საქართველო
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ორგანიზაციისვე შეფასებით, ძირს უთხრის ქვეყანაში პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას.  საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის გადადგომაზე. შეგახსენებთ, ზოიძემ  2 თებერვალს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიას ტოვებს, მიზეზად ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაასახელა, რითაც იგი სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორეს. 

„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძისა და აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებებს იშველიებს და მაუწყებლის თანამშრომლების მიერ ახალი დირექტორის ზეწოლაში დადანაშაულებისა და ამავე მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასაც იხსენებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ნათია ზოიძის გადადგომა, საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდის ნიშანია. ამასთან, იქვე ხაზგასმულია, რომ იზრდება დამოუკიდებელ მედიაზე ხელისუფლების მოკავშირეების კონტროლიც და აღნიშნულის მაგალითად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ასახელებს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა ქართული ტელეარხების პოლიტიკურად მიკერძოებულ ზომებს ატარებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ორგანიზაციას საქართველოს ფინანსთან მინისტრის მიერ ტელეკომპანიებისგან ვადაგადაცილებული გადასახადების ამოღების დაწყების შესახებ განცხადება მოჰყავს და იქვე განმარტავს, რომ მთავრობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისთვის“ 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დათანხმდა, მაშინ როდესაც კრიტიკულ მედიასთან მიმართებით მან მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა.

ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ განხორციელებულ ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ერთ დროს ყველაზე პოპულარული და ოპოზიციური ტელეარხი ახალი ხელმძრვანელობის პირობებში „მთავრობის რუპორად“ იქცა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლების ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავებიც მოჰყავს.

განცხადების ბოლოს ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2019 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყნიდან მე-60 ადგილს იკავებდა.


რედ.: სტატიის მთავარი ფოტო ეკუთვნის RSF-ს

კატეგორია - საქართველო
კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. იგი კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა. კახა ბექაური კომისიის წევრებმა ერთხმად აირჩიეს, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია და 2017 წლიდან კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. 2019 წლის 11 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტმა იგი 6 წლის ვადით აირჩია კომისიის წევრად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ გიორგი თარგამაძე დაინიშნა. იგი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

„ფორმულას“ საინფორმაციო და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთავარი მიზანი არის, ყველა კატეგორიის მაყურებლისა და მკითხველის ნდობა დაიმსახუროს. ეს იქნება ერთის მხრივ, ყველაზე დიდი ვალდებულება და მეორეს მხრივ ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც შეიძლება დავიმსახუროთ“, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძე გარდა თავისი გადაცემებისა, ჩაერთვება არხის საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაში, როგორც დირექტორის მოადგილე.

ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ აპრილიდან მაუწყებელზე გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა "დროებაც" დაიწყება, რომელიც ეთერში კვირაში ერთხელ გავა.
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირები ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარ ფაქტად აფასებს. ამის შესახებ განცხადება ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს, 3 თებერვალს გაავრცელა.

“ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირების სახელით გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი. ეს აღარაა მცდელობა. ეს არის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს. მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია”, - აღნიშნულია აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალტერნატიულ პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორი და მრჩეველთა საბჭო თავისუფალ რედაქციას ებრძვიან და მაუწყებლის დამოუკიდებლობას ასუსტებენ:

“იმ პირობებში, როდესაც არცერთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ სვამს კითხვებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ტელევიზიის წინაშე უამრავი გამოწვევაა, დირექტორი და მრჩეველთა საბჭო საუბრობენ არა ამ პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ ასუსტებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ებრძვიან თავისუფალ რედაქციას. მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები შეუძლებელს ხდის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.

საარჩევნო წელს ამგვარი რყევები დამატებით პოლიტიკურ მდგენელს სძენს პროცესს და აჩენს ეჭვებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ცვლილებები”.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის უკვე ყოფილმა მოადგილე ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2 თებერვალს დატოვა. სამსახურიდან წასვლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობითი პროცესი და იგი იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო, ერთ-ერთ მიზეზად კი მისი ახალი ხელშეკრულება დაასახელა, რომელიც, მისი, თქმით, საქმის კეთების საშულებას აღარ აძლევდა. დირექტორის არჩევამდე, ნათია ზოიძე თითქმის 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები არხის 65-მა თანამშრომელმა 28 იანვარს დააფუძნა. მათი თქმით, ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ.
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე, რომელიც თითქმის 8 თვის განმავლობაში, უდირექტორობის პერიოდში, არხს ხელმძღვანელობდა, მაუწყებელს ტოვებს. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

ზოიძე წერს, რომ მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე. ნათია ზოიძე წერს, რომ ეს არ იყო ნებაუოფლობითი პროცესი და იგი იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. მიზეზად უკვე ყოფილი მოადგილე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის, მისი ახალი ხელშეკრულება, რომელიც აღარ აძლევდა საქმის კეთების საშულებას.



