21.04.2021
• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება ტელეკომპანია "მთავარ არხზე" 2020 წლის ივნისში გასული სიუჟეტის გამო.
• 2021 წლის 13 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება „არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.“
• 2021 წლის მარტშივე, „TV პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერების შემდეგ, (რომელიც ბერა ივანიშვილსა და სახელმწიფო მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბარს ასახავდა) თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოებს ტელეკომპანიაში ნებისმიერ დროს შესვლისა და მასალების ამოღების საშუალებას აძლევდა.
რამდენად მოქმედებს სახელმწიფო უწყებების მსგავსი განცხადებები მედიის თავისუფლებაზე? ამ თემაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძეს ვესაუბრეთ.
რას შეიძლება ემსახურებოდეს, ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მედიის მიმართ გავრცელებული კრიტიკული განცხადებები?
დღეს სამწუხარო რეალობა გვაქვს იმ კუთხით, რომ ძალადობას ახალისებს არამხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, არამედ სიძულვილის ენა და აგრესიული საუბარი ჟურნალისტების მიმართ.
მაგალითად, „ფორმულას“ შემთხვევაში, ბოლოს იყო რამდენიმე დღის წინ მძღოლებთან დაკავშირებული საქმე, და ვახო სანაიას საქმე (რედაქციის შენიშვნა: სხვადასხვა დროს თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორ მძღოლს და ტელეწამყვან ვახო სანაიას). ან თუნდაც ის, როდესაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ, ფიზიკურ ან მატერიალურს ზიანს იღებენ წინასაარჩევნო გარემოს ან პოსტსაარჩევნო აქციების გაშუქების დროს.
ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს თავისი როლი და ფუნქცია. სახელმწიფოს ვალდებულებაა ქვეყანაში ჟურნალისტების უფლებების დაცვა უზრუნველყოს, მათ შორის, იმ ჟურნალისტებისაც, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიებში მუშაობენ. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას და შექმნას ჯანსაღი გარემო ყველასათვის.
ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, ქვეყანაში მაქსიმალურად შეზღუდული იყოს კრიტიკული გამოხატვის თავისუფლება, პრობლემა შეექმნას ამ მედიასაშუალებებს. ეს სხვადასხვა გზით მიიღწევა, მაგრამ მიზანი ერთია.
მაგალითად, აგრესიული რიტორიკა, მიკერძოებული საქმეები, დეზინფორმაციის კამპანია, გამოუძიებელი საქმეები, რაც ჟურნალისტებზე თავდასხმას შეეხება, “TV პირველის” დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის, მიმართ მუქარის საკითხი. ძალიან დიდია ჩამონათვალი. არ დაგვავიწყდეს მცდელობები, რომ ამა თუ იმ ფორმით მოხდეს კანონმდებლობის ისე შეცვლა, რომ თუ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, ეს კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. მეორე მხრივ ეს, რა თქმა უნდა, თვითცენზურას ახალისებს.
რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მედიის მიმართ პრეტენზიის ქონის შემთხვევაში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მედიის თავისუფლებას?
გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მაგრამ მკაცრ ტესტს გადის, როდესაც ის იზღუდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება თავისი თავი დაიცვას. არსებობს დემოკრატიული გზა: შეგიძლია მიმართო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან სასამართლოს. მაგრამ მეორე საკითხია, რომ თვითონ სასამართლო არ მოექცეს მმართველი ძალის ზეგავლენის ქვეშ და ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
მედიაში ჟურნალისტად მუშაობა არ აძლევს ადამიანს კანონის დარღვევის უფლებას, მაგრამ თუ მედიის წარმომადგენლების მხრიდან ეთიკური ნორმები დაირღვა, არსებობს ნაკლებად რეპრესიული და არა აგრესიული მექანიზმები. აქ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მაქსიმალურად განვითარდეს.
ხელისუფლების ნებისმიერი შტო, რომელიც დგამს ამ ნაბიჯს მედიის წინააღმდეგ, ძალიან მკაცრ ტესტს გადის მაშინაც კი, თუ ფორმალურად ერთი შეხედვით ყველაფერი სწორადაა. მნიშვნელოვანია, რამდენად პროპორციულია ეს ზომები და არსებობს თუ არა ალტერნატივა.
ხომ არ აზიანებს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ, სახელმწიფო უწყებების მსგავსი ქმედებები და განცხადებები?
ზოგადად ქვეყანაში ჟურნალისტების საქმიანობისათვის რთული გარემოა და ნებისმიერი რამ, რაც წაახალისებს ამ უნდობლობას, საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სამართალდამცავ ორგანოებზე, ადმინისტრაციულ უწყებებზე ან სასამართლოზე, კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წასახალისებლად. ეს განცხადებები, რაღაც პერიოდი ჩაწყნარდება ხოლმე, შემდეგ იღვიძებს. ნებისმიერი ქმედება რომელიც მიმართულია ამისკენ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ქმნის იმ რთულ გარემოს, რომელშიც მედია ძალიან პოლარიზებულია.
ასევე არ დაგვავიწყდეს ის დეზინფორმაციული კამპანია, რაც დადასტურებულია არამხოლოდ ჩვენი ფაქტჩეკერების, არამედ Facebook-ის მიერაც, რომ პროსახელისუფლებო ძალებთან ასოცირებული ფეისბუქ ანგარიშების თავდასხმის ობიექტები არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც არიან. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის რთულ გარემოს, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო უარესდება.
ხომ არ შეიძლება ეს განცხადებები და ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან მედიის რეგულირების მცდელობად აღვიქვათ?
ის, რომ თვითრეგულაციიდან რეგულაციაში გადატანის საკითხი არსებობს, სამწუხაროდ, არახალია, ძველია.
ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ესა თუ ის კონკრეტული განცხადება ამას ემსახურება, მაგრამ თუ საერთო სურათს შევხედავთ, ნამდვილად გვაქვს მცდელობები შეიცვალოს კანონმდებლობა ამ კუთხით.
კითხვა ჩნდება, ხომ არ იყენებს ხელისუფლება ამ საკითხებს მედიის რეგულირების საფუძვლად? მაშინ როდესაც კითხულობ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას ხედავ. დღევანდელი მედიის კანონმდებლობა კარგია და არ უნდა ხდებოდეს პრაქტიკაში მისი ბოროტად გამოყენება.
რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თვითრეგულირების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში?
თვითრეგულაციის როლი და მნიშვნელობა განუზომლად დიდია ნებისმიერ ქვეყანაში და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლარიზებული გარემო და მოწყვლადი დემოკრატიაა; სადაც კითხვები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიკერძოებულობასთან, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე სახელმწიფოს ზეგავლენასთან დაკავშირებით.
ასეთ გარემოში თვითრეგულაცია ეხმარება მედიას, პირველ რიგში იყოს უფრო ეთიკური, ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, დაამყაროს პირდაპირი კავშირი თავის აუდიტორიასთან და პროფესიული ეთიკური დარღვევის შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.
მედიამაც უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული სტანდარტები და მათი პატივისცემა, რომ ვინმეს (ამ შემთხვევაში ხელისუფლებას) კანონმდებლობის შეცვლის დამატებითი საფუძველი არ მისცეს.
რამდენად აქვს უფლება სახელმწიფოს მედიას ანონიმური წყაროს ვინაობის გამხელა მოსთხოვოს?
წყაროს გამჟღავნებასთან დაკავშირებით შარშან “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” განცხადებაც კი გაავრცელა. იმ პერიოდში ქვეყანაში მოიმატა შემთხვევებმა, როცა პროკურატურაში იბარებდნენ ჟურნალისტებს და წყაროს გამხელის საკითხზე მიუთითებდნენ ნაცვლად იმისა, რომ ამ წყაროს მიერ გამხელილ ინფორმაციაზე გაემახვილებინათ ყურადღება.
კანონმდებლობით დადგენილია, რომ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა უნდა დაიცვას წყარო, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ჟურნალისტებისთვის. ეს კანონითაც გარანტირებულია. კანონმდებლობაში გარანტიები იმიტომ არის, მათ შორის წყაროს დაცვასთან დაკავშირებით, რომ ისინი შესრულდეს და სამართალდამცავმა ორგანოებმა ჟურნალისტს წყაროს გამხელა არ დაავალდებულონ.
ეს ერთი მხრივ ეხმარება ჟურნალისტს, მეორე მხრივ კი ანონიმურ წყაროს აძლევს გარანტიას, მედიასთან ითანამშრომლოს ისე, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნდეს.
როგორ შეაფასებთ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ სამართლებრივი დევნის ფაქტებს, რაც მედიაგარემოს ნაწილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა?
ნიკა გვარამიასა და ნიკა რურუას საქმეები, ის საქმე, რომელშიც ვატო წერეთლის მამა ფიგურირებდა ან თუნდაც არჩევნებამდე მუქარა მისი ტელევიზიის საქმიანობასთან დაკავშირებით და ჟურნალისტებთან დაკავშირებული სხვა საქმეებით ცხადია, რომ ხელისუფლება იყენებს თავის ზეგავლენას სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოზე ვიწრო პარტიული, არადემოკრატიული მიზნით.
პრაქტიკულად არ დარჩა კრიტიკულად მიჩნეული მსხვილი მედია, რომლის მიმართ ამა თუ იმ ფორმით საქმე არ იყოს აღძრული და ამ საქმესთან დაკავშირებით არ იყოს ლეგიტიმური, კრიტიკული კითხვები. შესაბამისად ეს შემდგომ აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა თუ ანგარიშებში.
მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს საშუალება იმუშაოს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში. რა თქმა უნდა, ეს ეხება კრიტიკული მედიების წარმომადგენლებსაც. სახელმწიფო უწყებების ეს ქმედებები ეხება ზოგადად გარემოს და არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ადამიანებს შეშინებისა და თვითცენზურისთვის მიზნით.
სხვა მედიასაშუალებების თვითცენზურას ახალისებს, როდესაც კრიტიკულ თემებზე მომუშავე მედიის ჟურნალისტს პრობლემები ექმნება. ამიტომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები საერთო ჯამში არაჯანსაღ გარემოს ქმნის.
როგორ შეიძლება მედიამ თავი დაიცვას სახელმწიფო ორგანოების მსგავსი ქმედებებისგან?
გამოხატვის თავისუფლება ეხება როგორც მედიას, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის თავისუფლებას, რომ, მაგალითად, შეაფასოს მედიის საქმიანობა, რომელიც შესაძლოა არ მოსწონდეს.
აქ მნიშვნელოვანია, ვინ და რა პოზიციიდან აკრიტიკებს მედიას, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენელი, ან პოლიტიკოსი. ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც პოლარიზებულ გარემოში გვესმის მმართველი პარტიიდან, რა თქმა უნდა, დაძაბულ გარემოს ქმნის და ნამდვილად არ ეხმარება დეპოლარიზაციის პროცესს.
მედიამ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ მან შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია. ასევე მედიას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა წვლილი შეაქვს საჯარო დისკუსიაში თავისი გაშუქებით და პატივი სცეს აუდიტორიას. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოსახლეობის ინფორმირება და არა ხელოვნური ბალანსი, ცალმხრივი გაშუქება და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლები იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართაც.