საქართველო
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღეს, 21 თებერვალს, მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტს. პროფკავშირი ამ ფაქტს ჟურნალისტზე ზეწოლად აღიქვამს.

საუბარია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტზე.

პროფკავშრების განცხადებით, დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა [მისი აზრით] საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს.

ჟურნალისტების ნაამბობის მიხედვით, საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს.

"გვინდა განვმარტოთ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე ღია სხდომაზე ფოტოს გადაღებას არ კრძალავს საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი. მით უფრო მაშინ, როცა ამ ფოტოში არ ჩანდა რომელიმე კონკურსანტის შესახებ რაიმე პერსონალური ინფორმაცია. ფოტოს ჰქონდა მტკიცებულებითი დატვირთვა და ადასტურებდა იმას, რომ დირექტორობის მოადგილეობის კანდიდატებს აჩვენეს კონკრეტული სიუჟეტი და მისი შინაარსის შეფასება შესთავაზეს. ეს ფაქტი ეწინააღმდეგებოდა მაუწყებლის ხელმძღვანელების მიერ აქამდე არაერთგზის გაჟღერებულ პოზიციას, რომ დირექტორის მოადგილეს არაფერი ესაქმებოდა კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსთან. სწორედ, აღნიშნულის გამო ჩათვალა ჟურნალისტმა, რომ გადაეღო ფოტო და გამოეტანა საჯაროდ", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე თქმით, ამ ფაქტის გამო, ტექნიკური მიმართულებით დირექტორის მოადგილის მხრიდან, რომელიც ამასთანავე საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც იყო, ჟურნალისტთან დაპირისპირებაში შესვლა, მისთვის ფოტოს გადაღებაზე ახსნა-განმარტების მოთხოვნა - წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას.

"მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულ ქმედებაზე პრეტენზიის ამ ფორმით გამოხატვა [ვგულისხმობთ, სატელეფონო საუბარს დირექტორის მოადგილესა და ჟურნალისტს შორის] შეიძლება იქონიოს მსუსხავი ეფექტი და გავლენა მოახდინოს ჟურნალისტის მიერ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე", - ამბობენ ჟურნალისტები.

მათივე ნაამბობით, დღის ბოლომდე, ნათია ლომაძე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა, კვლავ დაადანაშაულეს ფოტოს გადაღების გამო წესების დარღვევაში, რის შემდეგაც მან ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება.

ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს მიუღებლად მიაჩნია ჟურნალისტთან კონკრეტული ჟურნალისტური/პროფესიული ქმედების თაობაზე კომუნიკაცია და პრეტენზიების გამოხატვა მაუწყებლის იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ვისაც მაუწყებლის დებულებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსთან.

"ჩვენ, აღნიშნულ ფაქტს აღვიქვამთ და ვაფასებთ ზეწოლად", - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ალტერნატიული პროფესიული კავშირი აპირებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას და მიმდინარე საკითხებზე დისკუსიას, თუმცა, ამ ეტაპზე ეს შეხვედრა არ შედგება.

"მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების სივრცეს მანამ, სანამ მრჩეველთა საბჭო არ დაამტკიცებს, რომ ის დგას ჟურნალისტების და მაუწყებლის ინტერესების მხარეს და უარს ვამბობთ დაგეგმილ საჯარო შეხვედრაზე [მრჩეველთა საბჭოს მხრიდან დღეს მომხდარ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენამდე]", - აცხადებენ მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირების წევრები. 

შეგახსენებთ, დღეს, 21 თებერვალს, მაუწყებლის დირექტორის მოადგილეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გასაუბრებები ჯერ ღია იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კანდიდატთან გასაუბრების დროს კონკრეტულ სიუჟეტს განიხილავდნენ, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა, გასაუბრების პროცესი დახურეს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში,  ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა  22,492,308 ლარი შეადგინა.  ამ თანხის ნახევარზე მეტი (დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე), ორ მაუწყებელზე, ტელეკომპანია "იმედსა" და "რუსთავი 2-ზე" მოდის. 

იქვე, კომუნიკაციების კომისია უთითებს, რომ  რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე ნაწილდება:

  • ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი
  • ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი
  • მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი
  • სილქნეტი - 614,660.89 ლარი
  • ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი
  • სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი
  • რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი
  • ტვ 25 – 133,989.90 ლარი
  • ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი
  • სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი
  • ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი
  • სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი
  • პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი
  • რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი
  • ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი
  • ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი
  • არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი
  • დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი
  • სხვა - 431,697.56 ლარი
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩეს. კომისიამ ვახტანგ ხუზმიაშვილი დახურულ სხდომაზე აირჩია. ინფორმაციას მისი არჩევის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომისიამ არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა,  შედეგებს არ ასაჯაროებს იქამდე, ვიდრე მას დირექტორს არ წარუდგენენ. 

ვახტანგ ხუზმიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის ასევე იყო პოლიტიკური თოქშოუ "თავისუფალი სივრცის" ავტორი და წამყვანი. ტელეკომპანია "იბერიიდან" წამოსვლის შემდეგ იგი "პრაიმტაიმის" მულტიმედიური ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობდა, ვახტანგ ხუზმიაშვილი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე. მათგან ორი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლები არიან,  - ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია,  ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრი. ორივე მათგანი მონაწილეობდა მაუწყებლის ბორდის წევრების შესარჩევ კონკურსში,  ფირუზ ბოლქვაძემ ორჯერ სცადა ბედი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსშიც. 

კონკურსანტებთან გასაუბრებები დღეს, 21 თებერვალს, დილიდან მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გასაუბრებები ჯერ ღია იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ  კანდიდატთან გასაუბრების დროს კონკრეტულ სიუჟეტს განიხილავდნენ, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა, გასაუბრების პროცესი დახურეს. 

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ კამერით მხოლოდ პირველი კანდიდატის, ფირუზ ბოლქვაძის გასაუბრების დასაწყისის გადაღების უფლება მისცეს, შემდეგ კი პროცესის მოსმენაც შეუზღუდეს.  




აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნათია ზოიძემ, ყოფილმა მოადგილემ, ტელევიზია დატოვა. ნათია ზოიძემ წასვლის მიზეზად მისი სარედაქციო საქმიანობიდან ჩამოშორება დაასახელა.

დირექტორის ახალი მოადგილე ოთხკაციანმა კომისიამ შეარჩია. აჭარის ტელევიზიის ცნობით, კომისიაში შედიოდნენ: მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა გოგოლიშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მოწვეული სპეციალისტი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი.
კატეგორია - საქართველო
3 ხმით 2-ის წინააღმდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას, რომლის თანახმად, მაუწყებელში  ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე მოადგილეების შტატი გაუქმდა.  საშტატო განრიგის ცვლილებას დაეთანხმნენ ბორდის თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი და წევრები: სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, თამარ წილოსანმა და გია ქარცივაძემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. 

ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატი, რომელიც ახალი დირექტორის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც დიდი ხანია საუბრობს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. 

მაია მერკვილაძის შტატის გარდა, ცვლილება შეეხო  შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს. 

გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვლიდან შევა. 

⇒   ხმაური მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე და ტელევიზიის შენობასთან


მრჩეველთა საბჭოს სხდომა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე დაიწყო.  სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სურდა მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.  იგი ამბობდა, რომ საშტატო განრიგში ცვლილებების საკითხი დღეს დღის წესრიგში არ უნდა ყოფილიყო, რადგან  დოკუმენტი იყო ხარვეზიანი.  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი მას ეუბნებოდა, რომ ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებაში  და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. 


 



პარალელურად, დილიდან ხმაური იყო შენობის გარეთაც. მაუწყებლის მიმდებარედ დილით ორი ალტერნატიული აქცია მიმადინარეობდა.  ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ იდგნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ. მათ ასევე დაასახელეს კიდევ ერთი მაგალითი, როცა „ოცნების ქალაქში“ იყო პრობლემა, თუმცა ჟურნალისტები არ მისულან.


⇒   მაია მერკვილაძე:  არც ბორდი და არც მენეჯმენტი საკითხის განსახილველად მზად არ არის

მას შემდეგ რაც ბორდის წინაშე მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე წარსდგა და საშტატო განრიგის ცვლილებებზე ისაუბრა, მაია მერკვილაძემ სიტყვა ითხოვა და  საკითხის განხილვის გადადებაზე ისაუბრა. 
მან განაცხადა, რომ ამ დრომდე ვერ  მოისმინა არგუმენტირებული დასაბუთება, რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება. გარდა ამისა, სხდომაზე მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ცვლილებები ისე მომზადდა, რომ პროცესში ჩართულნი არ ყოფილან მაუწყებლის იურიდიული და საკადრო სამსახურები, იმ სამსახურების უფროსებს კი, რომელთაც მოადგილეებსაც ეხებათ საკადრო ცვლილება, დირექტორმა ცვლილების შესახბ მხოლოდ აცნობა და უთხრა, რომ ვალდებული არ იყო რამე აეხსნა.

"მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსს, ასევე საკადრო განვითარების სამსახურის უფროსს, რომლის უშუალო ფუნქციაში შედის კარგად შეისწავლოსა და დაასაბუთოს ეს ცვლილება, რომელიც ეხება კონკრეტულ თანამდებობას და თანამშრომლებს. მე როგორც ვიცი, ეს ადამიანები არც იყვნენ საქმის კურსში და მე ეს დავაზუსტე გუშინ. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან გვიან გაიგეს ამის შესახებ", - განაცხადა მაია მერკვილაძემ და თქვა, რომ რეალურად ეს არის დირექტორისა და მისი თანაშემწის ფარული გადაწყვეტილება და საკითხი ასე არ უნდა წყდებოდეს.  

მაია მერკვილძემ პროცესში იურიდიული და საკადრო სამსახურების ჩართვა და საკთხის კარგად მომზადების შემდეგ განხილვა ითხოვა. 

პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვას დაუჭირა მხარი მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმაც. მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე მომზადებული განმარტებითი ბარათი მოუმზადებელი და არასრულყოფილია და კოლეგებს მოუწოდა, ამ ფორმით არ მიეღოთ ეს ცვლილება. 

მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, ბორდმა საკითხი დღევანდელ სხდომაზე მაინც გაიტანა კენჭისყრაზე. 


***** 
 
მრჩეველთა საბჭოს სხდომა აჭარის ტელევიზიაში დღეს, 19 თებერვალს დილიდან მიმდინარეობდა. საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე მრჩეველთა საბჭოს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.  დირექტორის ინიციატივას ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ტელევიზიიდან არასასურველი ადამიანების დევნა. 

ტელევიზიის მხარდასაჭერად, ორი დღის განმავლობაში, 16 და 17 თებერვალს აქციები გაიმართა ბათუმში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს, 19 თებერვალს გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენების გამო. ომბუდსმენის განცხადებით, ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.  განცხადებაში, რომელიც  სახალხო დამცველმა დღეს, 19 თებერვალს, ოფიციალური გაავრცელა, ნათქვამია, რომ  ჩნდება ეჭვები  კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. 

ომბუდსმენის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი.

კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება. ამის შედეგად ზოიძე ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელმაც აღნიშნული საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა.

სახალხო დამცველი წერს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა  ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე. 

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით.

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს, რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში სამი განაცხადი შევიდა: ფირუზ ბოლქვაძის, ემზარ დიასამიძის და ვახო ხუზმიაშვილის. 

სამი კონკურსანტიდან ორი, ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე მაუწყებლის თანამშრომლები არიან. ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია,  ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრი. ორივე მათგანი მონაწილეობდა მაუწყებლის ბორდის წევრების შესარჩევ კონკურსში,  ფირუზ ბოლქვაძემ ორჯერ სცადა ბედი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსშიც. 

რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, ბოლოს იგი ტელეკომპანია "იბერიის" სანფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

 დირექტორის მოადგილის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე განაცხადებს გადაარჩევენ, მეორე ეტაპზე კი გასაუბრება დაინიშნება. 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიცია მას სემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იგი ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა.  ნათია ზოიძემ წასვლის მიზეზად მისი სარედაქციო საქმიანობიდან ჩამოშორება დაასახელა. 

