საქართველო
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში TV "პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.


რა მოხდა? უწყების ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ადამიანის დევნა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით) 2001 წელს დაბადებული 2 ბრალდებული დააკავეს.

დეტალები

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, TV "პირველის“ ოპერატორი რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა.ამ დროს:
  • მასთან მივიდნენ ბრალდებულები და TV "პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს.
  • რასაც ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
  • ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
TV "პირველის“ ინფორმაციით:
  • 18 ივნისს ბათუმის ბიუროს ოპერატორს პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. 
  • შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოპერატორი პირდაპირ ეთერში 20 ივნისის აქციის მონაწილეების ჩართვას უზრუნველყოფდა.
  • თავდამსხმელები ოპერატორს ფიზიკურად მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ უსწორდებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
კატეგორია - საქართველო
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

საქართველოსთვის ევროკომისიამ მხარი არ დაუჭირა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია ქვეყანას მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსი კი მიენიჭოს, როდესაც რამდენიმე პრიორიტეტს დააკმაყოფილებს.


რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ევროკომისიის წამოყენებული ერთ-ერთი პირობაა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის.

პრიორიტეტების სია საქართველოსთვის

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველოს შემუშავებულია პრიორიტეტების სია, რომლის საფუძველზეც საქართველოთვის შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცენ.

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება
  • ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა
  • ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესრულება, ეს ეხება სასამართლო რეფორმასაც
  • პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება
  • თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის

როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ:

  • ევროპული პერსპექტივის მიღება საქართველოსთვის დიდი მიღწევაა, ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა და ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი წინსვლისთვის.
  • საქართველოზეა დამოკიდებული რა დრო დასჭირდება ამას. რაც უფრო მალე გადადგამს ქვეყანა საჭირო ნაბიჯებს, მით უფრო მალე იქნება პროგრესიც.

ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროპულმა საბჭო გადაწყვეტს მიენიჭება თუ არა ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
კატეგორია - საქართველო
საქართველოში მეხუთე დღეა არ უშვებენ რუს ბლოგერ ინსა ლანდერს, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. შსს ამბობს, რომ არშემოშვების მიზეზი მისი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვაა.


რა ხდება?

საქართველოში მცხოვრები რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი მეხუთე დღეა ლარსის გამშვებ პუნქტზეა გაჩერებული.

  • 16 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს, ინსა ლალნდერს უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე, რადგან „იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ“.
  • 13 ივნისს კი იგი კიდევ ერთხელ გამოცხადდა დარიალის გამშვებ პუნქტზე და საერთაშორისო დაცვა მოითხოვა. მან განმარტა, რომ ბრალდებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და შიდა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი
  • შსს აცხადებს, რომ, აქედან გამომდინარე, კანონის მიხედვით, უფლება აქვთ არ შემოუშვან მოქალაქე სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.

ვინ არის ინსა ლანდერი?

  • ინსა ლანდერის სრული სახელი ონგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვაა.
  • იგი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
  • მისმა ადვოკატმა დიმიტრი ზახვატოვმა, გამოცემა Caucasian Knot-თან თქვა, რომ ლანდერის საქმე ეფუძნებოდა სოციალურ ქსელ "VKontakte"-ში 2014 წლის მის მიმოწერას კაცთან, რომელიც ნასამართლევი და დაჯარიმებული იყო თავისი ნაცნობის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ შეუტყობინებლობის გამო.
  • ლანდერის მეგობრის თქმით კი, მიმოწერაში ისინი საუბრობდნენ რელიგიაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • გამოცემის ინფორმაციით, დაკავებამდე, ინსა ლანდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა გამოძიებაზე, ერთ-ერთი საჯარო მოხელის მიერ საქველმოქმედო ფონდიდან ფულის ფლანგვაზე. 
  • უფლებადამცველ ეგორ კუპატოვის თქმით, ბლოგერის დაკავებას პოლიტიკური საფუძვლები აქვს და მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში კი მას საზღვარზევე დაიჭერენ.
  • ლანდერს შინაპატიმრობა 2022 წლის თებერვლამდე ჰქონდა მისჯილი, თუმცა, გაუგრძელეს.

