ქართულ სამთავრობო მედიაში
ანტიდასავლური განწყობები
მკვეთრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ.
ქართული მედიის
კიდევ ერთი პრობლემაა
პოლარიზება და ეს წერია კიდეც ევროკავშირის 2022 წლის
ანგარიშში, ქართული მედიაგარემოს შეფასებისას.
ამ სტატიის მიზანია:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრდაზვერვითი
საქმიანობის მიხედვით შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით,
ვცადოთ, გავაანალიზოთ, რა ფაქტორებსა და პროცესებს შეეძლო
წაეხალისებინა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ასეთი მკვეთრი
ზრდა.
- და ისიც, რამდენად საზიანოა პოლარიზება სახელმწიფო უსაფრთხოების
თვალსაზრისით, რადგან სუს-ის 2015/21 წლების დოკუმენტების მიხედვით,
ქართული საზოგადოების პოლარიზება, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის
ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის მიზნების
ნაწილია.
რას ნიშნავს პოლარიზება და რატომ უნდა მივისწრაფოდეთ
დეპოლარიზებისკენ?
- პოლარიზება ნიშნავს საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირების მიზნით,
და ამ პროცესის წაქეზებას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების
პოზიციებში სხვაობის გაზრდით — რაც საქართველოში, რუსეთის
ერთ-ერთი პრიორიტეტული და ძირითადი მიზანია.
სუს-ის დოკუმენტებში წერია, რომ:
"საქართველოში, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი
ამოცანებია:
- ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების
გაღვივება;
- მოსახლეობის მხრიდან ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ არაერთხელ
გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, სხვადასხვა
დეზინფორმაციული თუ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით,
მოსახლეობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის
გაღვივება, დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების დაკნინება და
საპირწონედ, ცალკეული ქვეყნების ინტერესებს მორგებული
მსოფლმხედველობის გავრცელება;
- საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის
იმიჯის შელახვა;
- ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა,
რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და
მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია" [სუს-ის
ყოველწლიური ანგარიში, 2017 წელი].
პოლარიზება, როგორც სახელმწიფო უწყებისგან
ოფიციალურად აღიარებული
ეროვნული საფრთხე, რუსეთის
მიერ წაქეზებულ პროცესში, "ჰიბრიდული" და "საინფორმაციო ომის"
ტაქტიკებს აერთიანებს.
რას ნიშნავს "ჰიბრიდული ომი"?
სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სხვადასხვა მეთოდების,
და მათ შორის,
საინფორმაციო საშუალებების,
კოორდინირებულად მოქმედების ერთობლიობა.
- სუს-ის ანგარიშების მიხედვით, რუსეთია ის
ქვეყანა, რომელიც საქართველოს ოკუპაციის ფარგლებში აქტიურად იყენებს
საქართველოს წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" ინსტუმენტებს.
რატომ?
სუს-ის თანახმად: "საქართველოს სახელმწიფო
ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში ნიჰილიზმის, პესიმიზმის
დათესვისა და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლების
შექმნის მიზნით".
"საინფორმაციო ომი" კი, განიმარტება, როგორც:
მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოსაპოვებლად, თანამედროვე
ინსტრუმენტების — კიბერ- თუ
სატელეკომუნიკაციო გზების
გამოყენება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით.
- სუს-ის ანგარიშებში, ისევ რუსეთი სახელდება
ქვეყნად, რომელმაც დეზინფორმაციული მიზნებისთვის, მაგალითად, 2020
წლისთვის მზარდ ტენდენციად აქცია "იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული
კამპანიების წარმოებისას ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ
შორის, სხვადასხვა ონლაინ-აპლიკაციების გამოყენება."
- 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა, ამ
განზრახვისთვის გამოიყენა "გარკვეული ჯგუფები, რომლებიც
პატრიოტული მოტივებით აპელირებდნენ და პოპულისტური
მოწოდებებით რადიკალურ შეხედულებებს ავრცელებდნენ ეთნიკურ, თუ
რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით".
