დეზინფორმაცია მასობრივი არეულობების დროს - ყაზახეთის მაგალითი
13.01.2022
ყაზახეთში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებასთან ერთად, მედიაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ყალბი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ამ ამბების შესახებ. ამას ხელს უწყობდა ქვეყანაში ინტერნეტზე შეზღუდული წვდომაც, რადგან იქ მომუშავე ჟურნალისტები ვერ ან რთულად ახერხებდნენ სანდო ახალი ამბების გამოქვეყნებას.

2 იანვარს ყაზახეთში, ქალაქ ჟანაოზენში თხევადი ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირების გამო საპროტესტო აქცია დაიწყო. რამდენიმე დღეში ეს პატარა სოციალურ-ეკონომიკური პროტესტი მასშტაბურ მოძრაობაში გადაიზარდა პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნით. მღელვარებას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა ხალხსა და პოლიციელებს შორის. ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ათობით მოქალაქეა დაღუპული.

ჟურნალისტი პიოტრ ტროცენკო რადიო თავისუფლების ყაზახურ ბიუროში მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობების დაწყებიდან მალევე ხელისუფლებამ ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა.

„ყველა ჩვენი რედაქტორი ალმატიშია, იქ კი ინტერნეტი საერთოდ არ იყო. ასტანაში რამდენიმე საათით რთავდნენ. როცა კავშირი აღდგებოდა, თუნდაც დილის 5 ან 6 საათი ყოფილიყო, ვდგებოდი და ვცდილობდი მთელ იმ ინფორმაციაში გავრკვეულიყავი, რომელიც თავზე გვეყრებოდა.” - ყვება პიოტრ ტროცენკო.

ბევრი ჟურნალისტი ამ სიტუაციიდან გამოსავალს იმით პოულობდა, რომ იყენებდა პროქსი სერვერებს და სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერს, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო დაბლოკილი. ყაზახეთში ინფორმაციის გაცვლის მთავარი წყარო აპლიკაცია „ტელეგრამის“ არხები გახდა, რომლებიც, როგორც ტროცენკო ამბობს, „ცუდად მუშაობს, მაგრამ მუშაობს“.

ერთ-ერთი პოპულარული ტელეგრამ-არხი ონლაიან ჟურნალს Vlast.kz-ს ეკუთვნის. არეულობების დროს Vlast.kz კოლეგებთან ერთად ხელისუფლებას მიმართავდა თხოვნით (https://t.me/vlastkz/9300 ) ოფიციალური ინფორმაცია თანაბრად მიეწოდებინა ყველა მედიისთვის. საგანგებო სიტუაციების დროს ოფიციალური უწყებების არათანაბარი მიდგომა მედიასაშუალებების მიმართ, კიდევ უფრო ზრდიდა დეზინფორმაციის გავრცელების რისკს.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია პანიკასა და შიშს იწვევსო, წერდა Vlast.kz-ის რედაქცია ხელისუფლებისადმი მიმართვაში: „სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ალმათიში აქამდე გათიშულია ინტერნეტი, ქვეყნის სხვა წერტილებში კი შეფერხებით მუშაობს. ჩვენ ვერ ვიღებთ ოფიციალურ პრეს-რელიზებს და კომენტარებს ხელისუფლებისგან. ამ რთულ მომენტში უთანასწორობა რედაქციებს შორის უნდა იყოს აღმოფხვრილი. ჩვენ მკითხველთა დიდ რიცხვს დროულად უნდა მივაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია და შევაჩეროთ ჭორების გავრცელება“.

თუმცა, ოფიციალური ცნობებიც შეიძლება აღმოჩნდეს არასანდო. 9 იანვარს, ყაზახეთის მედიამ, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, რომ არეულობების დროს ქვეყანაში 164 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მოგვიანებით უარყო ეს რიცხვი.

„ხელისუფლებამ უარყო - ტექნიკური შეცდომა იყოო. ახლა არანაირი ინფორმაცია არ არის დაღუპულთა შესახებ. მხოლოდ დაკავებულებზე, მათი რიცხვი 6 ათასს ცდება“ - ამბობს ტროცენკო.

9 იანვარს ყაზახეთის სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა ერთ-ერთი დაკავებულის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი. ვიდეოში კაცი ამბობდა, რომ ის ალმათიში ყირგიზეთიდან ჩავიდა და მონაწილეობას იღებდა არეულობებში ფულის სანაცვლოდ.

როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ყვება, მალევე გაირკვა, რომ „ეს ადამიანი ცნობილი ჯაზ-მუსიკოსია ბიშკეკიდან - ვიქრამ რაზუხანოვი. ის წინასაახლწლოდ ჩამოვიდა ალმათიში რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ შარში გაეხვა და სცემეს. ამ ყველაფერს დიდი რეაქცია მოჰყვა არა მარტო ყირგიზეთის მოსახლეობაში, არამედ ოფიციალურ წრეებშიც“.

10 იანვარს ვიქრამ რაზუხანოვი გაათავისუფლეს. ის ყირგიზეთში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის, რასაც გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, სამშობლოში დასაბრუნებლად დაიბრალა. მისი თქმით, ეს გზა სხვა დაკავებულებმა ურჩიეს: „რომ განაცხადო, თითქოს და ფული შემოგთავაზეს და ალმათიში მიტინგზე ჩამოხვედი, ეგრევე შენს დეპორტაციას მოახდენენ ბიშკეკშიო. ამიტომ დავიბრალე, თუმცა ეს არ გამიკეთებინა“.

მუსიკოსი ჟურნალისტებთან საუბრისას იმასაც ამბობდა, რომ დაკავების პერიოდში, ის არ უწამებიათ, ფიზიკური დაზიანებები კი დაკავების დროს მიიღო.

მათთვის, ვისაც სურს ყაზახეთში მიმდინარე ამბებს თვალი ადევნოს, პიოტრ ტროცენკოს ვთხოვეთ რამდენიმე იქაური სანდო საინფორმაციო წყარო გაეზიარებინა მედიაჩეკერისთვის.

vlast.kz
www.azattyq.org
www.the-village-kz.com
t.me/Zanamiviehali
t.me/protenge
t.me/factcheckkz

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : ანასტასია სლოვინსკაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