„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი
არხის“ გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განუსაზღვრელი დროით
„მოამბე“ აღარ წაიყვანოს, სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის
წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიაა.
„ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე.
„მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს“.
ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით, თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება „ქართულ ოცნებას„“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას გმობს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“.
კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას ემსახურება.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იგი ვერ ასრულებს საკანონმდებლო ვალდებულებებს, არასრულყოფილად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არის მიკერძოებული „ქართული ოცნების“ მიმართ და ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა კი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეს და არხის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს აკისრიათ.
„აღნიშნული პირები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მაუწყებლის სხვა თანამშრომლები და სამეურვეო საბჭოს წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ საეთერო სივრცეში ობიექტური ხმების გაჩუმებას და “ბიძინა ივანიშვილისა” და “ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას. ბოლო დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ცენზურისა და ხელმძღვანელობის მხრიდან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი შემთხვევა“.
კოალიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მოუწოდებს გამოხატონ პოზიცია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე პროცესებზე, „კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაც“, რომელიც შეშფოთებულია საქართველოში რეპრესიის გაძლიერებითა და „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „ქართული ოცნების“ გავლენების გაძლიერებით, მიმდინარე პროტესტებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ცენზურის დაწესების მიზნით.
„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დაგმეს [მზია] ამაღლობელის დაკავების არასათანადო გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. შეხვედრა გაიმართა სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო მზარდი დაძაბულობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე“.
EFJ-ის გენერალური მდივანი, რიკარდო გუტიერესი „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ რეაგირებისკენაც მოუწოდებს: „თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ არ იქნება აღდგენილი, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ EBU-დან უნდა გაირიცხოს“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გუშინ, 4 თებერვალს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 18–საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს.
„მოამბის“ წამყვანმა „პირველი არხის“ ოფიციალური პოზიციაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებამდე, გუშინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას ორმა პროდიუსერმა, თამუნა კენკიშვილმა და მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადეს, რომ 18:00-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერობაზე, რომელიც ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს, უარს ამბობენ.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” ერთადერთი წამყვანია, რომელიც მზია ამაღლობელს სოლიდარობას “მოამბის” პირდარი ეთერში უცხადებდა. ივანოვ-ჩიქოვანი ტელევიზიის იმ თანამშრომელთა შორისაცაა, რომლებიც მენეჯმენტისგან დღის ეთერის დათმობას ითხოვს.
“მოამბის” წამყვანმა 2024 წლის 30 ნოებრის საგანგებო ეთერის დროს, პირდაპირ ეთერი თქვა, რომ მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ღიად საუბრობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გავლენაზეც.