„თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ არ იქნება აღდგენილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი EBU-დან უნდა გაირიცხოს“, - EFJ ივანოვ-ჩიქოვანზე
05.02.2025
კატეგორია - საქართველო


„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ შეშფოთებულია საქართველოში რეპრესიის გაძლიერებითა და „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „ქართული ოცნების“ გავლენების გაძლიერებით, მიმდინარე პროტესტებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ცენზურის დაწესების მიზნით. 

„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დაგმეს [მზია] ამაღლობელის დაკავების არასათანადო გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. შეხვედრა გაიმართა სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო მზარდი დაძაბულობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე“.

EFJ აღნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოს 30 იანვრის სხდომაზე, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკრიტიკა საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის ჩარევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ივანოვ-ჩიქოვანი მისი პოზიციის გამო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვებას ჩამოაშორეს, რასაც „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ მიუღებელ ცენზურად და პოლიტიკურ ჩარევად მიიჩნევს. 

EFJ-ის გენერალური მდივნი, რიკარდო გუტიერესი „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ რეაგირებისკენ მოუწოდებს: „თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ არ იქნება აღდგენილი, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ EBU-დან უნდა გაირიცხოს“.

„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ კიდევ ერთხელ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც. 

EFJ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოახდინოს მაქსიმალური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და სხვა ყველა სინდისის პატიმარი.

„ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია“ 44 ქვეყნის 73 ორგანიზაციის 295 000-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