ამაღლობელის მდგომარეობის სათანადოდ კონტროლისთვის, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა - საია
02.02.2025
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სახალხო დამცველს მიმართა, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევს.

„2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.

იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი.

 საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში“, - წერს ორგანიზაცია.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 22-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