რუსი უფლებადამცველის თქმით, საქმის კურსშია საქართველოს სახალხო დამცველი, თუმცა, მის წარმომადგენელს პოლიციამ ინსა ლანდერის მონახულების საშუალება არ მისცა:

"არ აქვს არც წყალი და არც საჭმელი, სკამზე სძინავს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა. ეს ადამიანი რუსი ბლოგერია ნალჩიკიდან და შინა პატიმრობიდან გაიქცა. საბედნიეროდ, მოახერხა და კვირას რუსეთის საზღვარი გადმოლახა”, - ამბობს ეგორ კუროპტევი „ფორმულასთან“ საუბრისას.
კატეგორია - საქართველო
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.


მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის - “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის დაპატიმრებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს რეალური საფრთხე შეექმნა.

„მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“ - მოუწოდებს მედიაკოალიცია სალომე ზურაბიშვილს.

ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაში სამართლიანი კრიტიკაა და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ გვარამიას განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს.

სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებლობაზე საუბრისას, მედიაკოალიცია იშველიებს საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებებს.




„ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - ნათქვამია განცხადებაში

პრეზიდენტის მიმართვას 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
კატეგორია - საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ტვ პირველს” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული მასალის შესახებ ინფორმაციას სთხოვს.

ტელეკომპანიის დირექტორის ვახტანგ წერეთლისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გაგზავნილი წერილი 13 ივნისით თარიღდება.


რა ხდება?
“ტვ. პირველის” გავრცელებული წერილის თანახმად, შსს ითხოვს ინფორმაციას “ნოდარ მელაძის შაბათში” 11 ივნისს გასულ სიუჟეტში გამოყენებული მასალების შესახებ.

ჟურნალისტური გამოძიება 5 ივლისს ეხებოდა და ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო მონაწილეობაზე მიუთითებდა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების შიდა მიმოწერა.

რას ითხოვს შსს?

“ტვ. პირველის” გასაჯაროვებული წერილილში წერია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 2021 წლის 5-6 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, დევნის, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ან ძალადობრივი მოქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე.

შსს-სთვის ცნობილია, რომ ნოდარ მელაძის გადაცემაში გასული მასალა სიუჟეტის თანახმად, 5 ივლისის მოვლენებს უკავშირდება, ამიტომ “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” უწყება არხს სთხოვს:

  • “ტვ.პირველმა” აცნობოს ფლობს თუ არა მატერიალური ან ელექტრონული სახით 11 ივნისს “ნოდარ მელაძის შაბათში” გავრცელებულ მასალას
  • მიუთითოს ამ მასალის შენახვის ადგილი
  • აცნობოს ფლობს თუ არა ტელეკომპანია მატერიალური ან ელექტრონული სახით რაიმე სხვა სახის მასალას, (მათ შორის ინტერვიუს ჩანაწერს) რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებს

“დაანონსებული ჩხრეკა” - ასე აფასებენ “ტვ.პირველში” სამართალდამცავი უწყებიდან მიღებულ წერილს.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ვახტანგ გომელაურის უწყებას სიუჟეტის გასვლის შემდეგ სასწრაფოდ უნდა დაეწყო გამოკითხვების სერია, ამოეღო სიუჟეტში ნახსენები პირების ტელეფონები და ექსპერტიზაზე გადაეგზავნა, რათა მტკიცებულებები არ განადგურებულიყო.

  • “ეს ყველაფერი აჩენს განცდას, მათი სურვილი არ არის, რეალურად დაიწყოს გამოძიება, იმ მაღალჩინოსნების თანამონაწილეობაზე იმ სისხლისღვრაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე.”
  • “ეს ადამიანები ჭიმავენ დროს, ცდილობენ დაადგინონ, კიდევ რა ჟურნალისტური გამოძიება შეიძლება გავაკეთოთ, იმისთვის რომ ამ ადამიანებმა მტკიცებულებები გაანადგურონ და შემდეგ თქვან, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ"

კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
„მთავარ არხზე“ იუმორისტული პროექტების დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.

რა ხდება

11 ივნისს, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნიკა ქავთარაძემ, ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია „მთავარ არხზე“, ფინანსური პრობლემების გამო, იუმორისტული პროექტების დახურვის შესახებ.

