გზა მსახიობობიდან ჟურნალისტობამდე, რადიოდან ტელევიზიამდე, გასართობი
გადაცემების წამყვანობიდან სიღრმისეულ სოციალურ-პოლიტიკურ ტოქშოუმდე,
მემარჯვენეობიდან მემარცხენეობამდე - როგორია ნინო
ზაუტაშვილის 40-წლიანი სატელევიზიო გამოცდილება წაიკითხეთ
„მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ
ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. „რეალური
სივრცის“ წამყვანსა და კორესპონდენტს, იოსებ კაციტაძესა და თამარ
მშვენიერაძეს, პულტის რეჟისორს და შეთავსებით სპორტული არხის
რეჟისორს, კახაბერ მელიქიძეს, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის
რეჟისორს, ირმა ჩუბინიძეს კი თინათინ ბერძენიშვილმა „მაუწყებლობის
სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭქვეშ დაყენებითა და
ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო
საყვედური გამოუცხადა და ისინი 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური
ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების
შესახებ
გააფრთხილა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ვიცით,
ჟურნალისტიკა თავიდანვე არ იყო თქვენი არჩევანი. მსახიობობა
გინდოდათ?
- დიახ, მსახიობობა მინდოდა და რატომ: ერთი პერიოდი დედა [მერი
მიქელაძე] მძიმედ იყო ავად, მაშინ მასთან განსაკუთრებულად დიდი დროის
გატარება მომიწია. ამ ინტენსიური ურთიერთობისას, ცხადია, ძალიან ბევრს
ვლაპარაკობდით. სწორედ მაშინ მიყვებოდა დედა, როგორი გულნატკენი
წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან. ძალიან კარგი მსახიობი იყო, მაგრამ
ისე მოხდა, და ამაში მამამაც საკუთარი როლი ითამაშა, რომ თეატრიდან
წამოვიდა, რასაც ბოლომდე განიცდიდა. ამან ჩემზეც ისე
იმოქმედა, რომ გადავწყვიტე შური მეძია, არ ვიცი ვისზე, მაგრამ ასე
გადავწყვიტე გავმხდარიყავი მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ
დედას ძალიან არ უნდოდა და ძალიან მთხოვდა ამ გზით არ წავსულიყავი,
მეუბნებოდა, რომ ვერ გავუძლებდი, მაინც ჩავაბარე თეატრალურში.
თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პირდაპირ მივედი
მარჯანიშვილის თეატრში და დაახლოებით 5-6 წელი იქ ვიყავი. როგორც
დამწყებ მსახიობს, ცხადია, მქონდა მეორეხარისხოვანი როლები. ერთ
მშვენიერ დღეს გამოაცხადეს კონკურსი, რომელსაც რაღაც ატესტაციის
მსგავსი შინაარსი ჰქონდა. ამაში მონაწილეობა აღარ მივიღე და თეატრიდან
წამოვედი.
ამ დროს დედა სახელმწიფო რადიოში მუშაობდა. სრულიად განსაკუთრებული და
განსხვავებული ხმა ჰქონდა. დედამ შემომთავაზა, მოდი, აქ მუშაობა
მოსინჯეო. რადიოში მანამდეც დავდიოდი ხოლმე, რაღაც საბავშვო გადაცემაც
მიმყავდა და ძალიან მომწონდა. რადიოს მსმენელთან ურთიერთობისას
სრულიად განსხვავებული ინტიმი აქვს. ამის შემდეგ იწყება „პიკის
საათი“, რომელიც მართლაც ახალი სიტყვა და ეტაპი იყო მაშინდელ მედიაში
და იქ დავიწყე მუშაობა. 1983 წელი იყო.
საინტერესოა, როგორი იყო
საბჭოთა კავშირის დროინდელი მედია?
- იმ პერიოდში არსებობდა
„მთავლიტი“, რომელსაც საბოლოო ტექსტები
უთანხმდებოდა. გადაცემას ხომ ჰყავდა რედაქტორი, რომელიც საბოლოო
ტექსტს ასწორებდა, ამის შემდეგ იყო კიდევ „მთავლიტი“. ის იყო მთავარი
ცენზორი და გარანტი, რომ ტექსტში რაიმე არ გაპარულიყო.
