„თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ“, - ქარტია „პუბლიკის“ მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე
02.02.2025
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს შალვა პაპუაშვილის მუქარას „პუბლიკას“ მიმართ და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივება

ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ - დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების დევნას, ხოლო მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მქონე პირები დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების მიმართ სიძულვილის გაღვივებას აგრძელებენ.

„ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილებაში და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგემლობაზე ალაპარაკდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკამ“ 1 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქციის შესახებ.

შალვა პაპუაშვილი ამ ინფორმაციას 1 თებერვალსვე გამოეხმაურა პოსტით ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელშიც „პუბლიკა“ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რეკლამირებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს შეახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა. „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქცია სწორედ ამგვარ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება.

მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა.

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე”, - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებას „პუბლიკა” მუქარად აღიქვამს. გამოცემის შეფასებით, პაპუაშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას ცდილობს და მათ მიმართ სიძულვილსა და ძალადობას ახალისებს, რაც მის პოსტზე კომენტარებით დასტურდება:

„”პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუკის გვერდზე „პუბლიკას" მასალის ე.წ. სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გამოცემა “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს”.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