისთვის (მეტოქესთვის) ზიანის მიყენების თანხმობის მიღება და პოლიტიკური ოპონენტის დევნის დამაჯერებელი არგუმენტების პოვნა, რომელმაც უნდა შეამციროს კოგნიტური დისონანსი („ადამიანებს ასე არ ექცევიან... მაგრამ ისინი ხომ არაადამიანები არიან!“).

2023 წელს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ამავე წლის მარტში IRI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ის, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას, ე.წ. გადაუწყვეტელი და ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი დაახლოებით 50% შეადგენს. ჩიტი ბრდღვნად ღირს და ამ რეალობის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიები ცვლიან თავის წინასაარჩევნო რიტორიკას და ცინიკური და დამცინავი კომუნიკაციის სტილს ცვლის აგრესიული რიტორიკა, რომელშიც წინა პლანზე გამოდის დაშინება (Sway the undecided). რატომ დაშინება? იმიტომ, რომ შიში არის ბიძგი დამოუკიდებელი ქმედებისკენ. საბჭოთა ეპოქაში პოლიტიკურმა ანეკდოტებმა დაამკვიდრა ფრაზა „დასცინე პრობლემას და ის გაქრება“, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიების დროს არ სურთ პრობლემების უგულებელყოფა და ოპონენტისგან ჯამბაზის შექმნა. პირიქით, გამარჯვებისთვის საჭიროა არსებობდეს საფრთხობელა, რომლისაც უნდა გეშინოდეს და რომელიც უნდა გძულდეს. პროპაგანდა ნიღბავს ძალადობას ხატოვანი მეტაფორების მეშვეობით. ის არ მოუწოდებს მხარდამჭერებს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისკენ, ყოველ შემთხვევაში არ აკეთებს ამას ღიად და დაუფარავად, მაგრამ ის ითხოვს სრულ მხარდაჭერას „უკეთესი და სტაბილური მომავლისთვის“ (მაგ.: 1) „საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება.“; 2) „ქართული ოცნება“ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია! ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება.”; 3) დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს”, - სტილი დაცულია. სამივე, ბ.ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში, 26/08/2024). 

ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, აუდიტორიას შეიძლება შეეშინდეს (ომი, საფრთხე, ქვეყნის სხვა ტერიტორიების დაკარგვის რისკი). ის შეიძლება გაბრაზდეს, ან მას შეიძლება შესძულდეს ის ჯგუფი, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ხელს უშლის მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ისეთ ემოციებს კი, როგორიც არის ბრაზი, ზიზღი და შიში მიიჩნევენ დეჰუმანიზაციის პრედიქტორებად. თუ ადამიანი განიცდის რომელიმე მათგანს, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ის გაამართლებს სხვაზე განხორციელებულ ძალადობას, ან თვალს დახუჭავს ძალის გადამეტებაზე. მთავარია იყოს მშვიდობა. მშვიდობა კი უსაფრთხოების სინონიმია…

ფსიქოლოგებმა ფლორენს ენოკმა (ალან ტურინგის ინსტიტუტი) და ჰარიევ ოვერმა (იორკის უნივერსიტეტი) დაადგინეს, რომ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომლებშიც ადრესატებს ადარებენ ცხოველებს, ქვეწარმავლებს და მწერებს, ზრდის მსმენელში იმის ალბათობას, რომ ისინი დათანხმდებიან ამ ჯგუფებისთვის ან ინდივიდისთვის ზიანის მიყენებას (30-იან წლებში ფაშისტური პროპაგანდა მოიხსენიებდა ებრაელებს ვირთხებად და პარაზიტებად, იმავე პერიოდში სტალინური რეპრესიების დროს “ქვეყნის მტრებს” უწოდებდნენ სისხლისმწოველებს, ობობებს, ვამპირებს, ხოლო რუანდაში 1994 წელს ტუტსის ტომის გენოციდის ლეგიტიმაციას ამყარებდა სიძულვილის ენა და სიტყვები “ტარაკანი”, “გველი” და “აფთარი”). ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევრებმა შეთხზეს ინფორმაცია რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის შესახებ და მათი დახასიათებისას ცდისპირებთან გამოიყენეს სიტყვები: “გველი” და “ტარაკანი”. ჩვენ, ადამიანებს ღრმად ასოციაციური აზროვნება გვაქვს, ამიტომ თითქოს კანონზომიერიც კი არის, რომ ადამიანებს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს იმ არსებებისადმი, რომლებიც რიგ შემთხვევებში არიან დაავადებების გადამტანი და ასოცირდებიან სიბინძურესთან. როგორც თავდაცვის მექანიზმი, ადამიანი აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, ინსტინქტურად ემიჯნება სიბინძურეს, ხიფათს და არჩევს მისგან დისტანცირებას. დისტანცირების ერთ-ერთი ფორმაა კონფორმიზმი. ძალადობაზე ლაპარაკის დროს არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ მისი ნებისმიერი, თუნდაც პასიური ფორმით გამოვლინება, როგორც ეს შესთავაზეს ექსპერიმენტში მონაწილე პირებს მკვლევრებმა, ფლორენს ენოკმა და ჰარიევ ოვერმა. პოლიტიკოსებისთვის ზიანის მიყენების მზაობა მკვლევრებმა 4 პუნქტის მიხედვით გაზომეს და ცდისპირებს დაუსვეს 4 კითხვა: 1) რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელს მოაწერთ პარტიის გაუქმების მოთხოვნის მიზნით შექმნილ პეტიციას? 2) რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მიიღებთ მონაწილოებას ამ პარტიის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციაში? 3) თქვენი აზრით, უნდა იზღუდებოდეს თუ არა ამ პარტიების დაფინანსება? და მე-4) რამდენად მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს ამ პარტიების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება? დეჰუმანიზაცია, პირველ ყოვლისა, ნიშნავს უუფლებობას და უთანასწორობას. ახლა კი გაიხსენეთ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რიტორიკა “გამჭვირვალობასა” და პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციის გაუქმების თაობაზე… 

პროპაგანდის და, შესაბამისად, დეჰუმანიზაციის, როგორც მისი ერთ-ერთი ხელსაწყოს წინააღმდეგ ვაქცინა არსებობს და ეს არის ზოგადად განათლება, მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება, რომლის დახმარებით ადამიანი პასუხობს კითხვას Cui Bono - ვის აწყობს პოლარიზაცია და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება „ხალხის სასიკეთოდ“. ამიტომ, იმის თვალსაჩინოებისთვის, რომ ყველაფერი ახალი ხანდახან მართლაც კარგად მივიწყებული ძველია, მინდა დავასრულო დევიდ ლივინგსტონ სმითის სიტყვებით: 

„პოლიტიკური ლიდერები, განსაკუთრებით ავტორიტარული მიდრეკილების მქონენი, ხშირად იყენებენ დეჰუმანიზირებელ რიტორიკას, როგორც დარწმუნების საშუალებას, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანების ქცევაზე. პირველ რიგში, ისინი იყენებენ დაშინების სტრატეგიას და ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფს წარმოაჩენენ დემონებად, ურჩხულებად ან სასიკვდილო მტაცებლებად. შემდეგ ისინი ჩვენს მხარდაჭერას ითხოვენ და მის სანაცვლოდ გვპირდებიან, რომ გადაგვარჩენენ ამ საშინელებისგან. პოლიტიკური დარწმუნების ბნელ ხელოვნებაში დახელოვნებულები არიან ნამდვილი ილუზიონისტები და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალზედ რთულია. ამიტომ, იმისთვის, რომ დეჰუმანური რიტორიკის მახეში არ გავებათ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ილუზიის ბუნება და ვაცნობიერებდეთ ჩვენ დაუცველობას მის წინაშე.“





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