მიუხედავად ასეთი, რამდენიმესაფეხურიანი ცენზურისა, მაინც იყო
შესაძლებელი ტექსტებში რაღაც გაგეძვრინა. როგორც ახლა, მაშინაც რადიოს
ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგან თვლიდნენ, რომ რადიოს ძალა
ნაკლები იყო. შესაბამისად, რადიოში ოდნავ მეტი თავისუფლება იყო, ვიდრე
ტელევიზიაში.
თუმცა, იმ პერიოდში რადიოს გაცილებით მეტი მომხმარებელი
ჰყავდა, რადგან ე.წ. ხაზის რადიო მაშინ ყველა ოჯახის სამზარეულოში
ეკიდა და მუდმივად ჩართული იყო. ტელევიზორი კი ყველას არ ჰქონდა.
- ნამდვილად ასე იყო და მიუხედავად ამისა, რადიოში მაინც
ნაკლები წნეხი იყო.
რა იყო ის ინფორმაცია, რასაც 80-იანი წლების ბოლოს, უკვე
დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირში, „მთავლიტის“ თვალს
აპარებდით?
- მაგალითად, ინტერვიუ რომელიმე ისტორიკოსთან, რომელიც
იტყოდა ისეთ რამეს, რასაც წიგნში ვერ წაიკითხავდი. მსგავსი
ინტერვიუები ლიტერატორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, კრიტიკოსებთან…
ასეთ მასალებში შეგეძლო რაღაც ისეთი გაგეძვრინა, რაც ჩვეულებრივ
სიტუაციაში ცენზურას ვერ გაუძლებდა. ძალიან გამიმართლა, რომ „პიკის
საათის“ გუნდში მოვხვდი.
ამის შემდეგ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი
პერიოდი აფხაზეთის ომი იყო. ჩვენი გუნდის [„პიკის საათის“] ერთი
ნაწილი წასული იყო და ინფორმაციას იქიდან გვაწვდიდა, მე და ქეთი
სადღობელაშვილი კი აქ ვმუშაობდით. ვხვდებოდით თვითმფრინავებს,
რომლებითაც ქართველი ჯარისკაცები ჩამოდიოდნენ, ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი
- ისეთ მდგომარეობაში, რომ ბრძოლას ვეღარ აგრძელებდა… ამ ბიჭების
სახეები არასდროს დამავიწყდება და სწორედ მათ სახეებში იკითხებოდა,
რომ ამ ომს ვაგებდით. შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს
პროფესია ჟურნალისტი.
სად გააგრძელეთ მუშაობა „პიკის
საათის“ შემდეგ?
- ამის შემდეგ ლერი სახაროვმა გააკეთა გადაცემა -
„ტელე-სინე-ვიდეო“ და წამყვანობა შემომთავაზა. მაშინ დაუწერელი
წესივით იყო, რომ სატელევიზიო გადაცემის წამყვანი უნდა ყოფილიყო:
ლამაზი, კოხტა, კარგი ვარცხნილობით და ა.შ. მაგრამ მე აღმოვჩნდი
ეკრანზე კიკინით, ჩვეულებრივად ჩაცმული, თითქმის უმაკიაჟოდ და რაც
მთავარია, ვლაპარაკობდი ჩვეულებრივად. ერთხელ გადაცემაში
ვთქვი: „ვისკონტი გაგიჟდა“ და მახსოვს გაოგნებული ხალხი ტელევიზიის
შიგნითაც და გარეთაც, როგორ მკიცხავდნენ და მაკრიტიკებდნენ ამ
სიტყვების გამო - როგორ შეიძლება ტელევიზორიდან ადამიანი ასე
ლაპარაკობდესო?!
„ტელე-სინე-ვიდეოში“ შედგა ჩემი სატელევიზიო დებიუტი, 1986 წელს, რასაც მოჰყვა დილის გადაცემა - „ალიონი“, რომელიც გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო. წამყვანობასთან ერთად, სიუჟეტებსაც ვამზადებდი, ამიტომ „ალიონში“ უკვე „პიკის საათის“ გამოცდილებაც გამოვიყენე და ახალიც შევიძინე, რომელიც დღემდე მეხმარება. უნდა ვაღიარო, რომ „რეალურ სივრცემდე“ ჩემს სამუშაო ბიოგრაფიაში ძირითადად შემეცნებით-გასართობი გადაცემები იყო.
