საქართველო
კატეგორია - საქართველო
მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციის “მედიაომბუდსმენის” შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პროპაგანდისტული მედიიდან მომდინარე საფრთხეს და მის შესაჩერებლად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს.

ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოში შესაბამის უწყებებს 2022 წლის 24 თებერვლიდან (რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან) დღემდე სათანადოდ არ შეუფასებია რუსული პროპაგანდის რისკები და არ დაუსახავს რეაგირების საჭირო მექანიზმები.

ამიტომ, “მედიაომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას, კომუნიკაციების კომისიასა და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებს რუსული დეზინფორმაციის შესაჩერებლად რეკომენდაციებით მიმართავს.


რატომ არის მნიშვნელოვანი? “მედიაომბუდსმენის” კვლევის “ვინ და როგორ (შე)აჩერებს რუსულ პროპაგანდას?” მიხედვით რუსული დეზინფორმაცია:

  • მედიის, პოლიტიკოსების და საჯარო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას იწვევს.
  • საზოგადოებაში თესავს შიშს, დაბნეულობას, გაურკვევლობასა და შფოთვას.
  • საქართველო, ტერიტორიის 20% ოკუპაციის ფონზე, რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
  • საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია.
  • არაერთი მედიასაშუალების მუშაობის სტილი გახდა ანტი-დასავლური გზავნილებითა და ინფორმაციის გავრცელებისას რუსული წყაროების გამოყენება.
  • იზრდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელების ტემპიც.

როგორ ებრძვის დეზინფორმაციას ევროკავშირი და საქართველო?

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა რუსულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდეს. ევროკავშირმა აკრძალა რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიასაშუალებები RT და Sputnik.

“მედიაომბუდსმენის” კვლევაში დეტალურადაა აღწერილი სტანდარტები და აკრძალვები, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ გაატარეს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებას ინერტული პოზიცია აქვს.

რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის წინააღმეგ?

“მედიაომბუდმსენის” მკვლევრები დაინტერესდნენ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე მოახერხა თუ არა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და კომუნიკაციების კომისიამ რუსული საფრთხეების რეალურად შეფასება და რეაგირების მექანიზმის ამოქმედება.

ამისთვის: “მედიაომბუდსმენმა” გამოითხოვა ინფორმაცია: 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე (2022 წლის 26 ივნისის წერილით) რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში რუსული პროპაგანდის შეჩერების მიზნით?

  • პასუხი: 7 ივლისის წერილით კომისიამ დაასახელა რამდენიმე აქტივობა, რომელიც უშუალოდ 2022 წლის 24 თებერვლის თარიღს არ უკავშირდება. კერძოდ, საუბარია მედია წიგნიერებისგანვითარების ხელშეწყობის, ფინანსური გამჭვირვალეობის საკითხებისა და მაუწყებლის თვითრეგულირების პროცესის ცვლილების შესახებ.

კვლევის გუნდმა უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიმართა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას.

  • პასუხი პარლამენტიდან: 2022 წლის 13 ივლისის წერილში წერია,რომ შემუშავებულია დეტალური კითხვარი და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებთან, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საქმიანობის განხორციელება.
  • კომიტეტი აპირებს, კითხვარი გაუგზავნოს აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, გამართოს მათთან ინდივიდუალური შეხვედრები და გაეცნოს მათ შეფასებებს.
  • საშემოდგომო სესიის პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი გეგმავს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვას.
  • საქართველოს მთავრობამ მკვლევრებს არ უპასუხა.

რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება?

უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპაციის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია იხელმძღვანელოს საერთაშორისო პრაქტიკით, დაიცვას მოსახლეობა რუსული დეზინფორმაციისგან და შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მიიღოს სათანადო ზომები პროდასავლური კურსის გასაძლიერებლად.

“მედიაომბუდმსენი” მიიჩნევს, რომ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შეჩერებისთვის ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისა და შესრულების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე კომუნიკაციების კომისია უნდა გახდეს.

რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს

  • პარლამენტმა დაუყოვნებლივ დააწესოს სანქციები ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის გავრცელებისთვის.
  • დაუყოვნებლივ ჩაატაროს თემატური გამოძიება რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შესახებ.
  • საპარლამენტო კომიტეტებმა გამართონ საჯარო მოსმენები რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ გამოსაყენებელი აუცილებელი ზომების შესახებ.
  • სსიპ კვლევითმა ცენტრმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გატარებული შესაბამისი ანტიდეზინფორმაციული ინიციატივები და საპარლამენტო კომიტეტებს ურჩიოს იმ ქმედებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს პარლამენტის მიერ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ.

რეკომენდაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას

  • შეფასდეს და განახლდეს ჰიბრიდულ საფრთხეების მარეგულირებელი პოლიტიკა სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების მისაღწევად.
  • ეროვნული თავდაცვის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს კონკრეტული დანაყოფი ან სააგენტო, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება მთავარი საკონტაქტო და მაკოორდინირებელი ორგანო დეზინფორმაციის მონიტორინგის, ანალიზის და შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევის უზრუნველსაყოფად, რათა სახელმწიფომ პროაქტიულად და დეტალურად შეისწავლოს რუსული დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელების მასშტაბები, მიზნები და გამოვლინებები საქართველოში და, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურად უარყოს რუსული დეზინფორმაციული ნარატივით გავრცელებული ყალბი ინფორმაციები.
  • შეიქმნას პლატფორმა მოსახლეობისთვის ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებისთვის დეზინფორმაციისა და მასთან ეფექტური ბრძოლის მეთოდების შესახებ ქართულ, ოსურ, აფხაზურ და სხვა უმცირესობების ენებზე.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველი პირების მიმართ, ვინაიდან მათ ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები.

რეკომენდაციები კომუნიკაციების კომისიას

  • დაუყოვნებლივ გამოიყენოს მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად.
  • დაუყოვნებლივ დანერგოს ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC) წევრი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად.
  • კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტ სერვის პროვაიდერებმა, გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები.
  • ევროპული გამოცდილების შესწავლის შედეგად, კომუნიკაციის კომისიამ დაუყოვნებლივ მოამზადოს სტრატეგია და მიიღოს ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს რუსული გავლენა მედიაში.

პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ დეზინფორმაციის და პრორუსული ინფორმაციის გავრცელება და/ან იმ ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც ჩართულები არიან რუსული პროპაგანდის გავრცელებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი გაიზარდოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ვრცლად რეკომენდაციებსა და კვლევას გაეცანით ამ ბმულზე.
კატეგორია - საქართველო
თბილისის პროკურატურამ უკანონო ფარული მოსმენა - მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად კიდევ რვა ჟურნალისტი ცნო.

დღეის მონაცემებით, სახელმწიფომ 14 აღიარა დაზარალებულად იმ 30 ჟურნალისტიდან, რომლებმაც პროკურატურას დაზარალებულის სტატუსისთვის მიმართეს.

რა ხდება?

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.

მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა.

ვინ არიან დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტები?

დამატებით 8 ჟურნალისტი, რომელიც პროკურატურამ ე.წ კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო:

  • გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლების გამომძებელი ჟურნალისტი
  • გელა ბოჩიკაშვილი - On.ge ყოფილი მთავარი რედაქტორი
  • ინგა გრიგოლია - ტელეკომპანია პირველი
  • ვასილ დაბრუნდაშვილი - ტელეკომპანია პირველი
  • ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
  • თათია ხალიანი - ონლაინგამოცემა პუბლიკა
  • ნინო ჟიჟილაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
  • რუსუდან ჯაბანიშვილი - ტელეკომპანია პირველი

მანამდე პროკურატურამ გამოკითხა და დაზარალებულად აღიარა:

  • თამუნა ჩიხლაძე - ტელეკომპანია ფორმულა
  • სოფიკო მაისურაძე - ტელეკომპანია ფორმულა
  • გიორგი დარჩაშვილი - ტელეკომპანია ფორმულა
  • Ნინო ბიძინაშვილი - გაზეთი ბათუმელები / ნეტგაზეთი
  • ნოდარ მელაძე - ტელეკომპანია პირველი
  • თამთა დოლენჯაშვილი - ტელეკომპანია პირველი
“მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, თავდაპირველად, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა - მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარიც გაიგზავნა.

  • ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას 30 ჟურნალისტს უწევს.
  • უფლებადამცველ ორგანიზაციაში მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა - მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზიც: 555 795 776
ამავე თემაზე: პროკურატურას კიდევ 19 ჟურნალისტი სთხოვს დაზარალებულად ცნობას ე.წ. კრებსების საქმეზე
კატეგორია - საქართველო
ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე პროკურატურას უკვე 30-მა ჟურნალისტმა მიმართა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით.

უწყებამ 6 მათგანი მხოლოდ მას შემდეგ გამოკითხა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, რაც მათი საქმეები „მედიაომბუდსმენმა“ სტრასბურგში გაგზავნა.

რა ხდება

ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაციის - „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, მოსმენების საქმეზე 27 ივლისს პროკურატურაში კიდევ 19 ჟურნალისტის განცხადება შევიდა.