კატეგორია - საქართველო

მედიის ლიბერალური დისკურსი, ხელისუფლებისადმი ლოიალური მედიის კრიტიკული აქცენტები, მთავრობისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკა, - ასეთია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შექმნილი “მედიაკრიტიკის” ძირითადი აქცენტები.

“მედიაჩეკერი” გაეცნო “მედიაკრიტიკაზე” დაარსებიდან დღემდე, ანუ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გამოქვეყნებულ ყველა, საერთო ჯამში, 60-მდე მასალას. აქედან 30-ზე მეტი - “რეპლიკის” განყოფილებაშია განთავსებული.

რუბრიკა “რეპლიკა” მოკლე კრიტიკულ შეფასებებს გვთავაზობს ამ თუ იმ მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ კონკრეტულ მასალებზე, ან ერთ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა მედიის მიდგომას აანალიზებს.

საინტერესოა, რომ ამ განყოფილებაში გამოქვეყნებული მასალების უმრავლესობა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკას ეთმობა. ჯამში, 11 კრიტიკული მასალა მიეძღვნა “მთავარი არხის” (5 მასალა), “ფორმულას” (4 მასალა), TV პირველის (2 მასალა) მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტებს.

ცალკე კრიტიკული მასალა ამ რუბრიკაში არ არის გამოქვეყნებული “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ან ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგებით, ეს ტელევიზიები ხელისუფლებისადმი ლოიალობით არიან გამორჩეული, ისევე როგორც ტელეკომპანია “იმედი”. “იმედის” მიერ მომზადებული სამი სიუჟეტი მოექცა “მედიაკრიტიკის” “რეპლიკის” ავტორების კრიტიკის ქვეშ. 2 კრიტიკული შენიშვნა შეეხო “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებულ სიუჟეტებს.

გვხვდება ისეთი მასალებიც, სადაც ზოგადად ყველა ტელევიზიაა გაკრიტიკებული, ან შედარებულია, ვინ როგორ გააშუქა ესა თუ ის საკითხი. მაგალითად, ერთ-ერთ მასალაში მედიაკრიტიკოსი წუხს, რომ ვერც „იმედის“ და ვერც „მთავარი არხის“ მაყურებელმა რეალური სურათის დასანახად სრული ინფორმაცია ვერ მიიღო მაღალმთიან კურორტებზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილ პრობლემაზე, რადგან ორივე ტელევიზიის სიუჟეტს “ტენდენციურად მომზადებულად” მიიჩნევს. დაახლოებით იგივე დასკვნამდე მიდის  “მედიაკრიტიკის” ავტორი ამ ორი არხის მუშაობის შეფასებისას ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გაშუქების კუთხით. “მთავარის”, “ფორმულას” და “TV პირველის” მიერ პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის გაშუქებას“ მედიაკრიტიკა” კრიტიკულად აფასებს , სამაგიეროდ დადებით შეფასებას აძლევს “იმედის”, “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებულ სიუჟეტებს:

“ამ თემებზე ტელეკომპანია „იმედის“ და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სიუჟეტებშიც ისაუბრეს, თუმცა მთლიანობაში, საპარლამენტო კომიტეტში განვითარებული პროცესები ამ არხებზე უფრო სრულად გაშუქდა. „რუსთავი 2-მა” სამართლიანად აღნიშნა, რომ „სასჯელაღსრულების სისტემაზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი პრობლემები თეა წულუკიანისა და ნინო ლომჯარიას ურთიერთბრალდებებმა გადაფარა”.

ტელევიზიების გარდა, საინტერესოა ის ონლაინ გამოცემები, რომლებიც “მედიაკრიტიკის” ყურადღებას იპყრობს. NDI-ის კვლევების გაშუქების კუთხით, “მედიაკრიტიკა” ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მხოლოდ “იმედინიუსმა” გამოიტანა სათაურში ის, რომ ტელევიზიების ნდობის რეიტინგში “იმედი” ლიდერობს. ამის საპირწონედ, მედიაკრიტიკოსი გვთავაზობს სხვა ონლაინ მედიების სათაურებს, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს:

«  ტაბულა: „NDI: 53%-ის აზრით, იმედი ოცნების სასარგებლოდაა მიკერძოებული“;
    ნეტგაზეთი: “მთავარი არხი” ნდობის რეიტინგში “რუსთავი 2-ს” უსწრებს“;
    On.ge: “მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს”;
    რადიო თავისუფლება: „NDI - ტელევიზიების ნდობა: პირველი არხი 2%-ით უსწრებს „ობიექტივს“    »

კრიტიკული შენიშვნა ეხება კვლევის პოლიტიკური ნაწილის შესახებ ამ მედიებში გამოქვეყნებული ნიუსების სათაურებსაც, რომლებშიც აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 20% მისცემდა ხმას “ქართულ ოცნებას”, 13% კი - “ნაცმოძრაობას”.

“თუმცა იგივე კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებში, 56%-ს - არა. ეს ინფორმაცია სათაურში მხოლოდ bm.ge- მ და 1tv.ge-მ გაიტანეს, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” - ინფორმაციის ტექსტში”, - წერს მედიაკრიტიკოსი.

დაახლოებით იგივე პათოსია განვითარებული მასალაში, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული ეუთოს დასკვნის გაშუქებას ეხება ონლაინ მედიაში. აღსანიშნავია, რომ მედიაკრიტიკოსი ამ დასკვნიდან სხვადასხვა მედიაში ამოკრებილ იმ პასაჟებს სთავაზობს თავის მკითხველს, რომლებიც უფრო პოზიტიურად ან რბილად აფასებს ხელისუფლების ქმედებებს საარჩევნო საკითხებზე.

“რეცენზიის” განყოფილებაში ძირითადად ორი ავტორის მასალებს ვხვდებით, ერთი - ეკონომიკური საკითხების არაკვალიფიციურ, ზედაპირულ გაშუქებაზე სწუხს ქართულ მედიაში, მეორეს უმთავრესად ოპოზიციური არხების წარმატების საიდუმლო და მედიის ლიბერალური დისკურსი ადარდებს.