ზოგადად, ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის რუსული ტაქტიკები, მათ შორის
გულისხმობს ისტორიის გაყალბებას და საზოგადოებაში იმ შეთანხმებული
პრინციპების დაზიანებას, ჩამოშლასა და სრულიად "ამოყირავებას", რაც
ქვეყანას - სახელმწიფოდ აქცევს.
ამ სურათში კი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა,
საზოგადოებამ დაკარგოს
ფოკუსი იმის განსაზღვრისას, რეალურად, ვინ არის მტერი და ვინ —
მოყვარე.
"სპეცრეპორტაჟი: მშვიდობის მტრები" — ასე
ქვია 9-წუთიან სიუჟეტს, რომელიც "იმედის კვირაში" 2023 წლის 15
იანვარს გავიდა.
არხი, რომლის ახალი ამბებისა და პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების
რეიტინგებთან ახლოსაც კი ვერ მიდის რომელიმე სხვა კონკურენტი,
რაც მაყურებელზე ძალიან დიდი გავლენის მანიშნებელია,
საქართველოს რიგით მოქალაქეს
მტრად განუსაზღვრავს უკრაინელ
მაღალჩინოსნებს, რომლებსაც "საქართველოს ომში ჩართვა სურთ",
და სიუჟეტის ავტორი უკრაინელებს, ამ რეპორტაჟის ამგვარი დასათაურებით,
მოურიდებლად დაასვამს მშვიდობის მტრების დამღას, სათქმელში კი,
"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს დაიმოწმებს.
შედეგად, ტელემაყურებელი დაიმახსოვრებს უკრაინელს, როგორც "მტერს",
ვისაც "ომი უნდა", რადგან "იმედს", ამ სიუჟეტში მაყურებელისთვის ერთი
სიტყვითაც კი არ შეუხსენებია ნამდვილი ამბები საქართველოს რეალურ
მტერზე.
- "ჩვენ, იმ ევროპის დედაც ვატირეთ, სადაც შესვლის ბილეთი
არის მიშას გაშვება და სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას
ითხოვენ", — ამ სიტყვებით დაიწყო სამთავრობო და ამავდროულად, ანტიდასავლური
"ხალხის ძალის" ღიად მხარდამჭერი არხის, "პოსტივის" ყველაზე
რეიტინგული გადაცემა, "სამნი და კო", მას შემდეგ, რაც 2023 წლის 15
თებერვალს ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია,
რომ "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფუნდამენტური როლი სააკაშვილის
დაკავებაში".
არსებითად, "სამნი და კო"-ს წამყვანებმა გაიმეორეს
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასება ევროპარლამენის რეზულუციისას,
როდესაც თქვა, არ მოგვცემენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
და თავისთვის დაიტოვონო. ამ გზავნილის ხელისუფლების, ან მათთან
დაკავშირებული მედიაპერსონებით ტირაჟირება არის უარყოფითი განწყობების
დანერგვა ქვეყნის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებული ევროკავშირის
მიმართ.
პრობლემაა, რომ:
- ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია იმის, თუ როგორ განაწყობს მედია
საკუთარ ტელემაყურებელს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მიზნებისა და
მისწრაფებების წინააღმდეგ.
- ერთ შემთხვევაში მიზანი რეალური მტრის იგნორირება და მხოლოდ
მოქმედი მთავრობის ინტერესით, "მშვიდობის მტრად" არა აგრესორი
რუსეთის, არამედ, ომში მყოფი ქვეყნის გამოცხადებაა;
- მეორე შემთხვევაში კი, მიზანია ევროსკეპტიციზმის დათესვა, რაც
ცხადია, ზრდის პოლარიზებას, რადგან საქართველოს დეკლარირებულ დასავლურ
საგარეო კურსს მოსახლების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს.
ამ მოცემულობის და, სუს-ის მიერ რუსეთისგან მომავალი საფრთხეების
ანალიზი გვიჩვენებს, რამდენად თანხვედრაში შეიძლება იყოს
სახელისუფლებო მედიის ნარატივი მტრულად განწყობილი ქვეყნის ზრახვებთან
— ნებსით, თუ უნებლიედ.
როგორ განისაზღვრება, ვინ არის სახელმწიფოსთვის
მოკავშირე?
- საქართველოს კონსტიტუციით.
"კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის
უზრუნველსაყოფად", — წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.
- საქართველოს პარტნიორებად განსაზღვრავს ამერიკის
შეერთებულ შტატების მთავრობას, ნატოს, ევროკავშირსა და სხვა დასავლურ
ინსტიტუციებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, მის
მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშებში, რომელიც 2015 წლიდან ქვეყნდება.
როგორ განისაზღვრება, ვინ არის მტერი?
სახელმწიფო ამას კონტრდაზვერვითი საქმიანობით ადგენს, იკვლევს და
აანალიზებს ქვეყნის უსაფრთოების საფრთხისშემცველ სიგნალებს და
ეფექტური რეაგირების სამოქმედო გზებს ეძებს.
სუს-ის 2015/2022 წლებში მომზადებული ანგარიშების
მიხედვით,
- ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად არის მოხსენიებული საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხისშემცველად, შესაბამისად,
საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილად,
რუსეთია.
რა მიზანი აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით?
სუს-ი, 2021 წლის ანგარიშში ამბობს, რომ:
- რუსეთის მიზანია არამხოლოდ ოკუპაცია, არამედ უკვე ოკუპირებული
რეგიონების ანექსია (*ქვეყნის ტერიტორიის, ან მისი ნაწილის მითვისება
ძალით, ან მისი გამოყენების მუქარით.);
- ამას გამოიყენებს საქართველოში არასტაბილური გარემოს
შესაქმნელად;
- რომ ამ მიზანმა დააზიანოს ქვეყნის იმიჯი და შეაფერხოს ეკონომიკური
განვითარების პროცესი.
2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქართულ პოლიტიკასა თუ
მედიაში გამძაფრებული ანტიდასავლური ისტერიის ფონზე,
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ:
- "[...] 2021 წელს, საქართველოში დეზინფორმაციული კამპანიების
მთავარ სამიზნეს კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი
წარმოადგენდა.
- ყალბი ამბებისა და გამოგონილი ისტორიების გავრცელებით,
მიმდინარეობდა საქართველოს მოსახლეობაში ქვეყნის სტრატეგიული
პარტნიორებისა და მოკავშირეების დისკრედიტების მცდელობები",
— წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის
ანგარიშში.
ამავე, 2021 წლის ანგარიშში უწყებამ დაწერა,
რომ:
- "საქართველოზე ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად, კვლავ
აქტუალური იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების
წარმოება",
და რომ:
- "უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საკუთარი
ხელისუფლების პოლიტიკური კურსის პროპაგანდას, საქართველოში მიმდინარე
მოვლენებზე ინფორმაციის შეგროვებას და პროცესებზე გავლენის
მოსახდენად, შესაბამისი რესურსის გაზრდას."
ასევე:
- უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გამუდმებით ცდილობენ,
არალეგალური გზებითაც მოიპოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია,
შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების
სტრუქტურებში და მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე,
გადაიბირონ, ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, ქვეყნის პოლიტიკაზე
ზეგავლენის მიზნით.
5 ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ
სუს-ის ანგარიშებით, "ჰიბრიდული ომისას" გამოიყენება:
- საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები — "სხვა
ინსტუმენტებთან ერთად, აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ
რუსეთის ფედერაცია", — დასძენს სუს-ი, 2019 წლის ანგარიშში.
ასევე:
- ე.წ. საინფორმაციო ომი;
- ე.წ. რბილი ძალა;
- ეკონომიკური ბერკეტები;
- ფარული ოპერაციები.
კიდევ როგორ მუშაობს საინფორმაციო ომის სქემა საქართველოს
წინააღმდეგ?
კონტრდაზვრევის მიხედვით,
"რბილი ძალისა" და ფარული
ოპერაციების გამოყენებითაც:
- ე.წ. დონორი ორგანიზაციები, ანტიდასავლური პროპაგანდის
გავრცელებისთვის აფინანსებენ დესტრუქციულ ჯგუფებს
2021 წლის ანგარიშში წერია, რომ სუს-მა გამოავლინა
უცხო
ქვეყნის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ასეთი
არაერთი
ჯგუფი, ისევე, როგორც საზღვარგარეთ მოქმედი "დონორი
ორგანიზაციები", არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს
უწყობდნენ საქართველოში ისეთი ორგანიზაციების დაარსებას, რომელთა
მიზანი
ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებაა.
იმის დასადგენად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, რომელ
სოციალურ ჯგუფებზე უკეთ იმოქმედებდა უცხო სპეცსამსახურების
“ზეგავლენის ოპერაციები”, სოციალოგიურ კვლევებს აწარმოებენ.
- ფსევდოპატრიოტული ნარატივი
სოციოლოგიური კვლევებით აიდენტიფიცირებენ მოსახლეობისთვის სენსიტიურ
საკითხებს, რათა შემდეგ მართონ, ან ჩაერიონ ისეთ პროცესებში, რომელიც
ქვეყანაში ფსევდოპატრიოტულ, დესტრუქციული პროცესების განვთარებას
შეუწყობს ხელს.
სუს-ი წერს, რომ 2021 წელს, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა
ორგანიზაციები, რომლებიც მსგავსი მიზნებით
სხვა ქვეყნებშიც
მოქმედებდნენ, და ასევე, საქართველოში მათთან დაკავშირებული
სუბიექტები, რომლებიც ხელს უწყებდნენ ქართულ საზოგადოებაში
შუღლისა და სეპარატისტული განწყობების
გაღვივებას.
მათ შორის არიან, მათდამი ლოიალურად განწყობილი:
- კულტურის სფეროს წარმომადგენლები;
- ექსპერტები;
- პოლიტოლოგები;
- ბიზნესსექტორის წარმომადგენლები;
- სტუდენტური ჯგუფები;
- სამოქალაქო აქტივისტები;
- "ჰუმანიტარული პროექტები".
უწყება ამბობს, რომ 2021-ში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს
წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" ელემენტების გამოყენებით დაგეგმილი
ღონისძიებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომებიც მიიღეს.
საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ამ და სხვა ღია, თუ
ფარული ოპერაციების ერთობლიობა შედეგად ქმნის პოლარიზებას, დაყოფას,
რაც მტრულად განწყობილ ქვეყანას უმარტივებს საზოგადოებრივი აზრის
ფორმირების პროცესს.
რა შეამცირებდა პოლარიზებას?
რუსული დეზინფორმაციით საზოგადოებების პოლარიზების მცდელობები
არამხოლოდ საქართველოს, ევროპული ქვეყნების ტვირთიც არის. ჰიბრიდულ
ომთან გამკლავების ტაქტიკები კი, გაყალებებული ამბებისა და
გაყალბებული ისტორიების მხილებითა და სიმართლის გავრცელებით
აღიწერება, თუმცა საამისოდ,
პოლიტიკური ნებაა
საჭირო.
პროცესს დაეხმარებოდა ისიც, რომ მედიები, იმის მიუხედავად, რომელ
პოლიტიკურ პარტიის ინტერესს ემსახურებიან, უფრო ხშირად შეახსენებდეს
საზოგადოებას არამხოლოდ იმ საკითხებზე, რაც გვყოფს, არამედ იმასაც,
რაც გვაერთიანებს, მით უფრო ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, რაც ჩვენ,
როგორც საზოგადოებას - სახელმწიფოდ გვაქცევს, დეკლარირებული გვაქვს
კანონებში, ოფიციალურ დოკუმენტებში და რაც მთავარია,
საქართველოს კონსტიტუციაში.
მათ შორის, ჩანაწერები კონსტიტუციაში, რომ:
- "ჩვენი, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ
დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება,
სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის
საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი".
- "ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია
დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური
კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების,
სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით."
- "მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა
დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი
ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის
უფლება".