ზურაბ ჩხაიძე ამაღლობელზე: „საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება, ყოველთვის რაღაც გართულება იყოს“
06.02.2025
კატეგორია - საქართველო


„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, დღეს და სავარაუდოდ, ხვალ მათ კლინიკაში დარჩება.

„მხნედ არის. უგრძელდება კვლევები. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ასევე, კონსულტირება ამ კვლევის შედეგად ექიმ-სპეციალისტების მიერ. რეკომენდაციას ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს“.

ჩხაიძის განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშოა და გარკვეული გართულებები ყოველთვის მოსალოდნელია.

„რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება, ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება. სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კვლევა კიდევ გაგრძელდეს და იყოს კონტროლის ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე“, - თქვა ჩხაიძემ „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში.

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 26-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ინფორმაცია გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი[მზია ამაღლობელის] დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