საუბარია ხელშეკრულების პირობებზე, რომელიც ნათია ზოიძეს ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ შეუთანხმებლად შეუცვალა. დირექტორმა ხელშეკრულებიდან ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მოადგილეს მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე, კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

ნათია ზოიძე წერს, რომ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ დროს მიიღო: „გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი უფლებები შეიცვალა“.

ამავე პოსტში ნათია ზოიძე განმარტავს, რატომ დარჩა ამ დრომდე მაუწყებელში: „არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ის ერთიც უპატიებელია“.

ყოფილი მოადგილე წერს, რომ მისი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: „ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ“.

ამავე სტატუსში ნათია ზოიძე ვარაუდობს, რომ გიორგი კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს და დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას; აქვე იგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის პოიტიკური პროცესი და მას ამაში ეჭვი არასდორს შეპარვია.

„ აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს, სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს; იმედი მაქვს, არხიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან; არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიაზე რაც ხდებოდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური პროცესი“.

ნათია ზოიძემ სახელშეკრულებო პირობების შეცვლა სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს საქართველოს ახალაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ პროცესს ბოლომდე მიყვება, იქვე აზუსტებს, რომ „გამოძიებას ვენდობი-მეთქი რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვიქნები“, თუმცა, ამბობს, რომ მისი აზრით, „ სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება“.

ნათია ზოიძის ამავე პოსტიდან იკითხება, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებმა იცოდნენ: „თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ და შევთანხმდით“.

ნათია ზოიძე ხაზს უსვამს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხსაც: „მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება“.

ამავე სტატუსში იგი წინასწარ პასუხობს კითხვას, რომელიც მისი მისამართით გაჩნდება და წერს, რომ ტოვებს ბათუმს და მუშაობას ტელეკომპანია პირველზე გააგრძელებს.



„ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქ. „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები“

„ღამის ამბები“ Tv პირველზე თამარ ჩიხლაძეს მიჰყავს. გადაცემა,ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე, მოსარჩელეების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი კვლავ მიიღო წარმოებაში. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილების 60% -ს ისევ ყადაღა დაედო. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით დვალი და მათი ადვოკატი, კახა კოჟორიძე ავრცელებენ.

"ბრძოლა გრძელდება. და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება!"- წერს კახა კოჟორიძე.

მისივე ინფორმაციით, ორი კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა. მაგრამ ორი დღის წინ სარჩელი რომ წამოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, ამის შესახებ უწყებას აღარაფერი უთქვამს. "როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად", - ვკითხულობთ მის პოსტში.





შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2017 წლის 2 მარტს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. "რუსთავი 2-მა" და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 2019 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღსრულების შეჩერება გაუქმდა.

ამის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ "რუსთავი 2-ის" წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს.  2020 წლის 17 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სარჩელი განუხილველი დარჩა და ტელეკომპანიის წილების 60%-ს ყადაღა მოეხსნა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მხარეს 12 დღე ჰქონდა ვადა.
კატეგორია - საქართველო
imedinews.ge-ს მთავარმა რედაქტორმა თეონა გეგელიამ აღნიშნული პოზიცია და მთლიანად "იმედის" ჰოლდინგი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"5 წელი ვიმუშავე „იმედში“ სხვადასხვა პოზიციაზე: თავიდან „ქრონიკაში“, რადიო „იმედში“ გადაცემის წამყვანად, ორი გადაცემა მიმყავდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში - ჯერ „პოლიტიკა“ და ბოლოს „იმედი Live“, ვიყავი ჰოლდინგის მთავარი საინფორმაციო გამოცემის imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორი მისი შექმნის დღიდან, 2016 წლის დეკემბრიდან - დღემდე.

ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო „იმედინიუსზე“ მუშაობა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის არხის ყოფილ ხელმძღვანელს, გოგა კალანდარიშვილს.

ჩემი სურვილით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დღეს დავტოვე imedinews.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიცია, შესაბამისად „იმედის“ ჰოლდინგთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა აღარ მაკავშირებს", - წერს თეონა გეგელია.

ამავე სტატუსში იგი აკონკრეტებს, რომ არსად გადადის: "მივდივარ სახლში".



"მედიაჩეკერმა" თეონა გეგელიასთან დაკავშირება და დამატებითი დეტალების დაზუსტება სცადა,  თუმცა, გეგელია სატელეფონო ზარებსა და მოკლეტქსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

ამ საკითხზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას სხვა წყაროებთანაც ვცდილობთ და მათი გარკვევისთანავე, მასალა განახლდება.
კატეგორია - საქართველო
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 65-მა თანამშრომელმა ალტერნატიული პროფკავშირები დააფუძნა. მათი თქმით, ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად ერთიანდებიან და არა ვინმეს წინააღმდეგ.

“გაერთიანების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად შევძლოთ ვისაუბროთ სამართლიან შრომით პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე და ა.შ.” ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლებმა გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგან მათი მოთხოვნები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები.

ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ფორმალური კონსულტაციით შემოიფარგლებოდა. მიგვაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელობაში, მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ რეალურად ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით და მეორე მხრივ - თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის საჭირო დღის წესრიგით.

იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები ხშირად რჩებოდა ყურადღების მიღმა და იმის გამო, რომ თანამშრომელთა მოსმენა არ უნდა იყოს რომელიმე დირექტორის ან მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოვლენილი კეთილი ნება, გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით.

ვერთიანდებით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს უფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის აქ მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითგადარჩნის რეჟიმში მუშაობის გამო, ხშირად ყურადღებას არ ვუთმობდით სხვა საკითხებს, რადგან ფოკუსირებული ვიყავით იმ მთავარ ღირებულების ირვგლივ, რასაც მაუწყებელი ემსახურება. გაერთიანების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად შევძლოთ ვისაუბროთ სამართლიან შრომით პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე და ა.შ.

ჩვენ ვართ და ვიქნებით სოლიდარულები ყველას მიმართ, ვისი შრომითი უფლებები ირღვევა ამ ქვეყანაში. საერთო ბრძოლაში უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ და ვიქნებით თითოეული მოქალაქის მოკავშირე და თანამემბრძოლი", - ნათქვამია აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ოჯახს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი ე.წ სადავო მანქანით, "პორშეთი" არ გადაადგილდებოდნენ. საუბარია მანქანაზე, რომელზეც პროკურატურა ირწმუნება, რომ გვარამიას ოჯახს ფაქტობრივ საკუთრებაში აქვს. ამის შესახებ გვარამიამ 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე სხდომის დაწყებამდე, მედიასთან განაცხადა.

გვარამია აცხადებს, რომ ისინი არც მალავენ მანქანით სარგებლობის ფაქტს და პროკურატურას მათთვის რომ ეკითხა, მარტივად დაადასტურებდნენ. ამავდროულად არსებობს საჯარიმო კამერის კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მართავს მისი მეუღლე სოფიო ლილუაშვილი ამ მანქანას, ანუ, არ არსებობს საჭიროება რამის, რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა.

„მიუხედავად ამისა, გამოტანილ იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის შესახებ, თითქოს ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ არა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ მედიასთან და წაიკითხა რამდენიმე ამონარიდი დადგენილებიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ მის მეუღლეს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

„ამ კრებსებში არის 28 დღის განმავლობაში თვალთვალი ჩემს მეუღლეზე, აქ არის აღწერილი 28 დღის განმავლობაში მისი გადაადგილებები, მისი და არა მანქანის, რომელიც თითქოს უნდა დადგენილიყო. სულ ორჯერ, ორ დოკუმენტში ფიგურირებს ის მანქანა. დანარჩენი არის სხვა მანქანა, ან ჩემი, ან ჩემი მეგობრების. გადაადგილებები არის ჩემთან ერთად, ჩემს გარეშე, სამსახურში და მინდა კითხვა დავსვა, როდესაც ადამიანი სამსახურში მიდის და იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია? რომელიც თითქოს უნდა დადგინდეს. სტუმრად რომ მივდივართ , დილის ოთხ საათზე გამოვდივართ და სახლში ვბრუნდებით, სხვა მანქანით, ის მანქანა აღარ არსებობს, მანქანის დადგენასთან ამას რა კავშირი აქვს? 28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და ჩემი შვილების გადაადგილება და ამის დეტალური აღწერა?" - ამბობს გვარამია და საუბრობს რამდენიმე დეტალზე ამ დადგენილებიდან, საიდანაც, მისივე თქმით, ირკვევა, რომ მის ოჯახს უკანონდაც უთვალთვალებდნენ და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ დეტალებში იგი გულისხმობს მაგალითად ჩანაწერს, „მივიდნენ (გვარამია და მისი მეუღლე) ნაცნობ მისამართზე“, რაც მისი აზრით, ნიშნავს, რომ ეს მისამართი უკვე არსებობს სხვა კრებსებში და წინმსწრებად უკვე იყო თვალთვალი.