საინტერესოა, რომ ეკონომიკის სფეროში ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა ლარის დევალვაცია, შემცირებული უცხოური ინვესტიციები, შეჩერებული ენერგოპროექტები, ეკონომიკური რეიტინგები, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ან საპენსიო რეფორმა, გაკრიტიკებულია მედიის აქცენტები, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში აკრიტიკებს ხელისუფლებას. შენიშვნები ძირითადად ეხება იმას, რომ მიზეზები უფრო გლობალურად უნდა არკვიოს მედიამ, რაზეც ხშირად აპელირებს თავად ხელისუფლებაც, მაგალითად, როდესაც ლარის დევალვაციის მიზეზად ასასხელებს ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში გაუარესებულ ვითარებას.

“მედიაკრიტიკას” არ მოსწონს არც ის დისკურსი, რომ მედია ჰესების წინააღმდეგ აქციებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და არ ცდილობს იმის ახსნას აუდიტორიისთვის, რომ გაზრდილი ენერგომოხმარების და ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება სწორედ ახალ ჰესებს შეუძლია. სწორედ ამ აქცენტს სთავაზობს ხელისუფლებაც საზოგადოებას, თუმცა ამ მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის კრიტიკა იყოს სწორედ მედიის ინტერესის საგანი.

მედიის ლიბერალური დისკურსი შეიძლება ითქვას, რომ “მედიაკრიტიკის” ავტორების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან მტკივნეული საკითხია. ამ თემას ეხება არაერთი რეცენზია თუ ბლოგი, რომელიც ამ პლატფორმაზეა გამოქვეყნებული:

  • “მთელი ისტორიული პროცესი, რომელიც დასავლეთში დღემდე არ დასრულებულა და რომელიც ლიბერალური ძალების (შედარებით) დასუსტებასა და კონსერვატიული ძალების (ასევე შედარებით) გაძლიერებაში გამოიხატება, ქართული მედიის უდიდესი ნაწილისთვის კვლავაც „პოპულისტების შემთხვევით და დროებით წარმატებად“ რჩება”;

  • “მიუხედავად იმისა, რომ თავად დასავლეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა კონსერვატიული ტენდენციები, საქართველოში ხშირად ხდება კონსერვატიული ტენდენციების ბრმა დაკავშირება რუსეთთან, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ასეთი კავშირი სინამდვილეში. ასეთი მიდგომა თავის მხრივ იწვევს საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ჯგუფების გაუცხოებას მედიის დღის წესრიგისგან და საბოლოო ჯამში, მედია კარგავს საზოგადოების ამ ნაწილის ნდობას”;

  • “პრობლემა არა მედიების რაოდენობაში, არამედ ხარისხშია, ანუ დისკურსში. ჩვენ განვიცდით დისკურსების დეფიციტს და გვაქვს მხოლოდ ერთი - მედიის ლიბერალური გაგება”

  • “საჯარო სივრცე დაფუძნებულია ლიბერალურ ტრენდზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს შეფასება, მედიაგარემოს შეფასება, პოლიტიკური აქტორების შეფასება - გვაქვს ლიბერალური. ყოველდღიური ამბები, ამა თუ იმ ჯგუფების გაშუქების სტანდარტი, ამბის თხრობის პრინციპიც გვაქვს მხოლოდ ლიბერალური. ზუსტად აქედან იხსნება ჩვენი ტრაგედიის და ფარსის, ანუ განმეორების კანონზომიერებაც”.

ეს “მედიაკრიტიკის” პლატფორმაზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალებიდან ამონარიდებია, რომლებიც მედიის და ქვეყნის მთავარ “მტრად” ლიბერალიზმს ასახელებენ. ლიბერალიზმი ხშირად გამოიყენება ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადად სამიზნედ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ღიად გააკრიტიკა თავის საჯარო გამოსვლებში რუსეთის მოქმედმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა.

“მედიაკრიტიკა” არის ააიპ “მედიაკადემიის” ონლაინ პლატფორმა, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ. “მედიაკადემიიდან” “მედიაჩეკერისთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მედიაკრიტიკის მიმართულებაში ამ ეტაპზე დასაქმებულია ოთხი შტატიანი თანამშრომელი და მოწვეულ ავტორთა ჯგუფი. მიმართულების დაგეგმილი წლიური ბიუჯეტი 290,395 ლარია.
კატეგორია - საქართველო
„თავისუფლება აჭარის მაუწყებელს“, „სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“, „ხელები შორს აჭარის ტელევიზიისგან“, „მოგვეცით მუშაობის საშუალება“, „ნუ ჩაერევი“, - ამ და მსგავსი გზავნილებით, 17 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის წინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები შეიკრიბნენ.




აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და დედაქალაქიდან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

აქცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გაიმართა.

2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა. მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა.

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე.

„ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის“, - ფიქრობენ ქარტიაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა. 

  
კატეგორია - საქართველო
„საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ – 16 თებერვალს, ბათუმსა და ქუთაისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციები გაიმართა. 17 თებერვალს კი მასშტაბური აქცია თბილისშია დაგეგმილი. ამ აქციებით მონაწილეები თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სარედაქციო დამოუკუდებლობის დაკარგვის უკვე აშკარა ნიშნებს ხედავენ და მოკლე მესიჯით „დაგვეხმარეთ“ - საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

altბათუმში, აჭარის ტელევიზიის შენობასთან, მაუწყებლის თანამშრომლები, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და არხის მაყურებელები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია და ის გუნდი, რომელიც ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვის, მარტო არ უნდა დარჩეს.

ბათუმში გამართულ აქციას ესწრებოდა ნათია ზოიძე, მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც არხს უდირექტორობის პერიოდში, თითქმის ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა. გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ გოგა კოხრეიძეში ან მრჩეველთა საბჭოში კეთილშობილება გაიღვიძებს.


alt„ის, რასაც შეუძლია ეს ადამიანები შეაჩეროს, არ არის მათი სინდისი, ამ ადამიანების შეჩერება შეუძლია საზოგადოების რეაქციას. თუ ამ ქალაქში არის ვინმე ისეთი, ვინც დებს თავს, რომ არის ამ ქალაქის, ამ რეგიონის გულშემატკივარი, არ უნდა დაჯდეს ახლა სახლში მშვიდად, რადგან მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ძალიან ძვირფასი ღირებულება. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ არის მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც აქ მუშაობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამოძრავებს მთელს რეგიონს, მთელს ქალაქს“, – ამბობს ნათია ზოიძე. 

