სამი გავირუსებული და სიცოცხლისთვის საშიში მითი კორონავირუსზე
19.05.2020

კორონავირუსის პანდემიიდან დღემდე, ვირუსთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, ისევე სწრაფად, როგორც თავად ვირუსი. მოგიყვებით, სამ ფართოდ გავრცელებულ მითზე Covid-19 შესახებ, რომლებმაც მსოფლიო მოიცვა და ადამიანების სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე.

 

საშიში მითები


1. მითია, რომ სუნთქვის შეკავებით გაიგებთ გაქვთ თუ არა კორონავირუსი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სუნთქვის შეკავებით კორონავირუსის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი, ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა. სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაციის წყაროდ ძირითადად იაპონელი ან ტაივანელი ექიმები, ზოგ შემთხვევაში სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები არიან დასახელებული.

მითის თანახმად, თუ ადამიანი ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვას 10 და მეტი წამის განმავლობაში ისე შეიკავებს, რომ არ დაახველებს, მაშინ მას Covid-19 არ აქვს. ხშირად ამ მითს თან ახლავს რეკომენდაცია, რომ დასახელებული მეთოდით თავი ყოველ დილით სუფთა ჰაერზე უნდა შეიმოწმოთ.

დეზინფორმაცია ისე სწრაფად გავრცელდა, რომ სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოწვევად იქცა, - მომხმარებლები ჰეშთეგებით #Corona10secchallenge და #NoCoronaTestChallenge ვიდეოებს ტვირთავენ, რომელშიც სუნთქვას 10 წამის განმავლობაში იკავებენ. ასეთ ვიდეოებს საერთო ჯამში 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

სინამდვილეში, სუნთქვის შეკავებით კორონავირუსის დიაგნოსტირება შეუძლებელია.

  • Reuters-თან საუბრისას ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ტომას ნაში "სუნთქვის ტესტს" გამოგონილს უწოდებს.

  • მერილენდის უნივერიტეტში ინფექციური დაავადებების მიმართულების ხელმძღვანელის ფაჰიმ იუნესის განმარტებით, Covid-19-ის მქონე ახალგაზრდა პაციენტების უმრავლესობას სუნთქვის შეკავება 10 წამზე მეტ ხანს შეუძლია, ხოლო მოხუცები, რომელთაც ვირუსი არ აქვთ, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ სუნთქვა დიდხანს შეიკავონ, შესაბამისად ვირუსის დადგენა ამ მეთოდით არასწორია.

  • გავრცელებულ მითს Twitter-ზე გამოეხმაურა სტენფორდის უნივერსიტეტიც და გავრცელებულ დეზინფორმაციასთან უნივერსიტეტის კავშირი უარყო.


2. მითია, რომ ცხელი წყლის დალევა კორონავირუსისგან დაგიცავთ

Covid -19-ის გამომწვევი ვირუსის Sars-CoV-2-ის პრევენციისა და მისი დამარცხების მიზნით ცხელი წყლის დალევა რეკომენდებული არ არის. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ინფორმაციით, SARS კორონავირუსი (Sars-CoV-2-ის მსგავსი ვირუსი) მინიმუმ 56C-ზე კვდება. საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით, ვირუსი მოკვდება, თუმცა ეს ტემპერატურა იმდენად მაღალია ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ მისი პირდაპირ მიღება დამწვრობას გამოიწვევს.

მითი, საქართველოს შემთხვევაში, სოციალურ ქსელსაც გასცდა და მედიასაშუალებები მოიცვა. მაგალითად, 22 მარტს “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” წამყვანმა მაყურებელს ცხელი სითხის 20 წუთში ერთხელ დალევა ურჩია.

გავრცელებული დეზინფორმაციის დაჯერების გამო რამდენიმე ადამიანი დამწვრობის ცენტრშიც მოხვდა. 16 აპრილს თბილისის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე "ნეტგაზეთთან" აცხადებდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პროფილაკტიკის მიზნით რამდენიმე მოქალაქემ ადუღებული წყალი დალია, რის შედეგადაც მათი ნაწილს პირის ღრუს დამწვრობის გამო ამბულატორიული მკურნალობა  დასჭირდა.




ექიმ-ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განმარტებით, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს.


3. სახიფათო მითია, რომ მეთილის სპირტის გამოყენება კორონავირუსის პრევენციის ან/და მკურნალობის საშუალებაა

მეთილის სპირტის იგივე მეთანოლის შესახებ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოცემა Time-ის ინფორმაციით, Covid-19-ის მკურნალობის მიზნით მეთილის სპირტის მიღების გამო ირანში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 100-მდე პირმა კი მხედველობა დაკარგა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" განმარტებით, მეთანოლი სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებაა, მას არ შეუძლია კორონავირუსის დაავადების განკურნება და მისი მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

alt
cc: stopcov.ge 

 


Covid-19-ის „ინფოდემია“ - როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან 

 

პანდემიის პარალელურად ადამიანებისთვის საფრთხეს Covid-19-ის "ინფოდემიაც" წარმოადგენს. დეზინფორმაცია კლავს და ამის ნათელი მაგალითი ირანის ზემოთხსენებული შემთხვევაა. სწორედ ამ "ინფოდემიისგან" თავის დასაცავად Poynter-ი ახალი ამბების აუდიტორიას რამდენიმე მარტივ რჩევას სთავაზობს.

1. ნუ გააზიარებთ Covid-19-ის შესახებ ინფორმაციას მაშინვე, როგორც კი ნახავთ, განსაკუთრებით თუ ის სკანდალურია. აუცილებელად გადაამოწმეთ რამდენად რეალურია ამბავი.

2. შეამოწმეთ წყარო

მნიშვნელოვანია რაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია. კორონავირუსის შესახებ სანდო წყაროებია "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ასევე ჯანდაცვის ადგილობრივი ოფიციალური ორგანოები.

3. უფრო მეტად ენდეთ მეცნიერებს, ვიდრე პოლიტიკოსებს

უკვე არაერთი შემთხვევა დაგროვდა, როდესაც პოლიტიკოსებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი განცხადებები გაავრცელეს. ამის მიზეზი შესაძლოა პოლიტიკური მიზნები ან უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით არაკომპეტენტურობა იყოს. თუ ინფორმაციის წყარო პოლიტიკოსია, იყავით სკეპტიკურები და გადაამოწმეთ მათი ნათქვამი.

4. დააკვირდით თქვენს ემოციებს

თუ ინფორმაციის მიღებისას გაქვთ ძლიერი ემოცია, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სხვებისთვის გაზიარებამდე, ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

5. შეამოწმეთ ფოტოები და ვიდეოები

დეზინფორმაცია ხშირად ვიზუალური მასალით ვრცელდება. ფოტოებისა და ვიდეოების გადასამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ First Draft-ის რესურსები, InVid-ი და RevEye. ფაქტების გადამმოწმებელი ქსელის Vishvas News-ის ამ ფაილში კი დეტალურადაა აღწერილი ფოტოებისა და ვიდეოების შემოწმების გზები.

6. ვირუსთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მიიღეთ.

კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა მითებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მასალებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.



alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