დაზარალებულად ცნობას სხვადასხვა მედიების წარმომადგენლები ითხოვენ:

  • ნინია კაკაბაძე - უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
  • დავით გამისონია - რადიო თავისუფლება
  • გელა მთივლიშვილი - მთის ამბები
  • თათია ხალიანი - პუბლიკა
  • ლევან სუთიძე - ტაბულა
  • მარიამ ლომაძე - კავკასია
  • სალომე ჩადუნელი - ფორმულა
  • გიორგი კიკაბიძე - ფორმულა
  • ელისაბედ ციციშვილი - ფორმულა
  • ლუკა ხაჩიძე - ფორმულა
  • ნინო ვარძელაშვილი - ფორმულა
  • გიორგი კვიჟინაძე - ფორმულა
  • ნატა ქაჯაია - TV პირველი
  • ნანუკა ქაჯაია - TV პირველი
  • ვასილ დაბრუნდაშვილი - TV პირველი
  • რუსუდან ჯაბანიშვილი - TV პირველი
  • მაია მამულაშვილი - TV პირველი
  • სესილი ბოკერია - TV პირველი
  • ნატო გოგელია - TV პირველი

სარჩელები სტრასბურგში

ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე „მედიაომბუდსმენმა“ 10 ჟურნალისტის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 12 ივლისს გაგზავნა:

  • გიორგი მგელაძე, გელა ბოჩიკაშვილი - „რადიო თავისუფლება“
  • ნინო ბიძინაშვილი - „ნეტგაზეთი“
  • ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე - „ფორმულა“
  • ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი - „TV პირველი“

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გაიგზავნება „ფორმულას“ ჟურნალისტის ხატია შამანაურის საქმეც.

მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათი საქმეები სტრასბურგში გაიგზავნა, პროკურატურამ გამოკითხვა დაიწყო და ამ დრომდე უკვე 6 მათგანს - ნოდარ მელაძეს, თამთა დოლენჯაშვილს, ნინო ბიძინაშვილს, გიორგი დარჩიაშვილს, თამუნა ჩიხლაძეს და სოფო მაისურაძეს, მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი

კონტექსტი

  • 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები გავრცელდა.
  • დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა.
  • ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.

„მედიაომბუდსმენი“ ისევ აგრძელებს ე.წ. კრებსების საქმეზე ჟურნალისტების დახმარებას. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776
კატეგორია - საქართველო
ქვემო ქართლის ტელევიზიის, TV 4-ის ეთერში დღეიდან ძალადობრივი ჯგუფის არხის - „ალტ-ინფოს“ გადაცემები აღარ გავა.

რა ხდება

  • საეთერო ბადიდან „ალტ-ინფოს“ გადაცემების ამოღების შესახებ განცხადება TV 4-მა დღეს, 27 ივლისს გაავრცელა.
  • ტელევიზიის დირექტორმა გიგი მგალობლიშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. „ნეტგაზეთთან“ კი თქვა, რომ “ალტ-ინფოსთან” თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი “ალტ-ინფოს” ფინანსური პრობლემები გახდა, თუმცა, მომავალში აღარ აპირებენ პრორუსულ არხთან თანამშრომლობას.
  • მგალობლიშვილი ამბობს, რომ “ალტ-ინფოს” პროდუქციის შინაარსი TV 4-თვის თავიდანვე სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, „სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ“.

კონტექსტი

  • ტელეკომპანია TV 4-ის ეთერში „ალტ-ინფოს“ გადაცემები სატესტო რეჟიმში მაისიდან გადიოდა.
  • მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მაუწყებლის ფინანსური პრობლემებით ახსნა
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2021 წლის მედიამონიტორინგის ანგარიშში TV 4 ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ რეგიონულ მაუწყებელად არის მიჩნეული

მოკლედ ალტ-ინფოს შესახებ

  • ალტ-ინფომ 2018 წელს ინტერნეტ ტელევიზია შექმნა - "ლიბერალურ პროპაგანდასთან" საბრძოლველად.
  • 2021 წლის 20 ნოემბერს კი პარტია დააფუძნა სახელწოდებით „ კონსერვატიული მოძრაობა“ და მთელი საქართველოს მასშტაბით ხსნიან ოფისებს.
  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, რომლის ორგანიზატორებიც ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები იყვნენ, მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • ფეისბუქმა არაერთხელ დაიბლოკა ალტ-ინფოს გვერდები, თუმცა მუდმივად სხვადასხვა სახელით ახალ-ახალ გვერდებს ქმნიან. 
კატეგორია - საქართველო
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა „ქართული ოცების“ წევრმა.

რა მოხდა?

25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნატაშკა ჯახუტაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯომარეს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხა კომენტარი უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადების შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“.