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის
რეალური საფრთხეები

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეები მაუწყებლის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ქმედებებში უკვე აშკარად ჩანს. თავდაპირველად მან ხელშეკრულების პირობები შეუთანხმებლად შეუცვალა პირველ მოადგილეს ნათია ზოიძეს და ამით ის სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა. ნათია ზოიძე იძულებული გახადა არხი დაეტოვებინა. მან ღიად განაცხადა, რომ ეს იყო იძლებითი ნაბიჯი, ვინაიდან, მას აღარ ჰქონდა საქმის კეთების საშუალება.

altმომდევნო ეტაპზე დირექტორი საშტატო განრიგში ცვლილებების გზით, სარედაქციო საქმიანობისთვის კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩამოშორებას აპირებს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას წარმართავენ.

ცვლილებები ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე დირექტორის მოადგილეებს ეხებათ, თუკი მრჩეველთა საბჭო დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგში შესატან ცვლილებათა პროექტს მოიწონებს, მოადგილეების შტატები გაუქმდება.  მათ შორის, გაუქმდება ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატიც, რომელიც ახალი დირექტორის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც დიდი ხანია საუბრობს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

მოჰყვება თუ არა დირექტორის ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ სამი წევრის თანხმობა სჭირდება და თითქმის არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეს თანხმობა იქნება (შეგახსენებთ, ბორდის 5 წევრიდან სამი სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ''ქართული ოცნების'' კვოტით არიან არჩეული) მაია მერკვილაძის სამსახურიდან გაშვება, ჯერ უცნობია. მაია მერკვილაძე 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიცაა.

altთუმცა, ეს ყვეალფერი არ არის. რამდენიმე დღის წინ, 14 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ მაუწყებელში მხოლოდ მაია მერკვილაძეს არ დევნიან.  ჟურნალისტმა მინიმუმ ხუთი ქმედების შესახებ დაწერა, რომელშიც ნათლად ჩანს დირექტორის მიზანი, ჩამოაშოროს არხს კრიტიკული კონტენტის შემქმნელი ადამიანები.

  1.  დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტზე, ამბავი 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა მაუწყებლის ეთერში. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა თამილა დოლიძემ მიმართა.
  2.  შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს – შინაარსში შემოდიან.

  3. დირექტორმა უკვე გააცნო მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილება: აუქმებს მოადგილეების შტატებს. უქმდება მაია მერკვილაძის შტატი – ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი გამოშვების რედაქტორია. ამას სამი (ოცნების) ხმა სჭირდება. მაიას ტოვებენ რიგით რედაქტორად, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება მიმართონ სხვაგან და არა მთავარ ამბებზე. რედაქციის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირის შერყევით, ფაქტობრივად, მიზანი მიღწეული იქნება.

    აუქმებენ სხვა სამსახურების მოადგილეების შტატებსაც.

  4.  „ჰეშთეგში“ მალხაზ რეხვიაშვილს გადაცემის წამყვანობას ედავება, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსია. 

  5. დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. არ გააქვს გარე წარმოებაზე პრიორიტეტით განსაზღვრული გადაცემა, რასაც აქამდე სტუდია REC-ი და ირმა ზოიძე აკეთებდა. ამტკიცებს, რომ ამის მომზადება შიგნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ რა რესურსით, ბუნდოვანია. ცნობისთვის, მიზეზად საარჩევნო წელი და რისკი სახელდება – შემთხვევით, „ნაცებმა“ არ მოიგონ კონკურსიო. 

რეაქციები დირექტორის გადაწყვეტილებებზე
 
altდირექტორის გეგმების გაცხადებისთანავე, მაუწყებელში შექმნილმა ალტერნატიულმა პროფკავშირმა განცხადება გაავრცელა. „ნებისმიერი მცდელობა – დააშინონ თანამშრომლები, დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიაში მიმინარე მოვლენებს 14 თებერვალს განცხადებით გამოეხმაურნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორივე ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე.

„მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს (განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულ წევრებს), შეწყვიტონ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა; ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ დისკუსიისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის არსებული უნდობლობა; ასევე, პასუხი გასცენ ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზიანს აყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას“, - ვკითხულობთ საიას გამოხმაურებაში.

ამავე დღეს, 14 თებერვალს, განცხადება გავრცელდა აჭარაში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა, რაც ამ ეტაპზე აქვს მაუწყებელს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად.

„განსაკუთრებით სასიცოცხლოა ამგვარი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება მოახლოებული, უმნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ყურადღებით დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე მკვეთრად ნეგატიურ პროცესებს და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რათა პროცესები არ გასცდეს დემოკრატიულ ჩარჩოებს.

კიდევ ერთ, მედიაკოალიციის განცხადებაში კი, რომელიც ასევე 14 თებერვალს გავრცელდა, ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა „და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს“.

ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა

alt15 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. იგი წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა და იგი უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება.

ზვიად ქორიძე წერს, რომ სინამდვილეში ბრძოლა მაშინ დაიწყო, როდესაც თანამდებობიდან გადააყენეს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე: „შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია ზოიძეს არჩევა, როდესაც მიიტაცეს ახალი მრჩეველთა საბჭოს მანდატები, როდესაც არხის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი კოხრეიძე, როდესაც შექმნეს თვალთვალის და დევნის გარემო“.

მისი თქმით, დღეს საფრთხის წინაშე დგას საინფორმაციო სამსახურის ყველა პროდუსერი, წამყვანი და ჟურნალისტი, ვინც უარს იტყვის პარტიული და პროპაგანდისტული ტელევიზიისა და რადიოს კეთებაზე. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, დაამარცხოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.