მისივე თქმით, ბოლო 7 წელია მათ იციან, რომ უსმენენ და უთვალთვალებენ, თუმცა, როდესაც ოფიციალურ კადრებს უგზავნიან ცოლისა და ბავშვების გადაადგილების, ეს არის ღიად გამოცხადებული ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

"ჩვენმა ოჯახმა მიიღო უკვე ომის გამოცხადება დიდი ხანია და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ - ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში, ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ, როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის, ჩვენი პოზიციისთვის, ჩვენი სიმტკიცისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უკეთესად, ვიდრე ის გვექცევა ჩვენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალი პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში უარყო მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ მისი ოჯახის თვალთვალის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.  საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ ვიდეოჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო. უწყების მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებდა, რომ 232 000-ზე მეტი ლარის ღირებულების „პორშეთი“ სარგებლობდა პირადად ნიკა გვარამია და მისი ოჯახი. ნიკა გვარამია ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ „პორშე“ მისმა ცოლმა იყიდა განვადებით, თუმცა ვერ გადაიხადეს, დააბრუნეს და ჯარიმას იხდიან.

"რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ის” ქონების გაფლანგვას, დოკუმენტის გაყალბებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. მას ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პროკურატურის განცხადებით, გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი "Porshe Macan S" და, ამ სქემის შენიღბვის მიზნით, მანქანა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე გააფორმა.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.
კატეგორია - საქართველო
დღეს, 22 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.

  • ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში პრიზი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ნინო თარხნიშვილს გადაეცა, სტატიისთვის - "დათმობდი შენს ორგანოებს სიკვდილის შემდეგ?"

  • ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში პრიზი მიიღოა ბესო გვენეტაძემ, გამომცემლობა "ინდიგო", მასალისთვის - "თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია";

  • ნომინაციაში საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გაიმარჯვა - გიორგი მგელაძემ,  "სტუდია მონიტორი" საგამოძიებო ფილმისთვის "BP-ს ნავთობის პრივილეგირებული ქურდები".

  • ნომინაციაში ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გაიმარჯვა - ჯიმშერ რეხვიაშვილმა, "რადიო თავისუფლება", ბლოგისთვის - "როგორ გავყიდოთ სტალინი"

  • ნომინაციაში ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში პრიზი გადაეცა - ლაშა ცერცვაძეს, გამომცემლობა "ინდიგო", ნაშრომისთვის "გესმის კედელი?"

  • ნომინაციაში დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვებულია - დათო ქორიძე,  "რადიო თავისუფლება", ფოტოსერიისთვის "ჭიათურა, შიმშილობის მე-9 დღე";

  • ნომინაციაში კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გადაეცა - მამუკა ყუფარაძეს, სტუდია რე, ტელედისკუსიისთვის "ინტერვიუ თემურ ცხურბათთან".
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულ გამარჯვებულს ფულადი ჯილდო - დაახლოებით 3900 ლარი გადაეცემა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი ლონდონში ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში 2012 წელს დააწესა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.

2019 წლის კონკურსი 2019 წლის 2 მაისს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 15 ოქტომბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.
კატეგორია - საქართველო
იმის მიუხედავად, რომ “ინდუსტრიის გაერთიანებული კომიტეტი” შეიქმნა, ვერ მოხერხდა სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიების გაერთიანება. ამის თაობაზე “მედიაჩეკერს” “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორმა ნინო გოგოლაძემ განუცხადა.

