50-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელი-ჰამასის ომში
22.11.2023
გასულ თვეს ისრაელსა და ჰამას შორის დაწყებული ომის შედეგად, მინიმუმ 50 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) შეფასებით, ეს თვე ჟურნალისტებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა 1992 წლის შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო.

CPJ-ს მონაცემებით:

  • დაიღუპა 53 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი: 46 პალესტინელი, 3 ლიბანელი, 4 ისრაელის მოქალაქე.
  • 3 ჟურნალისტი დაკარგულად ითვლება.
  • 18 ჟურნალისტი დაშავდა.

ინფორმაციის დეფიციტი:

ჟურნალისტების სიკვდილის გარდა, ღაზაში ფერხდება ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები. CPJ-ს კოორდინატორის ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, შერიფ მანსურის განცხადებით, ეს ნიშნავდა ინფორმაციის ნაკლებობას იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც სჭირდებათ იმის ცოდნა, სად უნდა მოიპოვონ საკვები, საწვავი და სუფთა წყალი.

  • “კონფლიქტის შესახებ შეტყობინება ბევრად უფრო საშიში გახდა ადგილობრივი პალესტინელი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ფრონტზე არიან და არ აქვთ უსაფრთხო თავშესაფარი”.
  • “ისინი ყველაზე საჭიროები არიან ახლა, მაგრამ ასევე ყველაზე დაუცველები”.

უსაფრთხოების გარანტიები:

  • ისრაელის არმიამ უარი თქვა ჟურნალისტების მკვლელობის პასუხისმგებლობის აღებაზე. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს განუცხადეს, რომ არ შეუძლიათ მედიის ან მათი თანამშრომლების უსაფრთხოების გარანტიის მიცემა.
  • 2023 წლის 21 ნოემბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ორგანიზაციამ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ჟურნალისტების დასაცავად.

RSF-ის ერთ-ერთი დირექტორის, კლეიტონ ვაიმერის განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის მედიის ნაწილი ჩაახშო.

“ჩვენ მოვუწოდებთ თეთრ სახლს, ყველაფერი გააკეთოს ღაზაში ჟურნალისტების დასაცავად, საერთაშორისო მედიისთვის ღაზაზე წვდომის უზრუნველსაყოფად და ტელეკომუნიკაციების შენარჩუნებისთვის. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება - ობიექტური გაშუქების არარსებობის პირობებში პროპაგანდა ვითარდება”, - თქვა კლეიტონ ვაიმერმა.

დაღუპული ჟურნალისტების არასრული სია:

(CPJ-ს შეგროვილი მონაცემები)

7 ოქტომბერი, 2023

შაი რეგევი - TMI-ის რედაქტორი, მუშაობდა ებრაულენოვანი ყოველდღიური გაზეთის Maariv-ის გასართობი ამბების განყოფილებაში. დაიღუპა ჰამასის თავდასხის დროს, სამხრეთ ისრაელში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალზე.

აიელეთ არნინი - ისრაელის სამაუწყებლო კორპორაციის ახალი ამბების რედაქტორი. დაიღუპა ჰამასის თავდასხის დროს, სამხრეთ ისრაელში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალზე.

იანივ ზოჰარი - მუშაობდა ისრაელის ყოველდღიურ გაზეთ ისრაელ ჰაიომში. დაიღუპა ჰამასის თავდასხმის დროს სამხრეთ ისრაელში, მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად.

მოჰამად ალ-სალჰი - ფოტოჟურნალისტი. დახვრიტეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს ღაზის სექტორში.

მოჰამად ჯარღუნი - Smart Media-ს პალესტინელი ჟურნალისტი, დაიღუპა ღაზის სექტორში.

იბრაჰიმ მოჰამად ლაფი - Ain Media-ს პალესტინელი ფოტოგრაფი, ესროლეს და მოკლეს ღაზის სექტორში.

8 ოქტომბერი

ასად შამლახი - ფრილანსერ ჟურნალისტი. დაიღუპა ოჯახის ცხრა წევრთან ერთად ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში.

10 ოქტომბერი

ერთსა და იმავე ვითარებაში დაიღუპნენ:

საიდ ალ-ტაველი - Al-Khamsa News ვებსაიტის მთავარი რედაქტორი.

მუჰამედ სობჰ - საინფორმაციო სააგენტო Khabar-ის ფოტოგრაფი.

ჰიშამ ალნვაჯა - საინფორმაციო სააგენტო Khabar-ის ჟურნალისტი.

ღაზის სექტორში, როდესაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა შეუტიეს ტერიტორიას, სადაც განთავსებულია რამდენიმე მედია საშუალება.

11 ოქტომბერი

მოჰამედ ფაიეზი აბუ მატარი - ფრილანსერ ფოტოჟურნალისტი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორში.

12 ოქტომბერი

აჰმედ შეჰაბი - რადიო Sowt Al-Asra-ს ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

13 ოქტომბერი

სალამ მემა - ეკავა ჟურნალისტ ქალთა კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა პალესტინის მედიის ასამბლეაში. მისი ცხედარი დაბომბვის შემდეგ, ნანგრევებიდან სამი დღის შემდეგ ამოასვენეს.

ჰუსამ მუბარაქი - ჰამასთან დაკავშირებული რადიოს ჟურნალისტი, დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

ისამ აბდალა - საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ოპერატორი. დაიღუპა ლიბანის საზღვართან ისრაელის მიმართულებით მომდინარე დაბომბვის შედეგად.

14 ოქტომბერი

იუსეფ მაჰერ დაუასი - ხელმძღვანელობდა პალესტინის არაკომერციულ პროექტს. დაიღუპა ღაზაში.