„აჭარის ტელევიზიამ და რადიომ შეძლო, მართლა საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებულიყო, არა მხოლოდ კანონის ჩანაწერით, არამედ თავისი სტანდარტებითა და შინაარსით. ეს ნერვებს უშლის და აფორიაქებს რეაქციონერებს ბათუმშიც და თბილისშიც, რომლებმაც მოიყვანეს რევანშისტული მრჩეველთა საბჭო, რომლებმაც დირექტორად დასვეს გიორგი კოხრეიძე და დაავალეს, დაელეწა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცე“, - ამბობს ზვიად ქორიძე.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და მიუკერძოებლობის პრინციპის გააზრება და არა მხოლოდ ტექსტების გამოთქმით კითხვა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თემატური მრავალფეროვნება და საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვების დასმა და არა მმართველი პარტიის გუნდრუკის კმევა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის შემოქმედებითი თავისუფლების სივრცე და არა მედროვე ადამიანთა სოციალური კეთილდღეობის გარემო, რომლებიც ტაშით მიეგებნენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს და დღეს ჩუმ სოლიდარობას უცხადებენ გიორგი კოხრეიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნგრევის პროცესში.

პოსტტოტალიტარულ სივრცეში საკმაოდ რთულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება. აჭარის ტელევიზია და რადიო ამას ახერხებს. ამიტომ სჭირდება მას დაცვა. ამიტომ ვუჭერ მხარს ბათუმისა და ქუთაისის დღევანდელ აქციებს. ამიტომ გავალ ორშაბათს, 17 თებერვალს, დღის 4 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე“, - წერს იგი.

აქცია თბილისში

17 თებერვალს, ორშბათს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა“, - ვკითხულობთ აღწერაში, რომელიც ქარტიის მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ აქციას ახლავს თან.

ქარტია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ძვირფასია, შეუერთდეს ორშაბათს 16:00 საათზე პარლამენთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას. 17 თებერვალს აქციებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.

alt


რედ.: მასალაში გამოყენებული აქციის ფოტოები ეკუთვნის გამოცემა ბათუმელებს. 
კატეგორია - საქართველო
„რუსთავი 2“ გადაცემა „თავისუფლების მონიტორის“ შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფაქტებით მანიპულირებად აფასებს და ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება არხის რეპუტაციის დაზიანებას ემსახურება და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც გუშინ, 12 თებერვალს, თავდაპირველად „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ საგამოძებო ფილმები, რომლებსაც „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდია “მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ, “რუსთავი 2-ის” ეთერში აღარ გავა.

"რამდენიმე მედიასაშუალებასა და საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2-ის" ეთერში "სტუდია მონიტორის" პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო. გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება ფაქტებით მანიპულირებას, ემსახურება "რუსთავი 2-ის" რეპუტაციის დაზიანებას და წარმოადგენს იმ კამპანიის ნაწილს, რაც არხის წინააღმდეგ ხორციელდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.



განცხადებაში „რუსთავი 2“ წერს, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, რომ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო: „ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა. პროექტის ფარგლებში "რუსთავი 2-მა" ეთერში გაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფილმი, მიუხედავად მათი შინაარსისა. არხს ფილმები მიეწოდებოდა ერთი დღით ადრე და ყოველგვარი მონიტორინგის ან სარედაქციო ჩარევის გარეშე თავსდებოდა ეთერში დაგეგმილ დროს. ამდენად, მითითება, თითქოს რაიმე კონკრეტული ფილმის გამო შეჩერდა პროექტი, მით უფრო, მაშინ, როდესაც კონტრაქტი დასრულებულია, არაკორექტულია“.

„მედიაჩეკერს“, რომელიც ამ ამბის პირველწყაროა, სტატიაში ხაზგასმით არ მიუთითებია, რომ პროექტი ფილმის შინაარსის გამო შეჩერდა. მასალაში აღწერილია ფაქტები, მათ შორის ის, რომ „თავისუფლების მონიტორისთის“ მომზადებული ბოლო ფილმი მაუწყებელში გაიგზავნა, თუმცა ის ეთერში აღარ გავიდა და სწორედ ამ ფილმის სამუშაო ვერსიის გაგზავნის შემდეგ მიიღო „რადიო თავისუფლებამ“ საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე. იქვე დაზუსტებულია, რომ საუბრები პროექტის მომავლის შესახებ გაცილებით ადრე, მაუწყებელში მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლისთანავე დაიწყო.

გავრცელებულ განცხადებაში „რუსთავი 2“ ასევე წერს,“აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლებას" ან "სტუდია მონიტორს" "რუსთავი 2-ის" მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩვენმა არხმა გამოთქვა "რადიო თავისუფლებასთან" სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა, რაც ეცნობა წერილობით ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოსაც“.

ამ ფაქტზე „მედიაჩეკერის“ სტატიაშიც არის საუბარი.

“დაველოდებით ასევე “რუსთავი 2-ს”, მათ ითხოვეს დრო და ჩვენ ველოდებით, თუ წამოვა მათგან რაიმე ახალი წინადადება, შემოთავაზება, მივუბრუნდებით და განვიხილავთ”, - ციტირებს „მედიაჩეკერი“ რადიო თავისუფლების მმართველი რედაქტორის ნინო ჯაფიაშვილის ნათქვამს.

„რაც შეეხება საჯარო სივრცეში გავრცელებულ კომენტარებს, მიუღებელია ფაქტების მანიპულაციაზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი კრიტიკა და არხის რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია იმ პირებისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა, არ გამოხატავდნენ პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე,"- ვკითხულობთ „რუსთავი 2-ის“ განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე გაშვებული ვიდეორგოლის გამო კომუნიკაციების კომისიამ (GNCC) „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისია თვლის, რომ ეს ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამაა და მისი ეთერში განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში არ შეიძლებოდა. "მთავარ არხში"  ფიქრობენ, კომისიამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. 

საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში, 2019 წლის 19 დეკემბრიდან გადიოდა და რომელშიც ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად არის შეფასებული.

ამ ვიდეორგოლის შესახებ თავდაპირველად კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 30 დეკემბერს იმსჯელა და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მაშინ კომისიამ "მთავარი არხი" წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

"6 თებერვალს გამართულ სხდომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ - 5 თებერვალს იქნა ამოღებული. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ამდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში, რომელიც 13 თებერვალს გავრცელდა.

კომისიის განცხადების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეო რგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ დისკრეციული უფლებამოსულება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა.

"მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბარში ამბობს, რომ მაუწყებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

"არ ჯდებოდა ეს კლიპი არანაირ პოლიტიკური რეკლამის დეფინიციაში.  მე ვფიქრობ, რომ მათ განზრახული ჰქონდათ თავის დროზე ჯარიმის დაკისრება", - ამბობს მურადაშვილი. 

მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო: "თავის დროზე გაფრთხილების მიცემა და დავალება, რომ დაუყოვნებლივ ამოგვეღო ფილმი, იყო იმის გამო, რომ მათ არ სიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო კლიპი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა, მაინც, ბიძინა ივანიშვილზე, საერთოდ, გადაბრუნებული და ცუდი სიტყვა არ უნდა გაჟღერდეს ეთერში". 

კატეგორია - საქართველო
საგამოძებო ფილმები, რომლებსაც „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდია “მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ, “რუსთავი 2-ის” ეთერში აღარ გავა. ბოლო ფილმი, რომელიც “თავისუფლების მონიტორმა” მოამზადა და მაუწყებელში გაგზავნა, ბიძინა ივანიშვილის ქონებას და ბიზნესებს ეხება, თუმცა, გასულ შაბათს ფილმი ეთერში აღარ გავიდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” საგამოძიებო ფილმის არგაშვების მიზეზად, “რადიო თავისუფლებასთან” დადებული კონტრაქტის დასრულებას ასახელებენ. “რადიო თავისუფლება” კონტრაქტის გასაგრძელებლად მზად იყო, თუმცა, “რუსთავი 2-მა” გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.

როგორ მზადდებოდა გადაცემა “თავისუფლების მონიტორი”

„რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი გადაცემა „თავისუფლების მონიტორი” „რუსთავი 2-ზე” 2018 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო. ამ იდეის ინიციატორი, თავის დროზე, “რადიო თავისუფლება” იყო. ფილმები “რადიო თავისუფლების” ფინანასური მხარდაჭერით მზადდებოდა, “რუსთავი 2-ის” ხარჯი ამ პროექტისთვის იყო მხოლოდ “ძალიან ძვირიანი დრო”, პრაიმტაიმის პერიოდში, რომელსაც არხი ფილმებს უთმობდა. თავის დროზე, არხის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა მათთვის.

alt“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტების მიერ მომზადებული საგამოძებო ფილმები “რუსთავი 2-ის” ეთერში ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით გადიოდა. 2018 წლის სექტემბერში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მაუწყებლის ეთერში ჯამში 24 ფილმი უნდა გასულიყო.

ფილმები “რუსთავი 2-ის” ეთერში სტაბილურად გადიოდა იქამდე, ვიდრე არხის მფლობელები არ შეიცვალნენ. მას შემდეგ რაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა და არხის მენეჯმენტი შეიცვალა, გადაცემის გაშვება შეფერხდა. იმ პერიოდში ფილმების ეთერში გასვლის თარიღები ასე გამოიყურება:

წყვეტა ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდში რამდენიმე ფაქტორით იყო გათვალისწინებული, მათ შორის საშვებულებო პერიოდი და თავად მაუწყებელში გუნდის წასვლის გამო საინფორმაციო მაუწყებლობის შეფერხება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთთვიანი წყვეტის შემდეგ 25 სექტემბერს “რუსთავი 2-მა” მაუწყებლობა განაახლა, “თავისუფლების მონიტორის” გამოძიებები ეთერში მაინც მხოლოდ ორი თვის შემდეგ, 17 ნოემბერს დაბრუნდა. “რუსთავი 2-ს” ახალი დირექტორი პაატა სალია ხელშეკრულებით დარჩენილი რამდენიმე გადაცემის ეთერში გაშვებას მხოლოდ რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ დასთანხმდა.

გაურკვევლობის პერიოდი

“თავისუფლების მონიტორის” ბოლო (24-ე) საგამოძიებო ფილმი “რუსთავი 2-ზე” 2019 წლის 18 იანვარს გავიდა. ამით კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობა ამოიწურა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა კითხვის ნიშნები, გაგრძელდებოდა თუ არა “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “თავისუფლების მონიტორი”, “რადიო თავისუფლება” მზად იყო ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავის მხრივ, საგამოძიებო ფილმი მოამზადა “სტუდია მონიტორმაც” და ფილმის გასვლამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათს, 29 იანვარს, ტელევიზიას ფილმის სამუშაო ვერსია გაუგზავნა. ფილმი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს შეეხებოდა.

საბოლოო შეტყობინება პროექტის დროებით შეჩერებაზე “რადიო თავისუფლებამ” სწორედ ამ დროს მიიღო.

alt“ოფიციალური შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კონტრაქტს გაუვიდა ვადა და ტელეკომპანიას სჭირდება დრო მოსაფიქრებლად, მოვიდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიისთვის ფილმის შინაარსი უკვე ცნობილი იყო. მათ იცოდნენ რაზე იყო ფილმი და გაგზავნილი იყო წინასწარ ასევე მასალები, რომლებიც სჭირდება ხოლმე პრომო რგოლის მომზადებას”, - ამბობს რადიო თავისუფლების მმართველი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია ირწმუნება, რომ ფილმის შინაარსი გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის. მეტიც, ამბობს, რომ მან ფილმის შინაარსი არც იცოდა და კომუნიკაციაც იქამდე ჰქონდა “რადიო თავისუფლებასთან”, ვიდრე ფილმი მიიღეს, ხუთშაბათს. (შეგახსენებთ, ფილმი მაუწყებელში ოთხშბათს გაიგზავნა).

“ფილმის შინაარსის შესახებ არც მიკითხავს. პირადად ჩემთვის, უცნობი იყო, ამას გეუბნებით დარწმუნებით. თუ აკვირდებოდით “რადიო თავისუფლების” ფილმებს, რომელიც გადიოდა ბოლო პერიოდში “რუსთავი 2-ის” ეთერით, მე რომ რომელიმე ფილმის შინაარსთან რაიმე პრეტენზია მქონოდა, ამგვარ რამეს არ ჰქონია ადგილი, ყველაზე მწვავე შინაარსის ფილმები გასულა “რუსთავი 2-ის” ეთერში. მე მართლა არ მინახავს ეს ფილმი, არ ვიცი, არ უცნობებიათ ჩემთვის რომ მოვიდა. როგორც წესი, ჩვენ წინა დღეს ვიღებდით ფილმის შესახებ ინფორმაციას და თვითონ ამ ფილმს ანონსის მოსამზადებლად. პარასკევს ვიღებდით ხოლმე ფილმს, მე მათთან კომუნიკაცია მქონდა ხუთშაბათს და მართლა არ ვიცოდი იყო თუ არა რაიმე გამოგზავნილი”, - ამბობს სალია.