ერთი თვის წინ სწორედ ნინო გოგოლაძემ უთხრა “მედიაჩეკერს”, რომ ახალი წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს ახალი კომპანია დაითვლიდა, რომელშიც 50-50%-ით შევიდოდა ბაზარზე უკვე არსებული 2 კომპანია - “თი ვი ემ არ საქართველო” და “ტრი მედია ინტელიჯენსი”.

“სამწუხაროდ, ყველა შემოთავაზებულ ვერსიაში განიხილებოდა მეორე მხარის მიერ მხოლოდ “ტრი მედიას” არსებობა, ამიტომ გაერთიანება ვერ შედგა”, - უთხრა “მედიაჩეკერს” ნინო გოგოლაძემ.

18 დეკემბერს საჯარო რეესტრში ააიპ “ინდუსტრიის გაერთიანებული კომიტეტი” დარეგისტრირდა. კომიტეტის დამფუძნებლები არიან “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საქართველოს საბანკო ასოციაცია” და “საქართველოს სარეკლამო ასოციაცია”. აღნიშნული ასოციაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა კომიტეტის მმართველი საბჭო, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე დაინიშნა.

კომიტეტის დამფუძნებლებს შორის არ არიან სატელევიზიო არხების წარმომადგენლები, თუმცა წინასწარ გაცხადებული იყო, რომ კომიტეტში სამივე მხარე - რეკლამის დამკვეთები, საეტელევიზიო არხები და სარეკლამო სააგენტოები უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები.

წესდების მიხედვით, კომიტეტის მიზანია “საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სატელევიზიო და რადიო აუდიტორიის გაზომვების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება და გაჯანსაღება”.

სწორედ ინდუსტრიის კომიტეტს უნდა ემართა ახალი მთვლელი კომპანია, რომელიც “თი ვი ემ არ საქართველოსა” და “ტრი მედია ინტელიჯენსის” გაერთიანების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ უკანასკნელის პოზიციის გამო ეს გაერთიანება არ შედგა.

ეს ორი კომპანია 2016 წლიდან ითვლის საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს.

“ტრი მედია ინტელიჯენსის” (TMI) მფლობელები არიან მერაბ ფაჩულია (საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” დამფუძნებელი) გიორგი თევდორაშვილი (პალიტრა მედია ჰოლდინგის დამფუძნებელი). „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ცნობით, ის კანტარ მედიას სატელევიზიო აუდიტორიის ტექნოლოგიის ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. თავის მხრივ, კანტარ მედიას 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. TMI-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო, ჯი დი ესი, პალიტრა.

“თი ვი ემ არ საქართველოს” 100%-ანი წილის მფლობელია კომანდიტური საზოგადოება თი-ვი ემ-არ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). ეს კომპანია 2005 წლიდან აწვდის საქართველოს სატელევიზიო ბაზარს კვლევის შედეგებს. “თი-ვი ემ-არ საქართველო“ ამერიკული ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია. TVMR-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან საქართველოში არიან რუსთავი 2, მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა, კავკასია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ორივე კომპანიის სანდოობის მიმართ სხვადასხვა დროს პერიოდულად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს მაუწყებლები. TVMR-ს წინა ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, TMI-ის კი - მოქმედი ხელისუფლების. თუმცა ამ ბრალდებებს ორივე კომპანიაში უარყოფდნენ.
კატეგორია - საქართველო
ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ  გააფრთხილება მიიღო, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი კახა ბექაური კი დაჯარიმდა. 

 
საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კახა ბექაურის დეკლარაციაში მითითებული არ იყო საბანკო ანგარიშები და შეუსაბამობა იყო მეუღლის შემოსავლებში.

ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლს დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2017 წლის 6 იანვარს აირჩია. 

რას შეეხება კახა ბექაურს, ის 2019 წლის 11 დეკემბერს, პარლამენტმა 6 წლის ვადით, განმეორებით აირჩია. იგი  2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრი, 2017 წლიდან კი თავმჯდომარეა. 

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს, შეამოწმეს 596 დეკლარაცია და აქედან:

  • დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია;
  • დაჯარიმდა - 254;
  • გაფრთხილდა - 75;
  • მონიტორინგი შეწყდა - 27 თანამდებობის პირზე, მიზეზს წარმოადგენდა კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ არიან ვალდებულნი შეავსონ დეკლარაცია, თანამდებობის პირის გარდაცვალება, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადადგომიდან მისი დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა;
  • პროკურატურაში გადაიგზავნა - 1;