ირაკლი კობახიძემ, კითხვის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და სექსისტური ფრაზებით მიმართა.

რა არის მნიშვნელოვანი?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ. სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის საქართველოში მედიის უსაფრთხოების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი.

რა თქვა კობახიძემ?

  • “კაგებეშნიკი არის მამათქვენი. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. არ გრცხვენია? შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი…“
  • „სახე დაკარგე, თავი დაკარგე. პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. გულისამრევი. ქალი აღარ ხარ.“
  • „პირი მოიწმინდე, რომ ლაპარაკობ. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს.“

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ფეუსბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა შეურაცხმყოფელი ფრაზები ჟურნალისტების მიმართ.



ვინ ამართლებს ირაკლი კობახიძეს?

  • „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე: „ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები… მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”
  • დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” - გივი მიქანაძე: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები”. 
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას ბოლო ორი დღეა, რომლის კულმინაცია იყო გუშინ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც. ყველაფერი ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით“.
  • „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი: „როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის - ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!“.
  • ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი: „სრული მხარდაჭერა ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს. კითხვა, რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს“
  • „ქართული ოცნების“ წევრი - რატი იონათამიშვილი: „აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი - უზნეო, ცილისწამება - სიმართლე და ყველაფრის კადრება - ღირსების გამოვლენა“.

როგორ ეხმაურებიან ამ ამბავს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები?

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“
  • მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს.
  • საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: “კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!“ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!”

იხილეთ ასევე:
კატეგორია - საქართველო
ბაუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის - შორენა ღლონტის მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.

რა ხდება

თითქმის 2 წლიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორენა ღლონტისთვის 20 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის და, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც სასამართლოში შორენა ღლონტის უფლებებს იცავდა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ, „ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან“.

  • „მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა.
  • შორენა ღლონტმა მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
  • სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ ცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კონტექსტი

  • აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დირექტორად დანიშვნის შემდეგ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლა ანდა ხელშეკრულება შეუცვალა.
  • აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა და არსებითად სხვა პოზიციაზე გადაყვანილმა თანამშრომლებმა მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს.
  • კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.
  • მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებდნენ გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
კატეგორია - საქართველო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 19 ივლისს, „რუსთავი 2-ის“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვა დაიწყო.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით განიხილა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს მედიაზე ზეწოლადაც შეფასდა.

რა თქვა სასამართლოზე გვარამიამ

  • გვარამიამ თავდაპირველად გამოეხმაურა თავისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ჩხიკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აშშ-ს აკრიტიკებდა: „მე არ ვიცი რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები და აქამდე არ გამიგია, სასამართლოს მიმართ თავდასხმებები სტრატეგიულ პარტნიორზე“.
  • გვარამიამ ასევე დასძინა, რომ „დაუშვებელია და გმობს“ თუ, როგორც ჩხიკვაძე ამბობს, მართლაც „არ წყდება ბულინგი მისი მეუღლისა და შვილების მიმართ“.
  • გვარამიამ დანაშაული უწოდა ტელეწამყვან, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებას, სადაც „მთავარი არხის“ თანამშრომლების საუბარი ისმის.


შემდეგი სასამართლო სხდომა

  •  „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს, 14:00-ზე ჩაინიშნა.
  • ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა მოსამართლეს მიმართეს, რომ პროცესის 2 თვეზე მეტით გადადება კანონმდებლობით საქმის განხილვის ვადების დარღვევაა.
  • მოსამართლემ სხდომის ორთვე-ნახევრით გადადება ივლისსა და აგვისტოში მოსამართლეების შვებულებებითა და სექტემბერში უკვე ჩანიშნული სხდომებით ახსნა.

კონტექსტი 

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა ●
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება

„TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„პროკურატურას მოუწია საქმის აღძვრა, ასევე მოუწევს დამნაშავეების ციხეში გაშვება“ - ამბობს წერეთელი „ტვ პირველთან“.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ უწყებამ გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო. მისივე თქმით, წერეთელი გამოკითხვაზე 19 ივლისს, 20:00 საათზეა დაბარებული.

ვატო წერეთელმა აშშ-ს საელჩოს დღესაც მოუწოდა, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები პროკურატურას გადასცეს, რათა გასაჯაროვდეს ძალადობის კადრები.

კონტექსტი

  • 30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელს, ვატო წერეთელს, მისივე თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი.
  • ინციდენტში მონაწილეობდნენ ბექა ოდიშარია და ირაკლი ზარქუაც, რომლებიც ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.
  • მმართველი გუნდი ამას „პროვოკაციაზე რეაქციით“ ამართლებდა.
  • აშშ-ის საელჩო აცხადებდა, რომ „სწავლობს ამ ინფორმაციას.”
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიაკოალიცია მმართველ პარტიას მოუწოდებდა, რომ მომხდარ ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო

ამ თემაზე ვრცლად: დაპირისპირება აშშ-ის საელჩოში - რა მოხდა? - დეტალები
კატეგორია - საქართველო

რა ხდება

18 ივლისს, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეებზე, თბილისის პროკურატურამ „ფორმულას“ კიდევ ორი ჟურნალისტი - გიორგი დარჩაშვილი და სოფო მაისურაძე გამოკითხა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

  • გამოკითხვას წინ უძღოდა „მედიაომბუდსმენის“ მიერ 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სარჩელის გაგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
  • 14 ივლისს თბილისის პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა „ფორმულას“ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძესაც.

კონტექსტი

  • 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები გავრცელდა.
  • დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა.
  • ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
  • 12 ივლისს „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 4 სხვადასხვა მედიის 10 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა.
  • „მედიაომბუდსმენი“ უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით ყველა მედიის წარმომადგენელს სთავაზობს დახმარებას.
კატეგორია - საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ჟურნალისტების ფარულ მიყურადებასა და ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე მის მიმართ.

აშშ-ის ელჩი ჟურნალისტების მოსმენებზე

კელი დეგნანი “უცნობის” მიერ 13 ივლისს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბარი ისმის, ამბობს, რომ ეს ფაქტი “ყველასთვის შეშფოთების საგანია.”

ელჩის განცხადებით:

  • "ეს ფაქტი ჩვენი [აშშ-ის] შეშფოთების კიდევ ერთი შეხსენებაა მოსმენებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართებით, არამედ ზოგადად.”
  • ამერიკული მხარე სწორედ ამიტომ ურჩევდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეყოვნებინა მოსმენებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა იმ საუკეთესო პრაქტიკას, რაც ევროპასა და ზოგადად მსოფლიოშია მიღებული.
  • ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, გამოეძიებინა ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პირების ფარული ჩანაწერები.
  • “ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ.”

ელჩი გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე

კელი დეგნანმა უარყო სასამართლოს საქმიანობაში თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შესახებ გავრცელებული განცხადებები.

ელჩი ამბობს, რომ:

  • „ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში არ შეესაბამება სიმართლეს.”
  • აშშ წლებია ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში.

მანამდე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს წარომადგენელმა “ანგარიში მოსთხოვა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით” და პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოუწოდა რომ „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან”.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვიძემ 15 ივლისს დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს.

მედიის თავისუფლება პრიორიტეტია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე.

დეგნანი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკისთვის მედიის თავისუფლების საკითხი “ძალიან მნიშვნელოვანია” და ეს ნებისმიერი დემოკრატიისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

ელჩმა მიმდინარე კვირაში ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიხსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ - “ ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობით. ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია."
კატეგორია - საქართველო
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვიძე ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

რა ხდება

15 ივლისს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც იგი ადასტურებს, რომ გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩხიკვილაძემ განცხადება ტელევიზიას თვითონ მიაწოდა.

მოსამართლე ამბობს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას მოუსმინა:

  • ჩხიკვაძის შეფასებით, ევროპარლამენტარი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით, „თითქოს იქამდე დაშვებული შეცდომა გამოასწოროს“
  • ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს - კევინ ბურკს შეხვდა.
  • „საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა“ - ამბობს ჩხიკვაძე. 
  • „ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში, სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“ - ამბობს ჩხიკვაძე.

მოსამართლის შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ ემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო“.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა
კატეგორია - საქართველო
გამოძიება დაიწყო ტელეწამყვანისა და მომღერალის, გიორგი გაჩეჩილაძის (“უცნობის”) მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრი ისმის.

რატომ არის მნიშვნელოვანი? არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რაც სათანადოდ არ არის გამოძიებული. მედიაკოალიციამ 14 ივლისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ ეჭვები.

გამოძიების დეტალები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

რას გულისხმობს სსკ-ის 158-ე მუხლი, 1 ნაწილი?
  • კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა.
  • ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.

კონტექსტი

გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი 2022 წლის 13 ივლისს გამოაქვეყნა.

  • 2-წუთიან აუდიო ჩანაწერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” მაშინდელი წამყვანის გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის ეკა სარიას და ჟურნალისტების ლაშა კვესელაძისა და გიორგი გვიშიანის საუარი ისმის.
  • ჟურნალისტები წყაროსგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობენ.
  • “მთავარი არხის” ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს სუს-ის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერია.
ვრცლად ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?