რატომ შეწყდა გადაცემის გაშვება - მაუწყებლის პოზიცია
 
პაატა სალია ამბობს, რომ “თავისუფლების მონიტორის” ფილმის არ გაშვების ერთადერთი მიზეზი ხელშეკრულების დასრულება და ის სარედაქციო დოკუმენტია, რომელზეც მაუწყებელი მუშაობს:

alt“მას შემდეგ, რაც ამერიკელებს წერილი გავუგზავნე (იგულისხმება USAGM - ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო, რედ.) დამიკავშირდა ნათია ზამბახიძე და მითხრა, რომ აპირებდნენ ფილმის გაშვებას. ამაზე ჩემი პასუხი იყო, რომ ხელშეკრულების გარეშე რაიმე პასუხისმგებლობის აღება არ შემიძლია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ამ ფილმების სარედაქციო ნაწილში ჩვენი ტელეკომპანია არ ერევა, ზეგავლენა არ გვაქვს და, შესაძლოა, ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ისეთი რამ მოხდეს ჩვენს ეთერში, რაზეც შემდეგ ჩვენ მოგვიწიოს პასუხისმგებლობლობის აღება, ჩვენ კი არ გვექნება ბერკეტი შემდგომ სხვას მოვთხოვოთ ამაზე ზიანის ანაზღაურება. სწორედ ამ მოსაზრებით, თავი შევიკავეთ ამ ეტაპზე და ვთქვით, რომ გარკვეული პერიოდის მერე, როცა დასრულდება ჩვენი შიდა ცვლილებები, რასაც ვაპირებთ არხზე, ამის შემდეგ აუცილებლად დავუბრუნდებოდით” ,- ამბობს პაატა სალია.

კითხვაზე, რას გულისხმობს ფილმების სარედაქციო ნაწილში ჩარევის შეუძლებლობის არქონაზე და კონტრაქტის განახლების შემთხვევაში, შინაარსში ჩარევის უფლების მოთხოვნა ხომ არ განიხილება, პაატა სალია გვპასუხობს, რომ “ჯერჯერობით არაფერს არ ვამბობ, იმიტომ, რომ საკითხი არ არის გადაწყვეტილი”

რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს მომხდარი

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2-ის” მსგავსი არგუმენტები თითიდან გამოწოვილი მიზეზებია, რათა საგამოძიებო მასალები არხის ეთერში აღარ გავიდეს:

“ცოტა უცნაურია “რუსთავი 2-ის” ასეთი არგუმენტაცია. მგონია, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა. პროდუქტი როდესაც მიაქვს “რადიო თავისუფლებას”, იგი იღებს პასუხისმგებლობას ამ ფილმების ეთიკურ ხარისხზე. თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ “რადიო თავისუფლების“ პროფესიონალიზმსა და ეთიკის სტანდარტს, მგონია, რომ აქ უკვე იმაზე კი არ არის ლაპარაკი, კონტრაქტის პირობები როგორი იქნება, არამედ, უბრალოდ არ გინდა ის პროდუქტი, რომელსაც “რადიო თავისუფლება“ გთავაზობს ეთერში”, - ამბობს იგი.

“რადიო თავისუფლება” და სტუდია “მონიტორი” კონკრეტული შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ:

“ისე მოხდა, რომ კონტრაქტი ნამდვილად დასრულდა, თემაც წინასწარ იცოდნენ და დანარჩენი ყველაფერი არის მსჯელობის და შეფასების ამბავი და ამ ეტაპზე ჩვენ ამ შეფასებებში არ შევდივართ”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი კი დასკვნების გამოტანას აუდიტორიას ანდობს: “შეფასებები თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ. რომ არ ყოფილიყო კონტრაქტი დასრულებული, მყისიერად გიპასუხებდით ჩემს პასუხს. მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ შეფასებებისგან.”

სად გავა “თავისუფლების მონიტორი”

“თავისუფლების მონიტორის” გადაცემა შაბათს, 15 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულაზე” გავა.

ნინო ჯაფიაშვილის თქმით, საგამოძიებო ფილმების გასაშვებად სხვა მაუწყებლის ეთერის გამოყენება გადაცემის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღეს:

“ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დავასრულეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას “ფორმულასთან”, რომელსაც ასეთი ტიპის პროდუქტი არ აქვს და ამიტომ ორივე მხარისთვის საინტერესო იყო ეს წინადადება - მათთვისაც და ჩვენთვისაც, როგორც მზარდ მაუწყებელთან თანამშრომლობა… ჩვენ შეგვეძლო დავლოდებოდით “რუსთავი 2-ს”, მაგრამ, ჩავთვალეთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულიყო ეს გადაცემა ეთერში. რადგან მნიშვნელოვანი გადაცემაა”.

მისივე თქმით, “რადიო თავისუფლება” კვლავ დაელოდება “რუსთავი 2-ის” შემოთავაზებას: "“დაველოდებით ასევე “რუსთავი 2-ს”, მათ ითხოვეს დრო და ჩვენ ველოდებით, თუ წამოვა მათგან რაიმე ახალი წინადადება, შემოთავაზება, მივუბრუნდებით და განვიხილავთ”.


***

საგამოძიებო გადაცემა “თავისუფლების მონიტორის” ფარგლებში მმომზადდა ფილმები ისეთ თემებზე, როგორიცაა: კორუფციული გარიგებები, ნეპოტიზმი, სასამართლო სისტემის პრობლემები, ჯანდაცვის სფეროს ხარვეზები, ჩინოვნიკების მილიონები და ასე შემდეგ.

გადაცემა “თავისუფლების მონიტორს” არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა “ქარტიის პრიზი 2019” და “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2019" საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტისთვის.

  • პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა ფილმი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