16 ოქტომბერი

აბდულჰადი ჰაბიბი - მუშაობდა Al-Manara News Agency-სა და HQ News Agency-ში. დაიღუპა მისი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, როდესაც რაკეტები მის სახლთან ახლოს ჩამოვარდა.

17 ოქტომბერი

მოჰამად ბალუშა - ჟურნალისტი და ადგილობრივი მედიასაშუალების, "Palestine Today"-ს ოფისის ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯერი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმისას ჩრდილოეთ ღაზაში.

ისამ ბჰარი - ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს ჟურნალისტი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

18 ოქტომბერი

სამეჰ ალ-ნადი - ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს დირექტორი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში.

19 ოქტომბერი

ხალილ აბუ აათრა - ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს ოპერატორი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმისას.

20 ოქტომბერი

როი იდანი - ისრაელის გაზეთის Ynet-ის ფოტოგრაფი. 7 ოქტომბრის შემდეგ ეძებდნენ, მისი გარდაცვალება 20 ოქტომბერს დადასტურდა.

მუჰამედ ალი - ალ-შაბაბის რადიოს (ახალგაზრდული რადიო) ჟურნალისტი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

22 ოქრომბერი

როშდი სარაჯი - ჟურნალისტი და Ain Media-ის თანადამფუძნებელი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორში.

23 ოქტომბერი

მუჰამედ იმად ლაბადი - Al Resalah-ის საინფორმაციო ვებსაიტის ჟურნალისტი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზაში.

25 ოქტომბერი

საედ ალ-ჰალაბი და აჰმედ აბუ მჰადი - ორივე მათგანი ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს ჟურნალისტები იყვნენ.

სალმა მხაიმერი - ფრილანსელ ჟურნალისტი. შვილთან ერთად დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს.

26 ოქტომბერი

დუა შარაფი - ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს წამყვანი.

27 ოქტომბერი

იასერ აბუ ნამუსი - პალესტინელი ჟურნალისტი Yasser Abu Namous-ს მედიაორგანიზაციიდან. 

30 ოქტომბერი

ნაზმი ალ-ნადიმი - პალესტინის ტელევიზიის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილე.

31 ოქტომბერი

იმად ალ-ვაჰიდი - მედიის თანამშრომელი და პალესტინის ხელისუფლების მიერ მართული პალესტინის სატელევიზიო არხის ადმინისტრატორი.

მაჯედ კაშკო - მედიის თანამშრომელი და პალესტინის ხელისუფლების მიერ მართული პალესტინის ტელეარხის ოფისის დირექტორი.

პირველი ნოემბერი

მაჯდ ფადლ არანდასი - პალესტინის ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა საინფორმაციო ვებსაიტზე Al-Jamaheer.

იად მატარი - ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს ჟურნალისტი.

2 ნოემბერი

მუჰამედ აბუ ჰატაბი - პალესტინის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი. ოჯახის 11 წევრთან ერთად დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს.

5 ნოემბერი

მოჰამედ ალ ჯაჯა - მედიის თანამშრომელი და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი Press House-Palestine-ში, რომელიც ფლობს საინფორმაციო სააგენტო Sawa-ს ღაზაში და ხელს უწყობს პრესის თავისუფლებას და დამოუკიდებელ მედიას.

7 ნოემბერი

იაჰია აბუ მანიჰი - ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa-ს ჟურნალისტი.

მოჰამედ აბუ ჰასირა - პალესტინის ხელისუფლების მიერ მართული ახალი ამბების სააგენტოს Wafa-ს ჟურნალისტი.

10 ნოემბერი

აჰმედ ალ-ყარა - ფრილანსელი ფოტოჟურნალისტი.

13 ნოემბერი

აჰმედ ფატიმა - ეგვიპტეში დაფუძნებული Al Qahera News TV-ის ფოტოგრაფი.

იაკუბ ალ-ბარში - ადგილობრივი Namaa Radio-ს აღმასრულებელი დირექტორი, დაიღუპა 12 ნოემბერს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად მის სახლზე ჩრდილოეთ ღაზაში.

18 ნოემბერი

აბდელჰალიმ ავადი - პალესტინელი მედიის თანამშრომელი და ჰამასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Aqsa TV-ის მძღოლი.

სარი მანსური - Quds News Network-ის დირექტორი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ბურეიჯზე.

ჰასუნე სალიმი - პალესტინელი ფრილანსერ ფოტოჟურნალისტი. დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ბურეიჯზე.

მუსტაფა ელ სავაფი - პალესტინელი მწერალი და ანალიტიკოსი.

ამრო სალაჰ აბუ ჰაია - მუშაობდა ჰამასთან დაკავშირებული ტელეარხის Al-Aqsa-ს სამაუწყებლო განყოფილებაში.

მოსაბ აშური - პალესტინელი ფოტოგრაფი. დაიღუპა ისრალის მიერ, ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირატზე თავდასხმის დროს.

19 ნოემბერი

ბილალ ჯადალა - პრესის სახლი დირექტორი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელი პალესტინური მედიის განვითარებას.

20 ნოემბერი

აიათ ხადურა - პალესტინელი ფრილანსერ ჟურნალისტი და პოდკასტის წამყვანი.

ალა თაჰერ ალ-ჰასანატი - პალესტინელი ჟურნალისტი და მედია ქსელის AlMajedat-ის წამყვანი.

21 ნოემბერი

ფარა ომარი და რაბიჰ ალ მაამარი - ჰეზბოლასთან დაკავშირებული ტელეკომპანია Al-Mayadeen-ის ლიბანელი რეპორტიორი და ოპერატორი.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