  • „მთავარი არხის“ დირექტორი თამთა მურადაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს: „ჩვენ არ ვხურავთ გადაცემას, პირიქით, ჩვენ გვჭირდება გადაცემები“
  • მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსურად უჭირს, ამიტომაც უარის თქმა უწევთ დაქირავებულ სტუდიაზე, სადაც სხვადასხვა გადაცემა, მათ შორის, იუმორისტული შოუები იწერებოდა.
  • ზოგი გადაცემისთვის არხმა უკვე იპოვა გადასაღები სივრცე.

კონტექსტი

  • „მთავარი არხის“ ფინანსური პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • გვარამიას დაპატიმრების შემდეგ „მთავარი არხის" გადასარჩენად, „მედიის თავისუფლების ფონდი“ შეიქმნა, რომლის მიზანი ტელეკომპანიის ფინანსური მხარდაჭერაა.
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარ არხში“ მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რ2-სთვის 25 000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ

რა ხდება

  • „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა კვესიტაძემ შეიტანა.
  • ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.
  • სასამართლოში ეკა კვესიტაძის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება

კვესიტაძის საქმეზე სამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 10 ივნისს გამოაცხადა. განაჩენის მიხედვით:

  • სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და „რუსთავი 2-ს“ მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.
  • „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელება კი სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია და კვესიტაძეს „რუსთავი 2-ის“ სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.
სხვაგვარი განაჩენი გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მაისს ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავს საქმეებზე.

სასამართლომ მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით ნოდარ მელაძისთვის - 80 000 ლარის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის კი 62 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რას აპირებენ

ეკა კვესიტაძის უფლებადამცველი ორგანიზაციის - საიას განცხადებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე, პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო, დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

საიას განცხადებით, ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების უხეში დარღვევის მოტივით და მენეჯმენტმა კვესიტაძეს და რამდენიმე ჟურნალისტს ხელფასის გადახდა შეუწყვიტა.

„ხელფასის შეწყვეტასთან ერთად მას ურჩიეს შვებულებაში გასვლა. რჩევა მოდიოდა ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლისგან, რომლის მოწმედ დაკითხვაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ ისურვა. სამწუხაროდ ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას“ - აცხადებს საია.

კონტექსტი

  • ეკა კვესიტაძე „რუსთავის 2“-დან 2019 წელს გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა. სწორედ მან მიიღო ეკა კვესიტაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება, 2019 წლის აგვისტოში, ნოდარ მელაძესთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან და გიორგი ლაფერაშვილთან ერთად. მიზეზად კი, ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
  • იმავე პერიდში ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუარესების გამო და ხაზს უსვამს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით ქვეყანა 60-დან 89-ე ადგილამდე დაქვეითდა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? რეზოლუციის შესახებ პრესრელიზში წერია, რომ თუკი საქართველო შეასრულებს დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ძირითადი მოწოდებები:

  • გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი.
  • საქართველომ თავი უნდა შეიკავოს მზარდი რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებისგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
  • საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, როგორიცაა მედიის თავისუფლება.
  • საქართველომ შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების (SLAPPs) გამოყენება, რაც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ზღუდავს მათ დამოუკიდებელ მუშაობას.
  • საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.
  • “ევროპარლამენტარები მიუთითებენ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობაზე იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებზე ძალადობაზე 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარშის დროს, სადაც ძალადობრივი თავდასხმის შედეგად ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.”
  • ევროპარლამენტარები საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესება კრემლთან მისი კავშირებისა და მთავრობაში მისი გავლენების გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.

რეზოლუციის მიღებას 8 ივნისს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში გამართული დებატები უძღოდა.

ევროპარლამენტარებმა მედიაგარემოს გაუარესებაზე, კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრეს. ვრცლად მათ მთავარი გზავნილები წაიკითხეთ აქ.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევა და ჟურნალისტების უსაფრთხოება განიხილეს.

8 ივნისს, გვიან ღამით, ევროპარლამენტში მედიაგარემოს გაუარესებაზე, კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრეს.

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილები

მოკლედ: საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ დებატების დროს სიტყვით 15-ზე მეტი ევროპარლამენტარი წარსდგა. მათი გზავნილების ნაწილი ეყრდნობოდა 5 ივლისის მოვლენებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველოს უკუსვლას.

მთავარი აქცენტები:

  •  ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია და ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
  • მნიშვნელოვნად გაუარესდა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება.
  •  ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.
  •  თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, მათზე ღიად მუქარა და დევნა საქართველოს ამ ამბიციისგან აშორებს.
  •  მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.
  •  იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან „მედიაზე ნადირობას“, იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიის საყრდენი.
  •  ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია.
  •  ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადონ ცალკეული ინტერესები და დაიწყონ ერთობლივი მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე.
  • ევროპული მისწრაფება ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია.

“მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის”

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის და საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები, მათ შორის მედიის თავისუფლების კრიტერიუმი. ეს კი მმართველ პარტიაზე და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ანდრიუს კულიბიუსი: “მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის ფორმალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიოდ.”

ევროპარლამენტარმა საქართველოს ვითარება შეადარა 1997 წელს სლოვაკეთის შემთხვევას.

“1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“

ევროკომისრის მოწოდება

დებატების დასასრულს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი ვლადის დომბროვსკისი, და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობას:

  • “თუ საქართველო სერიოზულია თავის ევროპულ გზაზე, აქ ვერ იქნება ადგილი პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების დარღვევებისთვის.”
  •  “შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეპიზოდების მზარდ რაოდენობას, ძალადობა და დაშინება არასდროსაა მისაღები.”
  •  “მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დატოვონ სივრცე დაუსჯელობისთვის და დაიწყონ მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ამ შემთხვევებზე და გააუმჯობესონ ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების დაცვა.”
  •  სამწუხაროდ მცირე პროგრესი ვნახეთ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქი ადამიანებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემაში.

ევროპარლამენტარების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ქვეყანაში პროგრესის იმედი გამოთქვა.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის 14-პუნქტიანი პროექტი საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.


რა არის მნიშვნელოვანი?
დოკუმენტში ზოგიერთი პუნქტი შეიცავს მკაცრ ტერმინოლოგიას, როგორიცაა Demand (მოთხოვნა) და Condemn (დაგმობა) და Strongly Condemn (მკაცრად დაგმობა). მასში მოწოდებაა “მთავარი არხის” დირექტირის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისა და მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტის შესახებ.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

  • ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდი საფრთხეებით.
  • ევროპარლამენტი გმობს გამოხატვის თავისუფლებაზე ნებისმიერ თავდასხმას.
  • ხელისუფლებისგან მოითხოვს ბოლო მოუღოს ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმეგ ძალადობას, შევიწროებას, დაშინებასა და ცენზურის ყველა გამოვლინებას.

რეზოპლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გმობს:

  • ლგბტქი+ ადამიანების მიმართ სიძულვილის დისკურსს.
  • მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის ცენზურისა და დაშინებისთვის.

ადასტურებს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმების გამოძიების არარსებობა მეტყველებს დამნაშავეების დაუსჯელობაზე.

  • მოუწოდებს დაუყონებლივ,ზუსტ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებისკენ ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები.
  • მოუწოდებს ჩატარდეს დაუყონებლივ სრული, გამჭვირვალე, სანდო და მიუკერძოებელი გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
  • მოითხოვს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას;

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მედიის მუშაობაში ჩაურევლობა და უზრუნველყოს პრესის თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.
  • დაუყონებლივ ჩაატაროს ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა და ამავდროულად დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. ხელისუფლებას სთხოვს, გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დაკავებული ყველა ჟურნალისტის გათავისუფლებას.
  • უზრუნველყოს არსებული კანონმდებლობის გადახედვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ისე, რომ არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს პროპორციულობა და კანონის წინაშე თანასწორობა.
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა უფლება ქალთა და ლგბტი+ უფლებებთან დაკავშირებით.
  • შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების თვალთვალი და მოსმენები. ითხოვს პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იყოს.
  • მოუწოდებს ლგბტქი+ ადამიანების უფლებადამცველების დაშინების შეწყვეტისკენ.
  • უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი მოითხოვს:

  • საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს მედიის თავისუფლების შემზღუდავ საკანონმდებლო კანონპროექტებს.
  • ხელისუფლებამ შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და დისკრიმინაციული მოპყრობა მედიის წარმომადგენლების მიმართ, დაგმოს ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები და საჯარო განცხადებებში ტოლერანტული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოზიცია დაიცვას.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს: ურზუნველყოს საქართველოს მიერ კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების ვალდებულებების სრული შესრულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი იყოს.

ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომისა და საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის გამო ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ვითარებაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიუთითებს ეს რეზოლუცია გაუგზავნოს საბჭოს, კომისიას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო.

  • რეზოლუციის პროექტის ტექსტი საქართველოში მედია გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენებითა და შეფასებებიდან გამომდინარეობს.
  • ევროპარლამენტში ქართული მედიაგარემოს შესახებ დღეს იმსჯელებენ, ხვალ, 9 ივნისს კი კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც პარლამენტის მემარცხენე ჯგუფის სახელით ესპანელმა ევროდეპუტატმა მიგელ ურბან კრესპომ მოამზადა.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებელად მიიჩნევს და პრეზიდენტს მთავარი არხის დირექტორის შეწყალებას სთხოვს.


ომბუდსმენის შეფასება: მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

სასამართლომ თავი აარიდა ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს:

  • ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი
  • ე. წ. მანქანის ეპიზოდი
  • ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი

სახალხო დამცველის ასკვნის, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი უხეშად არღვევს კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპს, და მიმართავს პრეზიდენტს, შეიწყალოს მთავარი არხის დირექტორი.

სახალხო დამცველამდე, მსგავსი შეფასება გამოაქვეყნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც.


ვრცლად TI-ის შეფასებას გაეცანით ამ ბმულზე.
ვრცლად: საიას შეფასება იხილეთ ამ ბმულზე.


კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმე შეისაწავლა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ვერ პასუხობს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს.

ასეთივე შეფასება გამოაქვეყნა საიამ 3 ივლისს.

ვრცლად: საია: ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია

TI-იმ 5 მიზეზი გამოყო, რის გამოც ორგანიზაცია განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევს:

მოსამართლის აცილების საკითხი

  • TI-ის შეფასებით, საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან ახლო მეგობრობის ფაქტი მოსამართლის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

2015 წლის ეპიზოდი (ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე)

  • TI-ის შეფასებით, ნიკა გვარამიას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკისრებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ იგი მოქმედებდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების, მისი პირადი დაინტერესების, თაღლითობის, კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე.
  • ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განაჩენში მითითებული არაერთი დასკვნა ზოგადი ხასიათისაა ანდა არ შეიცავს მსჯელობას თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დაშვებამდე.

2019 წლის ეპიზოდი (ე.წ. ავტომანქანის საქმე)

  • TI-ის შეფასებით, მოსამართლეს არ უმსჯელია კომპანიის დირექტორის ქმედება რამდენად იყო სამეწარმეო სამართლით შესაფასებელი კატეგორია.
  • ავტომობილის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო წინააღმდეგობრივ დასკვნას აკეთებს. ასევე, სასამართლოს არ უმსჯელია ნიკა გვარამიას მოტივაციასა და განზრახვის ელემენტზე

სასჯელის დანიშვნა

  •  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, სასჯელის დანიშვნისას მოსამართლის მსჯელობა ზოგადი და აბსტრაქტული იყო, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არაპროპორციული. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების კრიტიკა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლომ განიხილა რამდენიმე ორგანიზაციისა და პირის, ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, რომელიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების კრიტიკა

სასამართლომ დაასკვნა, ზოგიერთი შეფასება სუბიექტური იყო და მიზნად ისახავდა დაცვის მხარის მხარდაჭერას

  • TI-ის დასკვნით, სასამართლომ არ დააკონკრეტა რომელი მოსაზრების რომელი შეფასება ჩათვალა მიკერძოებულად და მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა.
  • ასევე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა, ამ მოსაზრებების ავტორთა გამოძახებაზე სასამართლოში და არ დააკონკრეტა რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. 
ვრცლად TI-ის შეფასებას გაეცანით ამ ბმულზე.

კონტექსტი:

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა