12 დეკემბერს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ჟურნალისტებს პროფესიული
საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. მანდატურებმა მედიის
წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომათა დარბაზი
ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ჟურნალისტებისთვის
საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის წესით დასჯადი
ქმედებაა,
“მედიაჩეკერი”
დაინტერესდა, დაიწყო თუ არა პარლამენტში მომხდარზე მოკვლევა,
თუმცა, ამ დროისთვის (მომხდარიდან რამდენიმე საათში), უწყებიდან
პასუხი არ გვაქვს.
იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს ახალი
მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, პროტესტის ფონზე
მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 5 წუთიანი
ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მედიას დარბაზის დატოვებისკენ
მოუწოდა. თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, მანდატურებმა ჟურნალისტებს
და ოპერატორებს სხდომათა დარბაზი
ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
კადრებში ჩანს, რომ მანდატურებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
გამოცემა “ტაბულას” ჟურნალიტ თიკო ერაძეს, რომელიც სხდომათა დარბაზში
მიმდინარე პროცესს აშუქებდა. თიკო ერაძემ “TV პირველთან”
ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჟრუნალისტებზე
ძალადობის ფაქტს თვალს ადევნებდნენ უმრავლესობის დეპუტატები და მათ
არაფერი მოუმოქმედებიათ:
“ჟურნალისტები ვაშუქებდით
იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც იყო სიტყვიერი დაპირისპირება
ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატებს შორის. მივედით სინქრონების
ჩასაწერად. უცებ, წამიერად მანდატურები დაირაზმნენ და დაიწყეს ძალის
გამოყენებით ჟურნალისტების და ოპერატორების გამოყვანა სხდომათა
დარბაზიდან. რაც მთავარია, ეს ხდებოდა უმრავლესობის დეპუტატების
თანდასწრებით. ხედავდნენ, რომ გვცემდნენ და ძალის გამოყენებით
გამოვყავდით დარბაზიდან, არანაირი მსგავსი მოწოდება, რომ ნუ ძალადობთ
ჟურნალისტებზე, მათი მხრიდან არ ყოფილა”.
საპარლამენტო კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევებას “საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”
გამოეხმაურა. ქარტიის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა
დაუშვებელია: “ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტში დღეს
მომხდარი ფაქტით, დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა,
ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე
დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი,
ბუნებრივი იყო”.
ქარტიამ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის
სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი
რეაგირება.
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე
განცხადება გაავრცელა “საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველომაც”.
“მმართველი პარტია უნდა იაზრებდეს მედიის როლს და ფუნქციას და
ვალდებულია, შეუქმნას ჟურნალისტებს გარემო, სადაც ექნებათ კანონით
გარანტირებული პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“ წევრებს,
უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული
უფლების განხორციელება”, - ვკითხულობთ
განცხადებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტისთვის
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას კრძალავს. კანონში
განმარტებულია, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ისჯება:
“ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე
იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი
გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი
ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით კი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”
მომხდარის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში ყველა
კანონის შესაბამისად მოქმედებდა: “მე უზრუნველვყავი და მანდატურებმაც
უზრუნველყვეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში და
გაეშუქებინათ ეს პროცესი ბოლომდე. ამიტომ, თუკი რაიმე გაურკვევლობა
მოხდა, ამას გავარკვევთ, თუმცა არავინ არავის არ უნდა გადააბრალოს.
ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად და იცავდა კანონს”.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო
კილაძე კი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზიდან მედიის “შეუსაბამო
ფორმით” გაყვანას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს:
“ის რაც დღეს იურიდიულ კომიტეტზე მოხდა ჟურნალისტების მისამართით,
არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხეთ ამ
ძალადობის თავიდან აცილება. შექმნილი არეულობიდან გამომდინარე,
შეუძლებელი იყო სიტუაციაში სათანადოდ გარკვევა. ვფიქრობ, უსამართლოდ
და შეუსაბამო ფორმით მოხდა მედიის დარბაზიდან გაყვანა. ამაზე უნდა
მოხდეს შესაბამისი რეაგირება”.
“მედიაჩეკერი” დაინტერესდა, დაიწყო თუ არა მომხდარზე მოკვლევა
პარლამენტში. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში,
რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ, გვითხრეს, რომ პარლამენტში
არსებული ვითარების გამო (იგულისხმება რაღაც ნივთიერების დასხსმის
შემდეგ განვითარებული მოვლენები. რედ.), ახლა ამ საკითხზე კომენტარის
გაკეთება არ შეუძლიათ და ინფორმაციას დღეს საღამოს მოგვაწვდიან.