თუმცა, მანამდე მუშაობდით ტელეკომპანია „იმედშიც“, ხომ?
- დიახ, „იმედში“, 2002 წლიდან შემეცნებით-გასართობი მიმართულების მთავარი პროდიუსერი ვიყავი, ჩემი გადაცემა არ მქონდა. ბიძინა ბარათაშვილთან, ოთარ ბაქრაძესთან და კიდევ ბევრ ძალიან კარგ ადამიანთან ერთად მიწევდა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ნაწილთან შეხება არ მქონდა, ცხადია, ვიცოდი, რომ ტელევიზია, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ბოლომდე თავისუფალი არ იქნებოდა.
ამ პერიოდში „იმედზე“ დახურეს გოგი გვახარიას „თავისუფლების თეორემა“. რა იყო მაშინ ამ გადაცემის დახურვის მიზეზი?
- მაშინ მეუბნებოდნენ, რომ ერთადერთი მიზეზი გადაცემის ურეიტინგობა იყო. მე სულ ამას ვამბობდი, რომ გვახარია უნდა გყავდეს ტელევიზიაში და ამ შემთხვევაში დაბალი რეიტინგი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, მაინც დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს და რა თქმა უნდა, დაბალი რეიტინგი არ იქნებოდა ამის ერთადერთი და მთავარი მიზეზი.
2009 წელს უკვე მეც წამოვედი „იმედიდან“. მალევე შემომთავაზეს კასტინგის გავლა გადაცემისთვის - „სამოთხის ვაშლები“, რომელიც მაშინ მზადდებოდა. „პირველ არხზე“ ამ გადაცემით დავბრუნდი. თავიდან „სამოთხის ვაშლებს“ უფრო მეტად გასართობი ხასიათი ჰქონდა, ეს უნდა ყოფილიყო გადაცემა THE VIEW-ს ანალოგი, რომელიც სინამდვილეში, უფრო სოციალური ტოქშოუა. ამიტომაც, რაღაც პერიოდში, ჩვენთანაც შემოვიდა სოციალური თემები. ქვეყანაში უკვე ისეთი სიტუაცია იყო, არ გამოდიოდა მათთვის თავის არიდება. თუმცა, რაღაც არ გამოვიდა და საბოლოოდ, გადაცემა დაიხურა.
როდის დაიწყო „რეალური სივრცე“?
- „სამოთხის ვაშლების“ პარალელურად, გიორგი ბარათაშვილმა შემომთავაზა სოციალური გადაცემის გაკეთება და წაყვანა. მივედი ჩემს პროდიუსერთან, ქეთი კაპანაძესთან და ერთად შევკარით სრულიად შესანიშნავი გუნდი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის საუკეთესო ტელევიზიაში გააკეთებდა უმაღლესი დონის გადაცემას. ასე იწყება უკვე „რეალური სივრცის“ პერიოდი, რომელიც კიდევ ერთ ძალიან დიდ გარდატეხას ახდენს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში.
შემოქმედებითი ჯგუფის ძირითადი ნაწილი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც მასწავლეს ჟურნალისტიკის რეალური არსი. ის, რომ ამ გადაცემას აქვს თავისი სახელი, ჰყავს თავისი მაყურებელი, ეს ყველაფერი არის ქეთი კაპანაძისა და ამ ახალგაზრდების დამსახურება. მე ამ გადაცემის შექმნაში ყველაზე უმნიშვნელო როლი მქონდა. ის, რასაც „პიკის საათში“ თუ „ალიონში“ ვაკეთებდი სულ სხვა დრო და სხვა ჟურნალისტიკა იყო, „რეალური სივრცე“ კი იყო ზღვა, რომელშიც ისე ჩავხტი, რომ ცურვა არ ვიცოდი. პრაქტიკულად, ყველაფრის თავიდან სწავლა მომიხდა იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც გადაცემაზე მუშაობდნენ. ყველა თემას ვამუშავებდით ერთად, მე დავიწყე კანონების კითხვა, გაგება და დღეს შემიძლია კვალიფიციური კითხვების დასმა, თითქმის, ყველა მიმართულებით, ვინაიდან ყველა გადაცემის წინ თემას ვსწავლობდი საფუძვლიანად, რაც გაცილებით დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს.
12 წლის განმავლობაში დავდიოდი სოფლებში, ვუსმენდი ადამიანებს, მათ პრობლემებს, მომქონდა ეს თემები, ვამუშავებდით და ვამზადებდით გადაცემებს. გადაცემამდე ვაკეთებდით პრეინტერვიუებს, ამას ბევრი არ აკეთებს საქართველოში.
იქონია გავლენა „რეალურმა სივრცემ“ თქვენს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე?
- დიახ. მე ვიყავი ჩამოყალიბებული მემარჯვენე და შიგნით ჯგუფში უმწვავესი კამათი გვქონდა ხოლმე. ძალიან სასაცილო იყო, თავიდან უკმაყოფილება სახეზეც კი მეტყობოდა. ყურში ქეთი[კაპანაძე] მყავდა და ჩამძახებდა: „ნინო, გაასწორე სახე, გეტყობა, რომ ეთანხმები“. ხშირად ვიზიარებდი იმ სტუმრების მოსაზრებებს, რომლებიც უფრო მემარჯვენე მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. მე მახასიათებს, როცა ადამიანის მოსაზრებას ვეთანხმები, სახეზე მეტყობა, ხოდა ამ დროს ჩამძახებდა ხოლმე ქეთი. მერე აშკარად და ძალიან ახლოდან დავინახე უთანასწორობის რეალური პრობლემები, ვნახე, როგორ უჭირთ ადამიანებს საქართველოში… ბევრი ვიარე და განსაკუთრებით რეგიონებში ისეთ პრობლემებს წავაწყდი, რომ ბუნებრივად გადმოვიხარე მარცხნივ.
შეგიძლიათ თქვათ, რომ „რეალური სივრცე“ ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?
- კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი გადაცემით მე გაცილებით მეტის გაკეთება შევძელი სხვა ადამიანებისთვის, ვიდრე ერთად ყველა იმ გადაცემით, რომელშიც მანამდე მიმუშავია. ძალიან ახლოს მივედი ადამიანებთან და გაცილებით მეტი გავიგე მათ შესახებ. „ის წითელთმიანი ქალი“ - ასე მიცნობდნენ და მათ ვეგულებოდი, როგორც მათი პრობლემების გამხმოვანებელი.
2018 წელს, ერთხელ უკვე სცადეს „რეალური სივრცის“ დახურვა. რა იყო მაშინ ამის მიზეზი?
- 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნები იყო, რომელშიც ვასილ მაღლაფერიძემ გაიმარჯვა. მეორე დილით დამირეკა და მითხრა, რომ უნდა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს „რეალური სივრცე“, დეკორაციაც გააუმჯობესოს, ჯგუფიც თუ საჭიროა გაზარდოს და ა.შ. ჩვენც დავიწყეთ ფიქრი, კიდევ რა შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა, ცხადია, ვიფიქრეთ რეგიონებზე, იქ როგორ გაგვეძლიერებინა ჩვენი წარმომადგენლობა კიდევ უფრო მეტად. მაშინ ეთერში ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით და რეგიონებთან - მუდმივ კომუნიკაციაში. მახსოვს ერთხელ, მაგალითად, დაგვირეკეს გრიგოლეთიდან, უნდოდათ ეჩვენებინათ, რა დღეში იყო ზღვის სანაპირო და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გავუშვით. მეორე დღეს ისევ პირდაპირ ეთერში გადავამოწმეთ და სანაპირო გასუფთავებული იყო. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და ასეთი უამრავი იყო. ერთი სიტყვით, ეს გადაცემა თავის მისიას ასრულებდა.
ცოტა ხნის შემდეგ, ნაცვლად გაძლიერებისა, ვასილ მაღლაფერიძემ ეს ყოველდღიური ეთერი დახურა. რაღაც დროის შემდეგ კი გვითხრა, რომ გადაცემაც უნდა დაიხუროს და თქვენ ყველანი „მოამბეში“ უნდა გადახვიდეთო. მახსოვს, გიორგი გვიმრაძემ მითხრა, სოციალურ თემებს ჩვენ დავფარავთო. არ ვიცი, ისინი რას გულისხმობდნენ, მაგრამ დაფარვა ის არის, რომ პრობლემას მისი აღმოჩენიდან აღმოფხვრამდე მიჰყვე.
შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- მერე გვითხრეს, რომ კარგით, კონკურსს ჩავატარებთ და თქვენც მიიღეთ მონაწილეობაო. ეს გამოსავალი მოძებნეს და ამ კონკურსში, რომელშიც სამი თუ ოთხი ჯგუფი მონაწილეობდა, ჩვენ გავიმარჯვეთ.
თქვენ მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გახდით. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
თანამშრომლების დაცვის საჭიროება სულ იყო,
ყოველი ახალდანიშნული ან არჩეული თავმჯდომარე, როგორც წესი,
რეორგანიზაციით იწყებდა. მაგრამ 2017-2018 წლებში ეს პრობლემა
განსაკუთრებით მწვავედ დადგა. ძალიან ბევრი უკანონოდ გათავისუფლებული
თანამშრომელი იყო. მათ სწორედ პროფკავშირის მეშვეობით მოახერხეს
გასაჩივრება და სასამართლო პროცესებიც მოიგეს. ერთ-ერთი
ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის ის, რომ მაუწყებელს არ ჰქონდა და
დღემდე არ აქვს საშტატო განრიგი.
როგორ გააგრძელა „რეალურმა სივრცემ“ მუშაობა ამის
შემდეგ?
- ვაგრძელებდით მუშაობას და ნელ-ნელა გვაცლიდნენ ძალებს. ხან ჯგუფის შემცირებაზე იყო ლაპარაკი, მუდმივად იცვლებოდა საეთერო დრო, ხან სტუდია დაგვიპატარავეს… მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემები გამოგვქონდა და ვაშუქებდით. მაგალითად, „ოფშორების კანონი“ მიღებული არ იყო, რომ ჩვენ გადაცემაში უკვე გვქონდა, იმისთვის რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რას ემსახურება ეს კანონი. ბევრი გადაცემა გვაქვს მიძღვნილი ე.წ. აგენტების კანონისთვისაც. ერთი სიტყვით, მიუხედავად პრობლემებისა მაინც ვმუშაობდით, მაგრამ ამის შემდეგ ჯერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იყო და გაგვაჩერეს, შემდეგ ახალ შენობაში გადასვლის პროცესი დაიწყეს და რადიოში გადაგვიყვანეს. არჩევნების წელს ჩვენ ეთერში არ ვიყავით.
თქვენმა ჯგუფმა, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკა ღიად დაიწყეთ, შექმენით „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“. სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის იურისტს თანამშრომლებზე „მოკვლევა“ ჩაატარებინა. ამის შემდეგ კი, „პირველმა არხმა“ განაცხადა, რომ თქვენი მხრიდან საჯაროდ გავრცელებული განცხადებები რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. როგორ აფასებთ ამ პროცესს?
- ჩაატარეს ე.წ. მოკვლევა. არავინ იცის, რას იკვლევდნენ, მაგრამ დაადგინეს, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენი საქმე პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. ძალიან კარგი იყო, რომ ის სხდომა, რომელიც 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და საბჭოს 8 წევრი ესწრებოდა, ყველამ ნახა. ცხადია, ყველამ დაინახა, ვინ მართავს სინამდვილეში ბორდსაც და ტელევიზიასაც, რომ ეს არის ვასილ მაღლაფერიძე. ამ ადამიანებმა ჩვენთან მიმართებაში არაერთგზის დაარღვიეს კანონი და ცხადია, ჩვენ ამას ვასაჩივრებთ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ისე სასამართლოში. ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენი პერსონალური შემოსავლები დაამახინჯა და ისე გაასაჯაროვა, ცხადია, ცალკე საჩივარს ვამზადებთ. ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თუნდაც იმისთვის, რომ აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ.
ცალკე აგებს პასუხს სამეურვეო საბჭოს წევრი თამილა დოლიძე, რომელმაც იმ გრანტის 4 წლის ხელფასი შეკრიბა და გამოაცხადა, რისი გასაჯაროვების უფლებაც პირდაპირ ეთერში არ ჰქონდა. ამ ხელშეკრულებას ხელს ვასილ მაღლაფერიძე და თინა ბერძენიშვილი აწერს. ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ჩემი დისკრედიტაცია: ნახეთ, რამდენ ფულს ატრიალებს ნინო ზაუტაშვილი, რომელიც ვითომ სოციალურ თემებზე მუშაობს. ამ ქალს რომ ვკითხე, საიდან აიღეთ ეს ინფორმაცია-მეთქი, ინტერნეტში ვიპოვეო. თავად უცოდინარი, სხვაც ეგეთი ჰგონია და ფიქრობს, არავინ იცის, რომ ინტერნეტში მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, ვიდრე გია მურღულია, რომელმაც სამშობლოს ღალატში დამადანაშაულა, არ ამიხსნის რაში მდგომარეობს ჩემი მხრიდან სამშობლოს ღალატი, მანამდე არ დავანებებ თავს. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მივედით ჩვენ სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, მაგრამ მაღლაფერიძემ ის მოულოდნელად დახურა და ვირთხებივით გაიპარნენ. ასე არ გამოვა, ადამიანს სამშობლოს ღალატს აბრალებდე და პასუხის გაცემაც არ გინდოდეს.
თითქმის 1 წელია „რეალური სივრცე“ სატელევიზიო ეთერში არ გადის. რისი მოლოდინი გაქვთ?
- ამბობენ, რომ აპრილის ბოლომდე რადიოც მთლიანად უნდა გადავიდეს ტელევიზიის ახალ შენობაში. არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა ისმოდეს.
ბოლოს, თქვენს მსახიობობას რომ დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ნელი მჟავიას პერსონაჟი სერიალიდან - „ხელოვნური სუნთქვა“. როგორია თქვენი სამსახიობო გამოცდილება?
- იყო BBC-ის ასეთი პროექტი - „მაესტრო“, რომელშიც 8 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი შეარჩიეს და ორკესტრისთვის მათ უნდა ედირიჟორათ. ამ პროექტში გავიმარჯვე და ამან ძალიან დიდი ბედნიერების განცდა მომგვარა. პროცესიც არანორმალურად სასიამოვნო იყო. მაგრამ აქ გამარჯვების განმსაზღვრელი, ალბათ, პირველ რიგში, ჩემი სამსახიობო გამოცდილება იყო და აგრეთვე, კლასიკური მუსიკის სიყვარული.
ამის შემდეგ იყო თეატრის სცენა. 13 წლის უკან ჩემთან მოვიდა ციცინო კობიაშვილი და მითხრა, რომ მარჯანიშვილის თეატრში დგამს ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის პიესას - „ქალები“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი არის ჟურნალისტი ქალის და ძალიან უნდა, რომ მე ვითამაშო. ცხადია, ჯერ შევიცხადე, მაგრამ მერე მე თვითონაც ამეკვიატა ეს პიესაც და როლიც. საბოლოოდ, დავთანხმდი და ეს სპექტაკლი დღემდე გადის. აი, დღესაც [ინტერვიუს ჩაწერის დღე] არის და მივდივარ, რომ ვითამაშო.
ბოლოს იყო „ხელოვნური
სუნთქვა“ და ნელი მჟავიას როლი. ჩემი მეგობარია ეკა
მჟავანაძე, სრულიად გენიალური მსახიობი და კასტინგის რეჟისორიც,
რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ „ხელოვნურ სუნთქვაში“ არის ერთი
ახალი პერსონაჟი, რომელიც მე ვარ და კასტინგზე უნდა მივიდე. აქაც ჯერ
შევიცხადე, მაგრამ საბოლოოდ, ვიფიქრე რატომაც არა, კასტინგზეც მივედი
და დამამტკიცეს. ეს პერსონაჟი ძალიან პოპულარული გახდა და ამის შემდეგ
სადმე რომ ჩავდიოდი, უკვე ნელი მჟავიათი მიცნობდნენ. ვხუმრობდი კიდეც,
რომ ამდენწლიანი ჟურნალისტის კარიერა, ასე უცებ გადაყლაპა პოპულარული
სერიალის გმირმა. ძალიან მეძვირფასება ეს ნამუშევარი, მთელი გულით
ვმუშაობდი, როგორც კი როლის ტექსტს მივიღებდი, მივდიოდი ეკას
მჟავანაძესთან და რჩევებს ვეკითხებოდი. ასევე, ყოველი სერიის შემდეგ
მე და ეკა დეტალებში ვარჩევდით, რა გავაკეთე კარგად, რა შემეშალა, რა
შეიძლებოდა უკეთესად და ა.შ. როდესაც ამდენ ენერგიასა და შრომას დებ
საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და გიყვარდება.
შენიშვნა: ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან ჩაწერილია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე.